„თბილისი თაიმსი“ აგრძელებს საზოგადოებას გააცნოს საქართველოში არსებული თითოეული რელიგიური მიმდინარეობა თუ, რა ღონისძიებებს, პროექტებს ახორციელებენ ისინი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსებით. ამჯერად, დავუკავშირდი მუსლიმთა სამმართველოს. გთავაზობთ ინტერვიუს სრულიად საქართველოს შეიხ ჰაჯი რამინ იგიდოვთან:
გვიამბეთ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შესახებ, რამდენი ხანია რაც ის მოქმედებს ჩვენ ქვეყანაში?
– სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო 2011 წლის ივნისში დაფუძნდა. მუსლიმთა სამმართველოს დაფუძნების მიზეზი სამი საკითხი იყო, ესენია:
- ტრადციული ისლამის შენარჩუნება და გაძლიერება,
- მუსლიმების რელიგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება და არსებული პრობლემების მოგვარება,
- რელიგიურ საკულტო ნაგებობების (მეჩეთებისა და სამლოცველო სახლები) მოვლა-პატრონობა და მართვა.
დღევანდელი მონაცემებით რამდენია თქვენი მრევლი? რა სახის ურთიერთობა გაქვთ მათთან?
– მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემები ჯერ ჯერობით ჩვენთვის უცნობია, 2002 წელს გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ნახევარ მილიონამდე მუსლიმი მოქალაქე ცხოვრობს. საქართველოს მუსლიმები არიან აჭარლები, აზერბაიჯანელები, ქისტები, ლეკები, ყაზანის თათრები და მესხები. რაც შეეხება მუსლიმ მრევლთან ურთიერთობას, სამმართველოს დაფუძნების მერე, 400-ზე მეტ ადგილას დაინიშნა სასულიერო პირები (წინამძღვრები), აღნიშნული წარმომადგენლების მეშვეობით ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს მრევლთან, მათი პრობლემები და რელიგიური მოთხოვნები წარმომადგენლების მეშვეობით შემოდის სამმართველოში და შემდგომში ხდება მათზე შესაბამისი რეაქცია.
როგორი ურთიერთობა გაქვთ სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებთან საქართველოში? რა სახით თანამშრომლობთ ერთმანეთთან?
– დემოკრატიულ საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ რწმენისა და აღმსარებლობის უფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და არასამთავრობოების სახით ბევრი რელიგიური ორგანიზაციები ფუნქციურობენ ქვეყანაში. მოგეხსენებათ საქართველო გამოირჩევა მრავალ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, მუსლიმთა სამმართველო სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებთან და მათ ორგანიზაციებთან ურთიერთობას დიდ ყურადღებას უთმობს. აუცილებელ მიგვაჩნია მათთან ურთიერთობის გაუმჯობესება და დაახლოება, რადგან ისტორიულად საქართველოში სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები მეგობრულად თანაცხოვრობდნენ. ეს რაც შეეხებოდა არა მუსლიმურ რელიგიურ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, საქართველოში ასევე არსებობს მუსლიმური რელიგიური არასამთავრობო ორგანიზაციები, მათთან მუსლიმთა სამმართველოს აქვს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული და რელიგიურ საკითხებში სისტემატურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან.
თქვენ იმ კონფესიების რიცხვში მოხვდით, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. აქვს თუ არა მუსლიმთა სამმართველოს სხვა შემოსავალი და რის ხარჯზე არსებობდა ის ვიდრე სახელმწიფო ამ პროგრამას განახორციელებდა?
– საქართველოს მუსლიმები და მეჩეთები საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, ძირითადად მრევლის შემოწირულობების ხარჯზე არსებობდნენ, ასევე მნიშვნელოვან მუსლიმურ რელიგიურ დღესასწაულებზე მეზობელ მუსლიმურ ქვეყნებიდანაც ხდებოდა დახმარებები. მართალია მუსლიმური თემი მოხვდა ოთხ რელიგიას შორის, რომლებსაც სახელმწიფო საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით ეხმარება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლომდე არაა საკმარისი ეს თანხა, რათა სრულად მოხდეს ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მიუხედავად ამისა მუსლიმმა თემმა სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი კეთილი ნებისათვის, ეს იყო უდიდესი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. ასევე მოგახსენებთ, რომ როგორც სხვა ყველა რელიგიებში არის რელიგიური გადასახადი (შესაწირი), ჩვენთანაც მუსლიმები წირავენ მეჩეთებში, სამლოცველოებში და სამმართველოს ანგარიშზე, რაც საშუალებას გვაძლევს ზოგ შემთხვევაში რელიგიურ საქმიანობაში გამოვიყენოთ აღნიშნული თანხა, ან კიდე გაჭირვებულ ოჯახებს დავეხმაროთ რასაც რელიგია გვავალდებულებს.
არის განსაზღვრული სახელმწიფოს მხრიდან თუ რაში უნდა გამოიყენოთ დაფინანსება? რაიმე შეზღუდვებს ხომ არ არის დაწესებული?
– სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა განსაზღვრულია ოთხ სფეროსთვის:
- სასულიერო პირებისათვის რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად,
- განათლების ამაღლებისათვის,
- ქველმოქმედებისთვის,
- მეჩეთების რესტავრაცია-რემონტისთვის.
რათქმაუნდა ამ თანხის განკარგვა მთლიანად ჩვენი პრეროგატივაა, ამისათვის ავტორიტეტული სასულიერო პირებისგან შემდგარი უმაღლესი სასულიერო საბჭო შევქმენით, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება და იწერება ერთი წლის საქმიანობის გეგმა. აღნიშნულ ოთხ სფეროში რამდენი, რა ფორმით უნდა გაიხარჯოს რელიგიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას.
რა ღონისძიებებს, პროექტებს ახორციელებთ ამ პროგრამის ფარგლებში?
– გამოყოფილი ბიუჯეტით დღემდე სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს ჩატარებული, აქედან 400-ზე მეტი სასულიერო პირს რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად ყოველთვიურად ფინანსურად ვეხმარებით და დავეხმარებით. განათლების სფეროში სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს გაკეთებული, კერძოდ იმ მუსლიმებისათვის, რომლებიც რელიგიასთან არც თუ ისე ახლოს არიან სპეციალური წიგნები, ჟურნლები, გაზეთები და ბროშურები დავბეჭდეთ. ავღნიშნეთ რელიგიური ღონისძიებები და დღესასწაულები, ჩავატარეთ კონფერენციები, სემინარები, საქველმოქმედო აქციები. ასევე 22-ზე მეტ მეჩეთს რემონტი/რესტავრაცია ჩავუტარეთ, უპატრონო ბავშების და მოხუცთა თავშესაფრებს დავეხმარეთ, შშმ პირებს ვისაც გადაადგილების პრობლემები ჰქონდათ ეტლები შევუძინეთ, რამოდენიმე რაიონებში სოციალურად დაუცველ ოჯახებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩავატარეთ და კიდევ, განათლების ამაღლების მიზნით შევქმენით ინტერნეტ ტელევიზია და სპეციალური ვებ გვერდები.
როგორ შეაფასებდით რეილიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას? ხართ თუ არა კმაყოფილი მისი მუშაობით?
– დღემდე, ჩვენ ტოლერანტულ სამშობლოში მუსლიმებს განსაკუთრებული და სერიოზული აკრძალვები ან შეზღუდვები არ გვქონია სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ რელიგიურ კონფესიებს, განსაკუთრებით მუსლიმებს ძალიან გვაწუხებდა, რომ სახელმწიფოში არ იყო შესაბამისი ორგანო ვისთვისაც რელიგიურ კონფესიებს შეეძლოთ ნებისმიერ საკითხზე და პრობლემაზე მიემართათ. მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ წელზე მეტია რაც შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, სადაც განიხილავენ ჩვენ პრობლემებს და შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობით ეტაპობრივად გვარდება საკითხები. რაც რელიგიის სააგენტო შეიქმნა დღემდე უკვე 77-ზე მეტი მეჩეთი და სამლოცველო სახლი დარეგისტრირდა, მეჩეთის სტატუსი მიენიჭა და მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობის უფლებით გადმოეცა. გვეხმარებიან შექმნილ პრობლემების მოგვარებაში და რაც ყველაზე მთავარია, რელიგიის შესახებ კანონის მიღება, რომელიც სააგენტოს ინიციატივითა და ჩვენთან, რელიგიებთან ერთად კონსულტაციის შედეგად უნდა იქნეს მიღებული, იმედი გვაქვს ეს ახლო მომავალში მოხდება, ბევრ გაუგებრობას და პრობლემებს წერტილს დაუსვამს.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სურვილი გვაქვს სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებთან ერთად ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ, რათა ჩვენ მრავალ ეთნიკურ და რელიგიურ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის უფრო გამყარდეს მეგობრობა, ძმობა, ურთიერთსიყვარული და შემწყნარებლობა, რომ მთელი მსოფლიოსთვის საქართველო იყოს საუკეთესო მაგალითი.
ასევე მოგახსენებთ, ისლამშიც არის სხვადასხვა მიმდინარეობები, ამ მხრივაც ბევრი სამუშაოა, რათა არ მოხდეს მათი დაშორება და დაყოფა. უნდა ვიზრუნოთ მათი ერთიანობის შენარჩუნებისათვის, რომ შემდგომში არ მოხდეს რაიმე სახის პრობლემა ან დაპირისპირება. ასევე უნდა ვიზრუნოთ დარჩენილი მეჩეთების დაკანონებაზე და რეგისტრაციაზე, რათა საქართველოს მუსლიმებმა კონსტიტუციის მიერ მინიჭებულ უფლებების ფარგლებში აღასრულონ და დაიკმაყოფილონ რელიგიური მოთხოვნილებები.
ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, რომ საქართველოს მუსლიმები არ გახდნენ იმ პოლიტიკური დაჯგუფებების მსხვერპლნი, რომლებიც რელიგიის სახელით ხალხს ატერორებენ და კლავენ. მორწმუნეებს უნდა მივაწოდოთ ჭეშმარიტი და ტრადიციული ისლამი, რათა მომავალშიც ისინი იყვნენ ქვეყნის ერთგული, პატიოსანი და კანონ მორჩილი მოქალაქეები.
თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ტოლერანტული გარემო ჩვენს ქვეყანაში უფრო განვითარდეს და გაუმჯობესდეს?
– ვფიქრობ, ქვეყანაში ტოლერანტობის გაძლიერებისათვის ყველაზე აუცილებელი პრინციპია ყველა რელიგია კანონის წინაშე თანაბარუფლებიანი იყოს. რელიგიები კი საქართველოში სრულყოფილად თანაბარუფლებიანი მაშინ გახდებიან, როდესაც რელიგიის შესახებ კანონი მიიღება. სწორედ ეს კანონი იქნება რელიგიური ტოლერანტობის გარანტი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რელიგიის შესახებ კანონი ყველა რელიგიას თანაბარ უფლებას მიანიჭებს, მათ ექნებათ კონსტიტუციური ჩარჩო რომელსაც ვერავინ ვერ გადაუხვევს და ვერ დაარღვევს. აი, ეს არის ჩემი აზრით გამოსავალი.
მოამზადა საფიკო ნინიკაშვილმა