„უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და როცა ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები, ბუნებრივია არსებობს შეცდომები. ძალიან მძიმე და უხეში შეცდომა ჩემი აზრით არ დამიშვია. რა დრო და რესურსებიც მქონდა, ვფიქრობ,რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე“, – თბილისის მერის თანამდებობაზე საკუთარი 3-წლიანი საქმიანობა დავით ნარმანიამ „ტვ პირველზე“, გადაცემაში „პირველები“ შეაფასა.
„თანამდებობიდან წასვლა არ არის მაინცდამაინც სირთულეებთან დაკავშირებული. მთავარია როგორ მიდიხარ და რას ტოვებ. როცა არჩევნებია უნდა შეეგუო,რომ ხარ ან ერთი ან ორი ვადით. არჩევნების მოახლოებისას იწყება კონსულტაციები პარტიაში, ასეთ პირობებში მომწიფდა აზრი,რომ უნდა იყოს სხვა კანდიდატი. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება არ იყო. არასდროს მქონია ოფიციალურად შვებულება, დატვირთული რეჟიმი მქონდა, შედეგებიც გვქონდა და ასეთ დროს მარტივია გადაწყვეტილების მიღება.
ყველას ვენდობი და როცა ადამიანს რაღაცას დავავალებ, ხელის ჩამორთმევისას იწყება ნდობა. იყო შემთხვევები,როცა ეს არ გამართლდა, შეიძლებოდა უფრო მკაცრი ვყოფილიყავი. ჩემი როგორც მმართველის ხასიათი არის მეგობრული. ჩემსა და გუნდს შორის რამე წყენა არ ყოფილა, მე მაშინვე დავურეკე კახის და მივულოცე. ის ჩემი მეგობარია და ისევ რჩება. მე უფრო სამეურნეო ტიპის მმართველი ვიყავი. კახი კალაძე ალბათ პოლიტიკური მმართველი იქნება. მე ვრჩები საქართველოში, გუნდის ერთგული და ვრჩები გუნდში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მანანა ღოღობერიძე