სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებებს დაესწრებიან მინისტრის მოადგილეები – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და ალექსანდრე მარგიშვილი, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულების გაერთიანების წევრები, საპატრიარქოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
ღონისძიებები მოიცავს სახალხო ზეიმს – მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე (აღმაშენებლის ქუჩა) – ხალხური რეწვის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიორის, ვერცხლის, მინანქრის, ნახატების გამოფენა-გაყიდვას; სანდრო კანდელაკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე თაფლის ფესტივალს; მცხეთის რაიონული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს; აღმაშენებლის ქუჩაზე პარალელურად გაიმართება ღონისძიებები – საცირკო სანახაობა; სპორტული ღონისძიება – მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი; სტადიონებზე – მინი-ფეხბურთი, ქართულ ჭიდაობა და ფრენბურთი; “თეატრონის” მიმდებარე ტერიტორიაზე კი – კუთხური სამზარეულოს ფესტივალი.
საზეიმო გალაკონცერტის პირველ ნაწილს მცხეთის ვაჟთა ანსამბლი “მცხეთა” გახსნის. საზეიმო მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამენ მცხეთის კულტურისა და სპორტის გაერთიანების გენერალური დირექტორი გოჩა ქავთარაძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.
გალაკონცერტის მეორე, ახალგაზრდულ ნაწილში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “ბიგ-ბენდი” – გია მაჭარაშვილი, აკაკი ვაშალომიძე, თემო მაისაშვილი, ნუგზარ ორჯონიკიძე და სხვები, ასევე, სოლისტები ქეთი ორჯონიკიძე, თემურ საჯაია, გიორგი ძოწენიძე, გიორგი ჩიქოვანი, თეკლა კალმახელიძე, ნინი წიკლაური, ვერიკო მაცაბერიძე, ტატო გოდერძიშვილი.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებს საღამოს საზეიმო ფოიერვერკი და გალაკონცერტი დაასრულებს.
14.10.13