ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის – 200 ლარის ოდენობით.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამ ქმედებისთვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე საჯარიმო ქვითარს არ გამოწერს.
„აღნიშნული კი, თავის მხრივ, საჭიროებს უფრო ეფექტიანი, გაზრდილი ფულადი ჯარიმის დაწესებას, ვინაიდან დღეის მდგომარეობით არსებული ჯარიმის ოდენობა (ფიზიკური პირებისთვის 10 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი) არის ძალიან დაბალი მსგავსი მნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევისთვის. ამასთან, 118-ე მუხლის პირველ ნაწილში სხვადასხვა კატეგორიის სამართალდარღვევის (1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, 2. მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა) გაერთიანებით რთულია გამიჯვნა, ორივე სამართალდარღვევის არსებობისას (მართვა და გადაცემა) რატომ უნდა დაჯარიმდეს მხოლოდ მძღოლი, ან გადამცემი და არა ორივე სუბიექტი მაშინ, როცა ორივე სუბიექტის სამართალდარღვევა იქნება სახეზე. შესაბამისად, ცვლილება ეხება აღნიშნულ საკითხსაც,“ – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
ნინო ზარიძე














