ყოველთვის გახსოვდეთ და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯარისკაცებს თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალზე.

პრემიერი მიესალმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის და მთავრობის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ოფიცრებს და ვეტერანებს, სტუმრებს და ყველას მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

” ჩვენ ვზეიმობთ ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმთავრეს დღესასწაულს, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფას დღეს – ვულოცავ მთელ საქართველოს, ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩვენს თანამემამულეს!

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო!

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე განსაკუთრებული და გამორჩეულად ამაღლებულია ჩვენი წვევამდელებისთვის, რომლებმაც სწორედ ასეთ საზეიმო დღეს დადეს საქართველოს ერთგულების ფიცი და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა. გილოცავთ ყველას ფიცის დადებას და ჯარისკაცის საპატიო მისიის დაწყებას! მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად ემსახურებით საქართველოს და ღირსეულად ატარებთ ქართველი მეომრის სახელს.

ჩემო ჯარისკაცებო!

მე ვისურვებდი, რომ ვაჟკაცობა, მეგობრობა, ერთგულება, ერთმანეთის გატანა, მოყვასის სიყვარული მუდამ თქვენი მეგზური ყოფილიყოს. ყოველთვის გახსოვდეთ, და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ და უერთგულეთ იმ ღირებულებებს, რომელიც საუკუნეები გამოატარა ჩვენმა წინაპარმა და ჩვენი ერის ზნეობრივ კოდექსად იქცა.

დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ, იცავენ მშვიდობას მსოფლიოში. მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმისათვის, რომ განსაკუთრებული პროფესიონალიზმის და სიმამაცისთვის საერთაშორისო აღიარება დაიმსახურეს ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*