kvirikashvili“ქართული ოცნების” ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება არავითარ შემთხვევაში ტრაგედია. უნდა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელზეც საქართველოს მოსახლეობა შეთანხმდება და არა მხოლოდ “ქართული ოცნება”.  საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში  შესაძლო ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “ქრონიკასთან” ინტერვიუსას ისაუბრა.

“საკონსტიტუციო უმრავლესობა  არის ძლიერი მანდატი და უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს შეიძლება იყოს ტრაგედია ვიღაცის ხელში, მაგრამ იყოს  შესაძლებლობა სხვა პოლიტიკური ძალის ხელში. მოსახლეობა ვეღარ აიტანს მართვის სტილის ავტორიზაციას და ეს კარგად გვესმის. ეს იქნება მხოლოდ შესაძლებლობა, რომ ამბიციური დანაპირები შევასრულოთ.

საკონსტიტუციო ცვლილებების თემა არ უნდა იყოს აჟიოტაჟის საგანი. საკონსტიტუციო კომისიამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობა.  დაანონსება თუ რომელი ინსტიტუტი რა ადგილს დაიკავებს, რომელი მოდელი იქნება უკეთესი, პრემიერ-მინისტრის მხრიდან არასწორი იქნება, თუმცა რა თქმა უნდა მე ჩემი პოზიცია გამაჩნია. მომავალი კომისია იქნება ძალიან აქტიური, თუმცა არ ვაპირებთ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია. ამას ალბათ ერთი წელი დასჭირდება. ჩვენ დავადასტურეთ რომ უზურპაციის იდეით  არ ვართ შეპყრობილები, ჩვენ მაქსიმალურად გადავანაწილეთ ძალაუფლება პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ამ ქვეყანაში უნდა იყოს ძალაუფლებებს შორის ბალანსი, ინსტიტუციებს შორის თანაბარი უფლებამოსილებები და ქვეყანამ მოსახლეობის აზრი უნდა მოისმინოს. ჩვენ მივიღებთ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ნებისმიერი პარტიის მოსვლის შემთხვევაში, გამორიცხავს ხელისუფლების უზურპაციას.

პარლამენტის თბილისში გადმოტანა მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში  ჩვენს დღის წესრიგში არ დგას. საკომიტეტო სხდომები იმართება თბილისში და პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქუთაისის მოსახლეობისგან უნდა იყოს თანხმობა.

მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. არც ერთი საერთაშორისო კონვენციით ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ჩვენი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამ ტიპის შეზღუდვის დაწესება კი არ არის დისკრიმინაციული. ევროპას სჭირდება ის საქართველო, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიციული ფასეულობები. ეს საკითხი არის ხელოვნურად აქტივიზირებული. ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა. უმცირესობის წარმომადგენლები იგრძნობენ თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, მაგრამ ისინი ვერ შევლენ სამოქალაქო ქორწინებაში”.

გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო სისტემის რეფორმაც განიხილა.

“შემდეგი არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასი პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარი ამოცანაა 2020 წლისთვის გვქონდეს ისეთი სისტემა, რომელიც ყველანაირ შეკითხვებს და სპეკულაციებს გამორიცხავს. მთავარია, რომ ამ ქვეყანაში აღარავინ საუბრობდეს რევოლუციაზე, გადატრიალებასა და დესტაბილიზაციაზე. ეს არის სამსჯელო და პოლიტიკური კონსენსუსის საგანი. ვემხრობი მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებს ისეთს, როგორიც არის გერმანიაში. თუმცა ამ არჩევნებისთვის სისტემის გადაწყობის დრო არ იყო”.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 58 times, 1 visits today)

კომენტარები