“კონსულტაციები დაწყებულია, რამდენიმე დღეში შეიკრიბება პარტიის პოლიტიკური საბჭო და კონკრეტულად,დეტალურად იქნება განხილული კანდიდატურები. ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა აქაც განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია”. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის თანმდევ საფრთხეებზე და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში”ისაუბრა.
“მთავრობის ჩამოყალიბებაზე, თუ ვინ რომელ სამინისტროს ჩაიბარებს, რა თქმა უნდა კონსულტაციები უახლოეს მომავალში იქნება. სადაც ქვეყანას და გუნდს დავჭირდები, მზად ვარ ყველა მიმართულებით ჩემი მაქსიმალური გავაკეთო. ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არ შეესაბამება სიმართლეს, ეს ერთ-ერთი ჭორია.
მივესალმები ირაკლი კობახიძის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ამაზე საუბარი გუნდში აქტიურად მიმდინარეობს. ის ძალიან განათლებული და თავისი საქმის პროფესიონალია. მან ეს პარტიაში მუშაობისას ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარეები არ იბადებიან, ადამიანებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა. როდესაც ვინიშნებოდი ენერგეტიკის მინისტრად მაშინაც საუბრობდნენ სად კახალაძე და სად ენერგეტიკა.თუმცა მეც და ჩემმა გუნდმაც შესაძლებლობები კონკრეტული საქმეებით დავამტკიცეთ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თუ გუნდი არჩევანს ირაკლი კობახიძეზე შეაჩერებს, ის იქნება ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელი.
პარტია “ქართული ოცნება” არ აპირებს თავის გემოვნებას მოარგოს კონსტიტუცია ისე, როგორც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ”. თუ კონსტიტუციის შესწორებაზე იქნება საუბარი, ეს იქნება ძალიან ფართო განხილვის საგანი, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა ექსპერტები იქნებიან. ასევე იქნება ვენეციის კომისია, სხვადასხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია.
სწორედ ამის გამო მოგვცა ქართულმა საზოგადოებამ ამხელა ნდობა, რომ მათ იციან, არასდროს არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს. პარალელის გავლება ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის კატეგორიულად მიუღებელია. კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ამ ცხრა წლის განმავლობაში, ამიტომაც შედარება მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ სხვის შეცდომებს არ გავიმეორებთ,”-განაცხადა კახა კალაძემ.
მანანა ღოღობერიძე













