ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები სულ უფრო მეტად მოთხოვნადი და პოპულარული ხდება ქართველი მომხმარებლისთვის. ერთი მხრივ, მათ დაიწყეს განსხვავებულის, გამორჩეულის მიღება და დაფასება, ხოლო, მეორე მხრივ, ამას თანამედროვე ქართული ბაზარი კარნახობს, რომელიც საკუთარ მომხმარებელს გამორჩეული დიზაინის ნივთებს სთავაზობს.
სულ რამდენიმე თვის წინ, ქართულ ბაზარს კიდევ ერთი ახალი ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი „ნახელთურალი“ შეემატა. ნამუშევრებს 26 წლის, ხატია სუხაშვილ ქმნის, რომელმაც სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება პრაქტიკაში გამოიყენა. „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ეს მისი ჰობი და სიამოვნების წყაროა, რომლის საშუალებით შემოქმედებითად კიდევ უფრო მეტად იზრდება.
საიდან გაგიჩნდა იდეა, დაგეწყო ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა?
– პირველად, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, გადავწყვიტე ჩემთვის გამეკეთებინა სამკაულები. ვიყიდე თიხა და გავაკეთე ყელსაბამი. პირველივე ნივთი ძალიან კარგი გამოვიდა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა სამეგობრო წრეში. ძალიან მსიამოვნებდა, როდესაც მეგობრები რაღაცას მთხოვდნენ და ვუკეთებდი. მათ მირჩიეს ამ საქმიანობისთვის სერიოზული სახე მიმეცა და ფართო საზოგადოებისთვისაც მეჩვენებია.სწორედ მათი დაჟინებული მოთხოვნით გავაკეთე ფეისბუკის გვერდი. ჩემდა გასაოცრად, მალევე მიიქცია დიდი ყურადღება და დაიწყო შეკვეთები და გაყიდვები.
რა მასალას იყენებთ ნამუშვრების შესაქმნელად?
– ძირითადად პოლიმერულ თიხაზე ვმუშაობ. თმისსამაგრები არის გაეკეთებული პოლიმერული თიხისგან, რომელიც საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია, თუმცა სჭირდება გამოწვა. ასვე ვამზადებ კლდის ქვისგან, ჩვეულებრივი თიხისგანაც. ვიყენებ სხვადსხვა მეტალს. ასევე ნამუშევრების შექმნის დროს ვიყენებ სხვადსხვა სახის საღებავებს, აკრილი, გუაში.
რა არის ის, რაც გამოგარჩევთ სხვებისგან?
– ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული მთის თემაა. ყველაზე მეტად პოპულარული მთის ყელსაბამებია, რომელიც სხვაგან არსად მინახავს, გამოირჩევა ყველასგან და მომხმარებლის მოწონებასა და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ასევე ვფიქრობ, ჩემი სამკაულების გამორჩეული ნიშა არის ის, რომ უმეტესი მათგანი მხოლოდ ერთი იქნება, კონკრეტული, ერთი ადამიანისთვის. ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო განსხვავებული და გამორჩეული ყველასგან. ისეთი, სხვას რომ არ ჰქონდეს. ინტერნეტის საშუალებითაც ხშირად ვათვალიერებ მსგავს გვერდებს, რაც მეხმარება ახლი იდეების მოფიქრებაში.
ძირითადად რა სახის ნამუშევრებს ქმნით?
– ვაკეთებ ყელსაბამებს, ბეჭდებს, თმის სამაგრებს, ვხატავ ჭიქებს. თუმცა ყველა მათგანს მთის სიყვარული აერთიანებს. ზოგადად ძალიან გვიყვარს ლაშქრობები, მე და ჩემი მეუღლე ხშირად დავდიოდით და ახლაც ბევრს ვმოგზაურობთ, ამიტომ ჩემს ნამუშევრებს მთასთან აქვს ძალიან დიდი კავშირი. ძირითადად სწორედ ეს ხაზი მაქვს არჩეული. როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ თავისთავად მივყვები მთის იდეას. ჩემი ნამუშევრების უმეტესობა მთას უკავშირდება.
როგორია ფასები და რამდენად ხელსაყრელია მათი შეძენა მომხმარებლისთვის?
– ვფიქრობ, ფასები საკმაოდ ნორმალურია. ვცდილობ, უფრო მეტად ხელოვნებაზე და საკუთარი თავის რეალიზებაზე ვიყო ორიენტირებული. ამიტომ სულ ყველაზე მცირე 5 ლარადაც კი გამიკეთებია ყელსაბამი.
როგორია კონკურენცია და რამდენად კონკურენტული ხართ ქართულ ბაზარზე?
– მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მთავარია ხარისხი და განსხვავებული დიზაინი, რასაც ჩემს მომხმარებლებს ვთავაზობ და რაც ძალიან მოსწონთ. ნამუშევრებს საკუთარი წარმოსახვითა და იდეებით ვამზადებ და ეს მათ ძალიან მოსწონთ. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ დიზაინებსაც ვამზადებ, თუმცა ყოველთვის უარს ვეუბნები მომხმარებელს ნივთის გაკეთებაზე, თუ ის სხვა გვერდიდან აქვს აღებული.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– დაახლოებით ერთი თვის წინ მქონდა შემოთავაზება და ერთ-ერთ მაღაზიაში წაიღეს ჩემი გაკეთებული ნივთები. თუმცა, დროის უქონლობის გამო, ვერ ვასწრებ ბევრი ნივთის გაკეთებას. ჯერჯერობით ძირითადი გაყიდვები ისევ ფეისბუკის გვერდის მეშვეობითაა შესაძლებელი. მომავალში ვაპირებ კიდევ უფრო მეტი, ახალი და განსხვავებული ნივთი შევთავაზო ჩემს მომხმარებლებს.
მარიამ ლეკიაშვილი