ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი და იმედი მაქვს, იფიქრებს, მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამის სახელზე ტაძარი ან ხეივანი იყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.
„მომავალ სამშაბათს არის 100 000 მოწამის დღესასწაული. მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე საზეიმო პარაკლისი შესრულდება და შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა გადმოგვივლინოს ღმერთმა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ილოცოთ საქართველოს მშვიდობისთვის. ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. სანაპირო მორწყული იყო მოწამებიის სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. იმედია, ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე. წმინდა 100 000 მოწამის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა ილია მეორემ.
სამშაბათს, 13 ნოემბერს, 17:00 საათზე ქ. თბილისში, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისის.
16:30 სთ. ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით გამოვლენ შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე.
შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს 100000 მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ტრადიციულად ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება მრევლი მეტეხის ხიდზე და ერთობლივი ლოცვით მიაგებს პატივს ჩვენს გმირ წინაპრებს.

გაზიარება