„ჩვენ ნაკისრი ყველა ვალდებულება შევასრულეთ. მიღწეული პროგრესი აღიარებული იქნა ევროკომისიის და წევრი ქვეყნების მხრიდან. ახლა უკვე ჯერი არის ევროკავშირზე, პირველ რიგში ეს არის ევროსაბჭო და ევროპარლამენტი“. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „ GDS”-ზე,გადაცემა „2030“-ის ეთერში ისაუბრა.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დავადასტურო, რომ გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებს. რეგიონში ლიდერად მოვიაზრებით, შესაბამისად კითხვები არ არსებობს. ყოველგვარი მცდელობა, რომ ეს დაბრალდეს საქართველოს მთავრობას, არის მიზანმიმართული ქმედება პროცესის დასაზიანებლად.
გიორგი კვირიკაშვილსა და ანგელა მერკელს შორის საუბარი შედგა. რა თქმა უნდა საუბრის მთავარი თემა იყო ევროინტეგრაცია, პირველ რიგში ვიზალიბერალიზაციის საკითხი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა ამ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას. გერმანიაში ვიზიტიც იგეგმება, სადაც ამ თემაზე საუბარი გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე. ახლახანს გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან.
ევროკავშირისთვის სერიოზული პრობლემაა მიგრაცია. ეს კრიზისი დიდ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე. აქედან გამომდინარე მიმდინარეობს მსჯელობა. ითვალისწინებენ სხვა დამატებით რისკებსაც, თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველოსთან მიმართებაში ეს გადაწყვეტილება იქნება დადებითი. შიდა დაზღვევის საკითხებია მნიშვნელოვანი და ეს საქართველოს არ უკავშირდება. პარალელურად სხვა ქვეყნების ვიზალიბერალიზაციის პროცესიც განიხილება. ჩვენი მოთხოვნაა საქართველო შეფასდეს საკუთარი მიღწევების შესაბამისად. უნდა მოშორდეს კონტექსტი, რომ დაკავშირებულია სხვა ქვეყნებთან,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მანანა ღოღობერიძე














