„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადიგენში, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ შაინიძის ცემის ფაქტს ეხმიანება. პარტიაში აცხადებენ, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.
“პოლიტიკური გაერთიანება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან”, – წერია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” განცხადებაში.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ შაინიძე „ქართული ოცნების“ წევრებს ცემაში ადანაშაულებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის და „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ შაინიძის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.