ზაფხულის მოახლოება აბიტურიენტთათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ასოცირდება. სკოლის დამთავრების შემდეგ, თითოეული აბიტურიენტისათვის საკმად რთული ეტაპი დგება. ერთ დღეს შენ უნდა გადაწყვიტო შენი სამომავლო პროფესია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახებია, სახელმწიფომ ზოგიერთი ფაკულტეტი, რომელზეც მოთხოვნა შედარებით ნაკლები იყო დაფინანსებადი გახადა. შეიძლება არ მოსწონდეს აბოტურიენტს მოცემული ფაკულტეტი, მაგრამ ფულის გადახდა არ მოუწევს და „უდიპლომოდაც არ დარჩება“. ხშირ შემთხვევაში, პრობლემები, რომლებიც შეიძლება აბიტურიენტებს შეექმნათ გაუხმაურებელი რჩება.
„თბილისი თაიმსისთვის “ ცნობილი გახდა, რომ 2015–16 სასწავლო წლის დასაწყისში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის – განათლების ფაკულტეტის სტუდენტებს პრობლემები დაფინანსებასთან დაკავშირებით შეექმნათ. კერძოდ, აღნიშნული ფაკულტეტი მოიაზრებოდა, როგორც უფასო, თუმცა სწავლის დაწყებისთანავე სტუდენტებს თანხის გადახდა მოსთხოვეს. მათმა უმეტესმა ნაწილმა ვერ შეძლო სწავლის საფასურის გადახდა და სწავლის გაგრძელება. ზემოხსენებული ინფორმაციის გადასამოწმებლად „თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა დაზარალებულ სტუდენტებს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და განათლების საინისტროს.
„როდესაც ე.წ. „უფასო“ ფაკულტეტების ჩამონათვალი გამოქვეყნდა, მითითებული იყო, რომ ეხებოდა აბსოლუტურად ყველა სახემწიფო უნივერსიტეტს. ამიტომ, ალბათ, აზრს მოკლებული არ არის ის, რომ მე და ჩემს კურსზე მყოფმა 80–მა ბავშვმა ჩავთვალეთ, რომ ეს ეხებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც. ჩვენდა გასაოცრად სექტემბერში სწავლის დაწყებისას მოგვთხოვეს ფულის გადახდა. განგვიცხადეს, რომ ეს ფაკულტეტი უფასო არ იყო. უსახსრობის გამო, ძალიან ბევრმა სტუდენტმა ვერ შევძელით სწავლის გაგრძელება. განათლების სამინისტროსაც მივმართეთ, თუმცა რეალურად არავინ დაგვხმარებია, არავინ დაინტერესებულა ჩვენი ბედით,“ – აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც სახელი და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას უნივერსიტეტი და ვისი კომპეტენციაა აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება?
სოხუმის უნივერსიტეტის, ხარისხის სამსახურის უფროსის მოადგილე, რომეო ქარდავა: „როდესაც მიღება ცხადდება, დგება ცნობარი, ამ ცნობარში ყველაფერი წერია და ნახსენები არ ყოფილა, რომ ეს ფაკულტეტი იყო დაფინანსებადი. უნივერსიტეტს დოქტორანტურის დონე არ გააჩნია კონკრეტულ ფაკულტეტზე, ამიტომ სახელმწიფო არ გვაძლევს უფასო ადგილებს,“ – აცხადებს რომეო.
ბუნებრივია დაკავშირება ვცადე განათლების სამინისტროსთან, მაინტერესებდა იყო თუ, არა უწყება საქმის კურსში აღნიშნულ ფაქტზე. თუმცა, სამწუხაროდ, განათლების სამინისტროს პრესს–სამსახური იმითაც კი, არ დაინტერესდა რა თემასთან დაკავშირებით დავუკავშირდი. „შენი ჭირიმე, თავი დამანებე,“– განმიცხადა განათლების სამინისტროს პრესცენტრის უფროსმა, ქალბატონმა ნათია პაპავამ.
მარიამ ფანჩულიძე