სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის შეძენილ პრეპარატებზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, პრეპარატები, რომლებიც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის არის შეძენილი და გადაცემული მოსახლეობისთვის, ჩვეულებრივი პრეპარატებია, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში გამოიყენება.
,,ამ პრეპარატების არასწორად გამოყენებამ, შესაძლოა მხოლოდ მსუბუქი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. აღნიშნული პრეპარატები ლეტალურ შედეგს არ იწვევენ, მათი გამოყენების მიზეზით ადამიანის გარდაცვალება არ მომხდარა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატების სახლის პირობებში გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია და ჩვენ მოსახლეობისთვის მსგავსი რეკომენდაცია არასდროს მიგვიცია.“– განმარტა ზურაბ ლიპარტიამ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გეგმის მიხედვით გაგრძელდება.
ნინო ზარიძე






