“ჩვენ მივმართეთ საზოგადოებას და დონორ ორგანიზაციებს, რომ შევიკრიბოთ, გავავლოთ ზღვარი სად არის სიტყვის თავისუფლება და სად არის ლანძღვა”. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.
“აჟიოტაჟი უსაფუძვლოდ არის ატეხილი, ჯობს კარგად შეისწავლონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივის შინაარსი. ჩვენ ვითხოვთ შევიკრიბოთ, რომ შევიმუშავოთ რეგულაცია, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ვცეთ პატივი. თუ საჭირო იქნება შეკრებას შეუერთდებიან პოლიტიკოსებიც, ჟურნალისტები, სახალხო დამცველი, დიპლომატიური კორპუსი. რა თქმა უნდა სიტყვის თავისუფლება დიდი ფასეულობაა, მაგრამ ამის სახელით სხვა ფასეულობების შელახვა დაუშვებელია.
როდესაც მოსამართლეზე იტყვი, რომ მან გამოიტანა დაუსაბუთებელი, არასწორი გადაწყვეტილება, ეს კრიტიკის ზღვარს არ სცდება. თუმცა, როდესაც მონას უწოდებ, ეს ნორმალური არ არის. პატრიარქმაც აღნიშნა,რომ ლანძღვის გზა მიდის ჯოჯოხეთისკენ. განსხვავდება რას იტყვის რიგითი მოქალაქე და საჯარო პირი, ის,ვისაც აქვს ავტორიტეტი. ვთავაზობთ ყველას, რომ გაიხსნას სადისკუსიო თემა. თუ მოსამართლეზე ჩავარდება კონკრეტული მტკიცებულობა, რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგრამ ცილისწამება თანამდებობის პირის მიმართ დაუშვებელია” , – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მანანა ღოღობერიძე