სექტემბრიდან თბილისში ახალი, ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის. შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „Man Truck and Bus AG“-სთან ხელი დღეს მოეწერა.
ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 7 თვისა თბილისის ავტოპარკი ჯამში, ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება. ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით, რაც დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.











