„ყველა ერჩის ძველ თბილისს. აქ სურთ საკუთარი ფანტაზიების განვითარება. წინა ხელისუფლების დროს აგებული შუშის შენობებიც ამახინჯებს ქალაქის ძველ უბანს,“ -ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ სკანდალზე ისაუბრა საკრებულოს თავისუფალმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრაზე“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში.
“თბილისში გამწვანების კოეფიციენტი კატასტროფულად დაბალია.ზღვარზე 5-ჯერ გადაჭარბებულია მტვრის ნაწილაკები. ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცე იქნება 5-6 კვადრატი. მაშინ როდესაც ევროპაში სტანდარტი არის ერთ მოქალაქეზე 50 კვადრატული მეტრი.
მწვანე სივრცეები შაგრენის ტყავივით ქრება. დარჩენილი იყო მხოლოდ ბოტანიკური ბაღი და მის გარშემო მდებარე ტერიტორია. ეს იყო ყველას საკუთრება, თითოეული მოქალაქის ქონება და დღეს გახდა ერთი ადამიანის. მუშტაედი იყო ირანელი კაცი, რომელმაც ქალაქს აჩუქა ბაღი. ქართველი ბიძინა ივანიშვილი კი პირიქით თავისი ახირებების გამო ბაღს ღობეს უკეთებს.
მე მაქვს პრეტენზია თბილისის მერთან და არა მდიდარ კაცთან, რომლის ახირებაც არის მთავარი პრობლემა. მილიონი ხე კი არ დარგეს,სადღაც ჩაარჭვეს ჯოხები და ამაში უამრავი ფული გადაიყარა. დავით ნარმანიამ ანგარიში უნდა ჩაგვაბაროს. მან კბილებით უნდა დაიცვას ქალაქის ინტერესები. ახლა რაც ხდება სწორედ ჩვენი ინტერესების დარღვევაა,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე