„ „ციანიდის საქმე“ საკმაოდ რეზონანსული და მგრძნობიარე საკითხია. სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი დაკავებისთვის და გამოძიების გაგრძელებისთვის. თუმცა, ეკლესიისთვის ნდობის შენარჩუნებისთვის, დღემდე ვცდილობთ თავი შევიკავოთ მასალების გამოქვეყნებისგან“. ამის შესახებ, პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ეთერში ისაუბრა.
„ამას გამოძიების და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. სამწუხაროდ საზოგადოების და ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მივიღეთ საკმაოდ უსამართლო და არაადეკვატური რეაქცია. მოვითხოვთ უფრო მეტ ნდობას და პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
ჩვენ პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს, არ გვინდოდა მას ენერვიულა, ამიტომ თავი შევიკავეთ და არ გამოვაქვეყნეთ დაკავების შესახებ ინფორმაცია. სამწუხაროდ ასე არ მოიქცა ერთ–ერთი მედიასაშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და მოგვიწია მოპასუხის რეჟიმში ყოფნა“.
გიორგი კვირიკაშვილმა უსაფრთხოების კონფერენციაზე, ოფიციალური შეხვედრების დეტალებზეც ისაუბრა
„აშშ–ის ვიცეპრეზიდენტისგან მივიღეთ არაორაზროვანი, მკაფიო გზავნილები. საქართველო მათთვის რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად. დავგეგმეთ მომავალი შეხვედრა აშშ–ში. საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორისაც მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა. ორმხრივი ურთიერთობების კუთხით პოზიტიურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობები მომავალში ახალ დინამიკას შეიძენს“.
მანანა ღოღობერიძე