მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ისარგებლონ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის წევრ ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის შეხვედრაზე აღინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით.
ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ყველა მიმართულებით და განაცხადა რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რასაც სათანადოდ აფასებს ევროკავშირი.