
,,17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს მოხდა. მე იღბლიანი მამაკაცი აღმოვჩნდი, რადგანაც შევხვდი ისეთ ადამიანს, რომელსაც იგივე მიზნები, მუხტი და სურვილები აქვს, როგორიც მე. ჩვენ 4 შესანიშნავი შვილი გვყავს და მე მათ ამაზე მოსიყვარულე დედას ვერც ვუსურვებდი. ბედნიერი წლისთავი. მიყვარხარ”- ასე ულოცავს 40 წლის ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი თავის მეუღლეს ქორწინების მე-17 წლისთავს.
მიუხედავად იმისა, რომ ტაბლოიდები ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად იწერებოდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და გლამურული წყვილის შესახებ, როგორც ჩანს, ჭორები არ გამართლდა.
ცნობილია, რომ 1996 წელს ბექჰემი საქართველოს, თბილისს ესტუმრა, რათა საქართველოს ნაკრებთან ეთამაშა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო მატჩი. თავად ფეხბურთელი იხსენებს, რომ საუკეთესო მეგობართან ერთად გარი ნევილთან ერთად იწვა სასტუმროს ნომერში, როდესაც ტელევიზორში იხილა ‘Spice Girls’-ის ახალი ვიდეო ‘Say You’ll Be There’ და თვალი მოკრა ვიქტორიას. გარის კი მიუბრუნდა და უთხრა, რომ სწორედ ეს ქალი უნდა ყოფილიყო მისი მეუღლე. რამოდენიმე თვის შემდეგ მათ ერთმანეთი გაიცნეს და ურთიერთობაც გააბეს.
ნატალია ჯალაღონია














