საქართველოში საგზაო წესების უგულებელყოფა ერთ-ერთ გადაუჭრელ და აქტუალურ პრობლემად ითვლება. ამ დრომდე ამ სიტუაციის აღმოფხვრა, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდა. დღეიდან, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი ოფიციალურად ამოქმედა. საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლს მართვის მოწმობის ქულები ჩამოაკლდება.
დღეიდან, თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. მძღოლებს, რომელთაც სამართალდარღვევების გამო ქულები 0-მდე შეუმცირებათ, ავტომობილის მართვის უფლება შეუჩერდებათ, უფლების მისაღებად კი პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს.
ერთი წლის განმავლობაში ქულების 0-მდე განმეორებით შემცირების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე გასვლის უფლება 1 წლით ეზღუდება.
გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რომელ სამართალდარღვევაზე რამდენი ქულა ჩამოგაკლდებათ:
► სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის -30 ქულა; ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში -40 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის -40 ქულა;
► იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება არ გაუვლია, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, -15 ქულა;
► თუკი მძღოლს ან მის გვერდით მჯდომ მგზავრს არ უკეთია უსაფრთხოების ღვედი -5 ქულა;
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მობილურით სარგებლობა -15 ქულა;
► მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა -5 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, ასევე ავტომობილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები -5 ქულა;
► გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით. -5 ქულა;
► იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას -10 ქულა;
► იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული -10 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს -15 ქულა;
► იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით, -5 ქულა. აღნიშნული სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -10 ქულა. მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -15 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით -15 ქულა; მისი განმეორებით ჩადენა-20 ქულა;
► იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც
მიაცილებენ -10 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, -15 ქულა;
► თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, -25 ქულა; განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -30 ქულა;
► B კატეგორიის ან A1 ან B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა -20 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით -10 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, -20 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, -30 ქულა;
► საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება -15 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას -20 ქულა;
► თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევებსსაავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება მოჰყვა -35 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-სა -10 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით -20 ქულა;
► თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა -30 ქულა. ხოლო, თუკი იგივე სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება -40 ქულა;
► ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა -10 ქულა;
► აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -15 ქულა;
► საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას -5 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი -10 ქულა;
► გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის დაწყების ან/და წესების დარღვევა -10 ქულა;
► სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა -5 ქულა;
► მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა -15 ქულა;
► აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -20 ქულა;
► შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა -30 ქულა;
► აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა -20 ქულა;
სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, -20 ქულა;
► მგზავრთა გადაყვანის, ან ტვირთის გადაზიდვის წესის დარღვევა -10 ქულა. იგივე ქმედება, რომელსაც მოჰყვა რაიმე სახის დაზიანება -20 ქულა;
► ტრანსპორტით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესის დარღვევა -20 ქულა;
► საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა -25 ქულა;
► საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის დროს ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევა -15 ქულა;
► გზაზე მოძრავი ავტომობილის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე 10 ტონაზე მეტი ტვირთის, ან ფაქტობრივი მასის 44 ტონის გადაჭარბების შემთხვევაში-15 ქულა.
გამოიღებს თუ არა შედეგს აღნიშნული ცვლილება, სულ ცოტა ხანში გავიგებთ…
ნინო ზარიძე