კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ასევე, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის – საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, 27-31 ოქტომბერს, თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე ჩატარდება. როგორც ”თბილისი თაიმსს” კულტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე 27 ოქტომბერს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
როგორც კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიენალეს მიზანი ახალგაზრდა სცენოგრაფებისა და და ხელოვანების პროფესიული განვითარება და შემოქმედებითი იდეების გაზიარება, ასევე ინტერკულტურული დიალოგისთვის პირობების შექმნაა. ბიენალეში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი.
”ბიენალეს მიზანს ასევე წარმოადგენს თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარება და საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია. პროექტი მოიცავს მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენას და მის განხილვას, “მრგვალ მაგიდებს” თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე და სცენოგრაფიის სპეციფიკურ პრობლემებზე; ასევე, შემოქმედებით შეხვედრებს, ლექცია-პრეზენტაციებსა და დისკუსიებს.ბიენალეს მნიშვნელოვანი ნაწილია Masters’ Lab მუდმივმოქმედი საგანმანათლებლო პროგრამა (ლაბორატორია ოსტატებთან), რომლის ფარგლებშიც გამოჩენილ ხელოვანთა და მეცნიერთა ლექცია-პრეზენტაციები და მასტერკლასები ჩატარდება”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
ბიენალეს საექსპოზიციო ნაწილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში, საგამოფენო დარბაზში გაიმართება.