მშობლებს შვილები ახალ იდეებს მუდმივად შთააგონებენ. ისინი ხდებიან წიგნებისა და ფილმების გმირები, მათ უძღვნიან სიმღერებს და ხდებიან სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშისა, თუ წარმატებული ბიზნესის სახეები. პატარა ლიზას ფოტოები, რომელიც თავად მშობლებმა ეკატერინე ოძელაშვილმა და მირიან ჯუღელმა გადაიღეს, ახალ, საინტერესო და ინოვაციურ იდეად გადაიქცა. იდეა კი ფოტოსტუდია – Dino Photography-ია. სახლში დაწყებული საქმიანობა მალე მომგებიან ბიზნესი და ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ფოტოსტუდია გახდა.
სტუდიაში ფოტოგრაფის ფუნქციას ეკატერინე ითავსებს. პროფესიით არქიტექტორია, თუმცა მისი ამჟამინდელი საქმიანობა პროფესიისგან დიდად არ განსხვავდება, ის ამზადებს დეკორაციებს, სცენას, გეგმავს ფოტოსესიას და სხვა წვრილმან დეტალებს,რომლებიც კარგი შედეგის მისაღწევად წვრილმანს სრულებით არ წარმოადგენს.
„თბილისი თაიმსის“ მკითხველსისთვის ეკატერინე ოძელაშვილი ფოტოსტუდიის შესახებ საინტერესო დეტალებს გვაცნობს.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, 2-3 თვით ადრე ხდება თქვენთან ფოტო სესიის დაჯავშნა, რამდენად პოპულარულია დღეს Dino Photography საქართველოში, თუ აწარმოებთ სტატისტიკას,დაახლოებით, თვეში რამდენ პატარას უღებთ ფოტოს ?
– DINO Photography ჩვენი შვილის გაჩენით ინსპირირებული ფოტოსტუდია, რომელიც ჩვენთან ბინაში დაიწყო და ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდა სრულყოფილ სტუდიად. დიახ ჩვენთან თარიღები 2-3 თვით ადრე იჯავშნება, მშობლები ფოტოსესისებს ორსულობის პერიოდშიც კი ჯავშნიან, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში, მეტსაც გეტყვით ზოგი მშობელი 6 თვით ადრეც ეწერება, რადგანაც იცის რომ ჩვენი სერვისები საკმაოდ მოთხოვნადია.
რამდენად კონკურენტუნარიანია ეს სეგმენტი საქართველოში და Dino Photography-ის მსგავს სერვისს თუ სთავაზობს სხვა ფოტო სტუდია, (თუ არა). სხვა სტუდიებს,როგორ შეაფასებთ და რა განსხვავებებისა და უპირატესობების დანახვას შეძლებს მომხმარებელი თქვენთან მოსვლისას(სტუდია,გარემო, ფოტოგრაფების რაოდენობა)?
– მე პროფესიით არქიტექტორი ვარ და 10 წელი ამ მიმართულებით ვმუშაობდი. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და დიზაინი. აქედან გამომდინარე ჩემს სტუდიაში დეკორატორიც მე ვარ და ფოტოგრაფიც.
ახალშობილთა აქსესუარების უმეტესობას ჩემით – ხელით ვაკეთებ. რის გაკეთებაც მე არ შემიძლია ადგილობრივ დიზაინერებს ვუკვეთავ. ფოტოებს თვალს თუ გადაავლებთ დეკორაციების უმეტესობა სპეციალურად ჩვენთვის ადგილობრივი, უნიჭიერის ადამიანების მიერ არის შექმნილი, შეიძლება ითქვას რომ DINO Photography კრავს სხვადასხვა ნიჭის მქონე ადამიანს, რაც საერთო ჯამში ჩვენს ფოტოსესიებს ასე მიმზიდველ, განსხვავებულ და მოთხოვნადს ხდის.
როგორც გითხარით ფოტოსტუდია ჩვენი შვილის დაბადების შემდეგ გავხსენი. როდესაც ლიზა დაიბადა მას რამდენიმე ფოტო გადავუღეთ და ფეისბუქზე დავდეთ. ჩვენმა მეგობრებმა მოგვწერეს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ასეთი სერვისის არსებობა – ფოტოსტუდია, რომელიც ახალშობილებს და ჩვილებს ლამაზ, სახალისო ფოტოებს გადაუღებდა. გამომდინარე იქიდან რომ, იმ დროს ასეთი სერვისი არ არსებობდა, გადავწყვიტეთ ჩვენ შეგვექმნა სტუდია, რომელიც მთლიანად პატარების და მათი მშობლების საჭიროებებსა და სურვილებზე იქნებოდა მორგებული. ხანგრძლივი ძებნის შედეგად ვიპოვეთ სპეციალური ფართი, რომელიც ისე მოვაწყვეთ, რომ პატარებიც და მშობლებიც სრულ კომფორტსა და მყუდროებას გრძნობენ.
გამოვიწერეთ უამრავი აქსესუარი, დავამზადეთ დეკორაციები, შევიძინეთ სპეციალური ტექნიკა, მაგალითად განათება, რომელიც ახალშობილებისთვისაა დაშვებული და დავიწყეთ კლიენტების სტუდიაში მიღება.
ჩვენ ინვენტარს მუდმივად ვაახლებთ, ახლაც ამ საუბრის დასრულების შემდეგ, კომპიუტერს უნდა მივუბრუნდეთ, შერჩეული დეკორაციები კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ და შევუკვეთოთ.
რა სახის ფოტო სესიებს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?
– DINO Photography რამდენიმე სახის ფოტოსესიას გთავაზობთ, ესენია ახალშობილის სესია, რომელიც პირველი დღეების პაწაწინა და სათუთი მომენტების აღსაბეჭდად საუკეთესო საშუალებაა, ჩვენ გვიმუშავია 6-7 დღის პატარებთან, რომლებიც გადაღებისას თავს ისევე კომფორტულად გრძნობენ, როგორც მუცელში.
ჩვენ გვაქვს სერვისები 2-3 თვიდან-1 წლამდე, მაგალითად პატარების სესია ან კოლაჟები, რომლებშიც სხვადასხვა ზღაპრებს, ქალაქებსა თუ ცნობილ მოვლენებს ვასახიერებთ.
გვაქვს სპეციალური პირველი დაბადების დღის სესია – Cake Smash, რომლის დროსაც პატარები ტორტს პირველად სინჯავენ და საკმაოდ სახალისო ფოტოები გამოდის.
გვაქვს ორსულების სესია, გარე გადაღება და ა.შ.
როგორია ფასები?
– საზღვარგარეთ ასეთი მომსახურება საკმაოდ მაღალი ფასი ღირს, ჩვენ ფოტოსტუდიის გახსნის დროს დეტალურად შევისწავლეთ მსგავსი სერვისები სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში ახალშობილის ფოტოსესია საშუალოდ $400-$1500 ღირს.
ჩვენ მთლიანად მოვერგეთ ადგილობრივ ბაზარს, ჩვენი ფასები 130 ლარიდან იწყება და სპეციფიკიდან გამომდინარე იზრდება.
Dino Photography თუ გაიხსენებს ყველაზე დასამახსოვრებელ ფოტო სესიას…
– რთულია ცალკე გამოყო რომელიმე ფოტოსესია, ჩვენთვის თითოეული ბავშვი მნიშვნელოვანია და თითოეულ სესიას ინდივიდუალურად ვუდგებით, ალბათ ზუსტად ესაა ჩვენი წარმატების ფორმულა – მთლიანად ბავშვზე და მშობელზე მორგებული მომსახურება.
რომ აღწეროთ, როგორია თქვენი ერთი დღე/ერთი ფოტო სესია, რა ეტაპებს/პროცესი გადის სტუდია?
– ჩვენ თითოეულ ფოტოსესიის თემას მშობლებთან წინასწარ ვათანხმებთ, შემდეგ ვიწყებთ დეკორაციების მომზადებას, სცენის აწყობას, თავად ფოტოსესია საშუალოდ, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე 1-3 საათი გრძელდება, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფოტოსესია 6 საათი გაგრძელებულა.
ნათია კეკენაძე