საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მხუთავი აირით გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ოჯახს მიუსამძიმრა.
როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის თუ სხვადასხვა დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები.
„უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე. მათ შორის, ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე მომხმარებლებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. ასევე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.