თურქეთის ვადამდელ არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, ხმების 99 %-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს 53%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
მის მთავარ ოპონენტს მუჰარემ ინჯეს კი მხარი ამომრჩეველების 31 %-მა დაუჭირა. საპარლამენტო არჩევნებში 43%-ით ლიდერობს ერდოღანის პარტია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მმართველი პარტიის მთავარმა კონკურენტმა, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ 22 % მიიღო. 10 %-იანი ზღვარი გადალახა პროქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი.
ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეობრივი ვალი, ამომრჩევლების 87%-მა მოიხადა.
გუშინ თურქეთის მოსახლეობამ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში თავისი პოზიცია დააფიქსირა.






