„მექანიკურ შემოხაზვაზე ვსაუბრობდი. პასტა რომ დაიჭირო და შემთხვევით გადაჯღაბნო, რა ალბათობა გაქვს, რომ მოხვდე. ჯერჯერობით ჩვენი თამასა იმდენად დაბალია,რომ სრულიად შემთხვევით რომ შემოხაზოს პასუხები, მაიმუნიც და რობოტიც „გაარტყამს“. ადამიანს არ ვგულისხმობდი, არამედ პრიმატს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ნათქვამი ფრაზის არასწორ კონტექსტში გაგებაზე, ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილ ცვლილებებზე და საერთაშორისო რეიტინგებზე, განათლების მინისტრმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.
„ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ნაწილია ვაშლების დარიგება, ასევე ბუფეტებში მაღალშაქრიან და მაღალმარილიან პროდუქტებს ვკრძალავთ, გვაქვს ასევე სპორტული აქტივობა. ვაშლები ოქტომბრიდან დეკემბრამდე 20 სკოლაში კვირაში ერთხელ დარიგდება. ძირითადი მიზანია, რომ მთელი საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ წარმატებული მომავლისთვის მნიშვნელოვანია რას ჭამს ბავშვი სკოლაში, ისევე,როგორც მისი სახელმძღვანელო, პედაგოგი და ა.შ.
ვაბრუნებთ დიდ შესვენებას,რომ ბავშვებს ჰქონდეთ წყნარად მირთმევის შესაძლებლობა. ვაშლიც მაგ დროს დარიგდება. პედაგოგების რაოდენობა,რომლებიც გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ გამოცდებს, გახუთმაგდა. წლევანდელი სასწავლო წელი ხელოვნების, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების მეტი ყურადღებით, იქნება განსხვავებული.
შარშან ტომსონის რეიტინგში სულ 700-ზე მეტი დაწესებულება მონაწილეობდა. თსუ 400 საუკეთესოში აღმოჩნდა. წელს 1500-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობდა, ამიტომ რაოდენობის გაზრდამ ფიზიკურად ჩამოაჩოჩა თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტი. სამწუხაროა, თუ ვინმეს უნდა, რომ პირიქით წარმოაჩინოს“ , – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მანანა ღოღობერიძე