“საქართველოში არსებული შრომითი ბაზარი ყოველთვის აქტუალურ საკითხად რჩება. ქვეყანაში თითქმის ყველა კვლევის მიხედვით უმუშევრობა უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. გლობალური კონკურენტუნარიანობის 2014-2015 წლების რეიტინგის თანახმად ინვესტორთა უმრავლესობა (21%) საკუთარი საქმიანობის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად სამუშაო ძალის არაკვალიფიციურობას თვლის. გასაკვირია, რომ ამის ფონზე, არსებობს უამრავი აკრედიტირებული უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ერთი შეხედვით, სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ დიდ, შრომისუნარიან და კვალიფიციურ ბაზას უქმნის დამსაქმებელს და უადვილებს შრომით ბაზარზე კვალიფიციური კადრების ძიების პროცესს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის დაახლოებით 1/3-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, მაშინ სად უნდა იყოს პრობლემა?
ვფიქრობ პრობლება მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა ვეძიოთ. არ შეიძლება მხოლოდ დამსაქმებელი ან მხოლოდ პოტენციური დასაქმებული იყოს დამნაშავე იმ შრომით დისბალანსში, რომლის გამოც მოსახლეობის 12% დაუსაქმებელია, ხოლო ინვესტორთა უმრავლესობა მუშახელის სიმცირეზე აპელირებს.
პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს ქართული ბიზნეს გარემო და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთი მიმართულებით აშკარად შესამჩნევი მონოპოლია, რაც კერძო სექტორის განვითარებას აფერხებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონოპოლისტი კომპანიები ნაკლებად ზრუნავენ დასაქმებულთა უფლებებზე და ცდილობენ მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯით შეინარჩნუნონ სამუშაო ძალა. ეს აისახება დასაქმებულთა ანაზღაურებაზე, მათ შრომით უფლებებზე, შრომით უსაფრთხოებაზე და სხვა. ეს კი ბუნებრივად იწვევს მუშახელის დეფიციტს, რომლებიც მიუხედავად კვალიფიკაციისა უარს ამბობენ შეთავაზებულ პირობებზე.
კიდევ ერთი საკითხია ის თუ რამდენად ეფექტურია საგანმანათლებლო სისტემა და რამდენად აკმაყოფილებს დამსაქმებელთა მოთხოვნებს კადრების მიწოდების მხრივ? უმრავლეს შემთხვევაში დამსაქმებლები იძულებულნი არიან საკუთარი ხარჯებით გადაამზადონ კადრები, ჩაუტარონ მათ ტრენინგები და აჩვენონ თუ როგორ ხორციელდება პრაქტიკაში ის, რაც მათ მხოლოდ თეორიულ დონეზე ისწავლეს. ბოლო წლებში მომრავლებული კერძო უნივერსიტეტები თითქოს პასუხი უნდა იყოს შრომითი ბაზრის გამოწვევებზე, თავისი სპეციალიზებული სასწავლო მიმართულებებით, ამასთან ერთად ხელისუფლებამ დაიწყო კიდეც პროფესიული განათლების სისტემის შემუშვება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ დამსაქმებელს უხდება კადრების გადამზადება საკუთარი ხარჯებით.
ჩემი აზრით, როდესაც ვსაუბრობთ კვალიფიციური კადრების სიმწირეზე ცალკე პრობლემად უნდა გამოვყოთ ნაკლები ინფორმაციის ქონა მათთვის ვინც აკეთებს პროფესიულ არჩევანს. სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა უმრავლესობისთვის საკმაოდ ბუნდოვანია ის პერსპექტივები თუ წინააღმდეგობები, რაც მათ პროფესიის არჩევის შემთხვევაში ელით. მათი დიდი ნაწილი არჩევანს სხვათა რჩევებზე დაყრდნობით, ან იმის და მიხედვით აკეთებს თუ რამდენად პოპულარულია ესა თუ ის მიმართულება. შედეგად ვიღებთ უზარმაზარ ნაკადებს ერთსა და იმავე ფაკულტეტებზე და მეორე მხრივ აბსოლიტურ სიცარიელეს სხვა ასევე პრიორიტეტულ პროფესიებზე, რაც იწვევს შრომითი ბაზრის ერთი ნაწილში განუსაზღვრელად დიდ კონკურენციას და შედეგად ათასობით სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანს, ხოლო მეორე ნაწილში კვალიფიციური კადრების უბრალოდ არარსებობას, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა.
პრობლემებზე საუბარი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ ვიხილავთ ამა თუ იმ ხელისუფლების მხრიდან ეფექტურ რეაგირებას და საკითხის მიმართ გულმოდგინე დამოკიდებულებას. ჩემი აზრით აუცილებელია კერძო სექტორში ზომიერი რეგულირება, რომელიც არ დააფრთხობს ინვესტორს და ამავე დროს იქნება ორიენტირებული ადამიანთა უფლებების დაცვაზე, მათ მოთხოვნებზე საპასუხოდ. ამასთან აუცილებელია ცვლილებები განათლების სისტემაში, მის გასაუმჯობესებლად. აუცილებელია პროფესიის არჩევის გზაზე ახალგაზრდების ინფორმირებულობა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი პროფესიის გარშემო საინტერესო გარემოს შექმნა რაც ქვეყანას მისცემს, მაღალკვალიფიციურ, საკუთარი საქმის მოყვარულ კადრებს და გააუმჯობესებს ამ მხრივ არსებულ ვითარებას.”
ავტორი – გიორგი მდივანი „საქართველოს ლიდერთა კოორდინაციისა და განვითარების ცენტრი”