
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა. ბოიკო ბორისოვმა ხაზი გაუსვა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის როლს და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პროცესში საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, იყვნენ ლიდერები ამ ინიციატივაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნებისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. არსებობს ირანთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების პოტენციალი. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო და ბულგათი ენერგომატარებლების სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბდნენ, რაც ჩვენს ეკონომიკებზე დადებითად აისახება, რადგან ამით ბუნებრივი აირის ფასი შემცირდება“,- განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.
ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა დღეს ხელმოწერილი მემორანდუმების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.












