საქართველოს აქვს საუკეთესო საბაჟო და საგადასახადო სისტემა, სულ ექვსი გადასახადი გაგვაჩნია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესმენებისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმზე განაცადა.
“მოხარული ვარ, რომ უკრაინელ მეგობრებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბრო იმ პოტენციალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მე დღეს ამ დარბაზში უამრავ პოტენციურ ინვესტორს ვხედავ. მათთვის მზად არის ჩვენი ეკონომიკური სისტემა და გარემო. ჩვენ ერთ-ერთი დაბალი შეწონილი გადასახადი გვაქვს. მსოფლიოში ამ კუთხით მეოთხე ადგილზე ვართ. ასევე მინდა გითხრათ, რომ სულ ექვსი გადასახადი გაგვაჩნია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესმენებისთვის. ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს საუკეთესო საბაჟო და საგადასახადო სისტემები”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სამსახურები მზად არიან თითოეულ ინვესტორს ზედმეტი ბიუროკრატიის და ბარიერების გარეშე მოემსახურონ.
“ჩვენ მზად ვართ ჩავდგეთ თქვენს სამსახურში, რათა ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა”, – მიმართა ნოდარ ხადურმა უკრაინელ ბიზნესმენებს.
26.04.13