განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, თუმცა არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ.
ასე ეხმაურება სანიკიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შედეგების მიხედვით, მასწავლებელთა 85 %-მა პროფესიული გამოცდები ვერ ჩააბარა.
“შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო, მაგრამ უკეთესი მოლოდინი არ იყო, გამომდინარე იქედან, რომ წინა წლებიდან მოყოლებული არსებობს პრობლემა. სახელმწიფომ სისტემა თავიდან ბოლომდე შეცვალა. შეიქმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა მასწავლებელს თანაბრად ექნება საშუალება, საჭიროებებზე მორგებული გადამზადება გაიაროს. ეს სისტემა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პირველად 2016 წლის ზამთარში ჩატარდა ტესტირება. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ტესტის ჩაბარების უფლება მასწავლებელს აქვს კიდევ სამი წლის განმავლობაში და წელიწადში ორჯერ გადამზადების კვალდაკვალ ისინი შეძლებენ, ჩააბარონ ტესტი”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე თქმით, დაწვრილებით იქნა გავლილი გამოცდების შედეგები და საკმაოდ ბევრია იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებსაც დააკლდათ ნახევარი ან ერთი ქულა. მინისტრის თქმით, “ისინი პოტენციურად შემდეგ გამოცდებზე ჩაბარების კანდიდატები არიან”.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საგნობრივ გამოცდაში სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა.