ალბათ არავის გვიკვირს საქართველოში დღეს-დღეობით უმუშევრობა, ან დიდი შრომის შედეგად აღებული მინიმალური ხელფასი, გაზრდილი გადასახადები თუ ზოგადად – „ძვირი ცხოვრება’’. გასაგებია, რომ ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს, გვინდა თუ არა ეს მწარე რეალობაა და ისედაც გამწარებული საზოგადოების დიდი ნაწილი, მიუხედავად უკამყოფილებისა, მაინც ეგუება თავის ბედს და ლუკმა-პურის საშოვნელად ყოველდღიურად მიიჩქარის დანიშნულების ადგილამდე.
ალბათ გასაკვირი არც ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებით არ სრულდება აქტუალური თემების ნუსხა. ვფიქრობ, კითხვის ნიშანიც უადგილოა თუ, როგორ „კომფორტულად’’ გადაადგილდება დაღლილი მოქალაქე ტრანსპორტით. ლოდინს, რომ თავი დავანებოთ და ვთქვათ არაუშავსო, არა, რადგან ადამიანს დაჯდომის შანსიც გარანტირებული არ აქვს, პირიქით, უკვე იცი, რომ ყველაზე ცოტა დაღლილს „ჭყლეტვასა და ალიაქოთში’’ მოგიწევს მგზავრობა. თითქოს დიდ შვებად უნდა მოგვვლინებოდა სამარშუტო ტაქსში კონდიციონერი, რომელიც დამეთანხმებით და ცივი ჰაერის ნაცვლად, ისედაც „გახრუკულ’’ ტრანსპორტს სითბოს უმატებს და ადამიანს ისევ „უკონდიციონირებას’’ განატრებინებს.
დღემდე ეს აქტუალურ პრობლემად რჩება და საზოგადოებას, ცხელი ზაფხულის დადგომასთან ერთად აინტერესებს, რატომ არ ირთვება ან თუ ჩაირთვება საერთოდ კონდიციონერი სამარშუტო ტაქსებში?! „თბილისი თაიმსის’’ შეკითხვებს, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი’’ პასუხობს.
როდიდან იგეგმება მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა, რაში მდგომარეობას პრობლემა, რომ ამ დრომდე არ ხერხდება ტრანსპორტის კონდიციონირება?
– ზაფხულის სეზონის დადგომამდე კომპანიამ „თბილისის მიკროავტობუსი“ საკუთარი ხარჯებიდან 150 000 ლარზე მეტი დახარჯა კონდენცირების სისტემის გასამართად. რადგან იმის გამო, რომ მძღოლები ცდილობენ არ ჩართონ ნინდიციონერი რაც ზედმეტი საწვავის წვას იწვევს – ბევრი მათგანი გამოსული იყო მწყობრიდან. 10 ივნისიდან მძღოლებს მიეცათ მითითება კონდიციონერის ჩართვაზე. თუ იქნება შემთხვევა, რომ მძღოლი მაინც თავს იკავებს გასაგრილებელი საშუალების ჩართვაზე – ასეთი ფაქტის გამოსავლენად სოციალური ქსელით და ვებ–გვერდზე კომპანია სთხოვს მგზავრებს, რომ ცხელი ხაზის საშუალებით შეგვატყობინონ მომხდარის შესახებ, მოახდინონ მძღოლის იდენტიფიცირება ან სამარშუტო ტაქსის სახელმწიფო ნომრის დაფიქსირება. ამის შემდეგ კი, უკვე კომპანია მიიღებს შესაბამის სანქციებს და ზომებს.
მგზავრების გადაადგილებაზე რას გვეტყვით, ხშირია როდესაც მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომი მგზავრებით გადაჭედილია სამარშუტო ტაქსი რა ვალდებულება არსებობს, რამდენი მგზავრის ამოყვანის უფლება აქვთ მძღოლებს?
– ქალაქში არსებული საცობების გამო, სამარშუტო ხაზებზე ვერ ხერხდება არსებული გრაფიკის დაცვა, რაც ტრანსპორტის გაჩერებაზე იწვევს იმაზე მეტი მგზავრის მოგროვებას ვიდრე ეს უნდა ხდებოდეს. შესაბამისად, მოიმატა ფეხზე მდგომი მომხმარებლების რიცხვმაც -კომპანიამ რამდენჯერმე მძღოლებს მისცა მკაცრი მითითება, რომ სამარშუტო ტაქსში არ აეყვანათ ფეხზე მდგომი მგზავრი თუმცა ეს ხდებოდა მძღოლებსა და მგზავრებს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი. (ყინვაში, სიცივეში ან თუნდაც სიცხეში წარმოგიდგენიათ ადამიანი რომელიც 15 წუთი, რომ ელოდება ტრანსპორტს და მოსვლის შემდეგ მძღოლი ასვლაზე უარს ეტყვის). კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანიამ, ეს მოთხოვნა მოხსნა დღის წესრიგიდან და ავოტმობილების მწარმოებელ კომპანიასთან ერთად შეისწავლა ფეხზე მდგომი მგზავრების რაოდენობის დასაშვები ზღვარი. ფორდის მიერ მოწერილ წერილში გარკვევით არის მითითებული, რომ მძღოლს შეუძლია სამარშუტო ტაქსში ფეხზე დადგომის უფლება 5-6 მგზავრს მისცეს და ეს არ დაარღვევს გადაადგილებისთვის საჭირო უსაფრთხოების ნორმებს.
ესაუბრა
სალომე აფხაზაშვილი