„არავითარ კონფრონტაციაზე არ არის საუბარი, ყველა განსხვავებულ ხედვაში კონფრონტაციას ნუ დავინახავთ. ისინი არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდნენ მონაწილეობას და ჩავთვალოთ, რომ მათ ჰქონდათ ობიექტური მიზეზი და იყვნენ პარლამენტის სხდომაზე“. ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერში“ ისაუბრა.
„არის მზადყოფნა, რომ ეს პროცესი მაქსიმალური ჩართულობით წარიმართოს, რასაც კონსტიტუციის გადასინჯვა ჰქვია. ის ერთსულოვნება, რომელიც დღეს ამ დარბაზში იყო გადაედება მთელ საქართველოს. უნდა გავითავისოთ, რომ კონსტიტუცია ყველა ჩვენგანის დოკუმენტია. პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ მოქალაქეები, ამ ემოციური ფრაზით იწყება კონსტიტუცია. საზოგადოება უნდა გრძნობდეს ამას, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები რაღაცაზე რომ ვთანხმდებით, ამაში თითოეული ჩვენგანის თანხმობა და მიზანი უნდა იყოს ნაგულისხმევი. უნდა შევთანხმდეთ რა დამოკიდებულება გვაქვს სახელმწიფოსთან, როგორ კონტრაქტს ვაფორმებთ, როგორი გვინდა რომ იყოს ჩვენი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში უმრავლესობაც იქნება ჩართული. რეგიონული შეხვედრების დროს მზად ვართ მივიღოთ ყველა იდეა,“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძემ „რუსთავი 2“–ის საქმეზე და ვიცე–პრემიერის განცხადებაზეც ისაუბრა. კახი კალაძის თქმით, ისინი ევროპარლამენტარებისთვის საქმის დეტალების გადაგზავნას აპირებენ, რომ სიმართლე დაინახონ.
„ეს იყო ემოციური განცხადებები და პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალიც. ამ ქვეყანაში უამრავი ცხელი პროცესი გვინახავს. მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი. მთავარია, რომ 2017 წელს როდესაც ვესაუბრებით ქართულ საზოგადოებას, ვართ ხალხის მიერ დაქირავებულები. საზოგადოებისგან არ მოდის დაკვეთა ვიღაცამ თქვას, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი. გაუგებარი პერსონალური დაპირისპირებები, მით უმეტეს საკონსტიტუციო კომისიის გამოყენება სადამსჯელო იარაღად, აბსოლუტურად მიუღებელია.
ევროპულ ინსტიტუციებთან, პერსონებთან, ასევე ევროპარლამენტარებთან რომ ყოველდღიური მუშაობა უნდა იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ეჭვი არ არსებობს. თავისუფალი მედიის და კონკრეტულად „რუსთავი 2“–ის საკითხი უკვე იმ მასშტაბისაა და იმდენად ინფორმირებულია მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რაც უფრო დროულად მიხვდება ამას ხელისუფლება და გახდება რეალობის ადეკვატური, მით უფრო მოიგებს საქართველო. არ გვჭირდება წაგება, იმიჯის დაზიანება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავი წარმოაჩინოს, როგორც ევროპული ოჯახის სრულფასოვანმა წევრმა,“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მანანა ღოღობერიძე