ამა წლის 12 ოქტომბერს, განჩინების გამოტანით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააპატიმრა 21 წლის ახალგაზრდა, გურამ ბაძაღუა, რომლის მიმართაც ქ. თბილისის პროკურატურის მიერ 11 ოქტომბერს დაწყებული იქნა სისხლის სამართლებრივი დევნა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვისათვის, რაც სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, გურამი ძებნაში მყოფ პირს მალავდა მოქ. ნ. დოლიძისგან ნაქირავებ ბინაში.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება გურამ ბაძაღუას ადვოკატი: „სამწუხაროა რომ მქონდა მორიგი შემთხვევა როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისიების განხილვისას გამოვლინდა მოსამართლის (ქეთევან ჯაჭვაძე) არაკომპეტენტურობა – მან ბრალდების მხარის პატიმრობის შუამდგომლობის დაახლოებით 20 წთ იანი დასაბუთება სცადა და თან არა მისი დამოკიდებულების სს პროცესთან არამედ პირველივე წარდგენაზე დაპატიმრების გადაწყვეტილების შემდგომ საუბრობდა დაპატიმრებულის დამნაშავეობაზე. მოსამართლემ დაარღვია: თავისუფლების პრეზუმცია, უდანაშაულობის პრეზუმცია, გაეროს რეზოლუცია, ად. უფ. დაც. ევრ. კონვენცია (5 და 6 მუხ), ადგილობრივი სსსკ ის 198 მუხლი. დააპატიმრა 21 წლის ახალგაზრდა, რომელსაც აწი ხელი შეეშლება განვითარებაში.
მსგავსი იურისტები ვერ შეძლებენ მოსამართლეობას….“
მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ გურამ ბაძაღუას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. 26 ნოემბერს 15:00 საათზე სტუდენტებმა გურამ ბაძაღუას მხარდაჭერის აქცია მოაწყვეს და სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ მხარდაჭერისაკენ.
ნინი ჭრიკიშვილი