შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ, გვიან ღამით, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი მოინახულა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მინისტრი პეტრიაშვილთან პალატაში იმყოფებოდა, სადაც მას გაესაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.