მოქალაქეობის მინიჭების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ხმაური მოჰყვა.
ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტს ეკრძალება იმ კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა, რომელმაც სწორედ პრეზიდენტისთვის უნდა მოამზადოს რეკომენდაციები კონკრეტულ პირთან დაკავშირებით.
მოქალაქეობის მინიჭება, შეწყვეტა ან შეჩერება განისაზღვრება კომისიის დადგენილებით და არა პრეზიდენტის ბრძანებით. მოქალაქე ვეღარ მიმართავს პირდაპირ პრეზიდენტს გამონაკლისი წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის.
ინიციატივა ალოგიკურად მიაჩნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს.
„ჩვენთვის მიუღებელია, რომ პრეზიდენტს ერთმევა შესაძლებლობა დანიშნოს იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა უნდა მოუმზადოს პრეზიდენტს, მიანიჭოს თუ არა მოქალაქეობა ამა თუ იმ პირს. არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ინტერესებშია, რომ ესა თუ ის სპორტსმენი იყოს ჩვენი გუნდის წევრი და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ცვლილებები პირადად თეა წულუკიანის ინტერესებში შედის.
„თუ გავიხსენებთ არცთუ შორეულ პრეისტორიას, იყო ძალიან დაძაბული და სამარცხვინო პოზიციონირება, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს ჰქონდა და ის კომისიას ებრძოდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.














