„ბიძინა ივანიშვილი, დღემდე იყო ძალიან წარმატებული ადამიანი, რადგან „ქართული ოცნება“ მისი გუნდია. დღეს წარმატებულად ვერ ჩავთვლი,“ – ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსზე“, გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.
„მე ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო პირადად არაფერი მაქვს. მაგრამ, ის რეალობას მოწყვეტილია, არ იცის რა ხდება დღეს საქართელოში. მთელი ქვეყანა, რომ ფეხით ჩამოიაროს სულ სხვა წარმოდგენა შეექმნება.
ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში მოუმზადებელი შემოვედი და ველოდი, რომ აქაც ისეთივე ტაში იქნებოდა. როცა პოლიტიკაში მოდიხარ, იცი რატომ მოდიხარ, ვინ უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას. სკამები უნდა დატოვონ და ისინი, ასე ადვილად არ დატოვებენ. მხარდაჭერა ჩვენს მიმართ გაიზარდა, ვეღარ ავუდივართ ხალხის რაოდენობას, რომლებიც წევრიანდება ჩვენს პარტიაში. ამაზე ჩემი წარსულიც მოქმედებს, მე არასოდეს მომიტყუებია ხალხი. 9 წელი, მე ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და ვერავინ მოისმენდა, რომ მე მექო ის მთავრობა.
როდესაც „საქართველოს განვითარების ფონდი“ შევქმენით, თემატური ჯგუფების მიხედვით დავალაგეთ ხერხები. თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ქვეყანა, ეს გეგმა წარვუდგინეთ მთავრობას, მაგრამ მათ არ მოისურვეს თანამშრომლობა. ეს გეგმა ახლაც გვაქვს და ამ გეგმით წავიყვანთ წინ ქვეყანას, როცა მოვალთ ხელისუფლებაში. მთავრობამ ვერ მონახა ან არ მონახა დრო ჩვენთან შესახვედრად. ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ჩემი საარჩევნო გზავნილი იქნება, გულს ნუ გაიტეხთ ყველაფერი კარგად იქნება,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მანანა ღოღობერიძე












