ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ლოზანის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო. ცეცხლის დანთების ცერემონია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური ოლიმპიური ღონისძიებაა. ისევე როგორც ეს იყო ანტიკური ოლიმპიური თამაშების დროს.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ლოზანის III თამაშებისთვის ცეცხლი მზის სხივებისგან დაინთო. ცეცხლის დანთების ცერემონიას საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები და სტუმრები ესწრებოდნენ, ასევე სკოლის 1400 მოსწავლე.
ოლიმპიური ცეცხლი ათენიდან ლოზანისკენ მოგზაურობას 18 სექტემბერს შეუდგება, 21 სექტემბერს კი ლოზანიდან ესტაფეტა აიღებს სტარტს და ის 110 დღეს გასტანს. ამ ხნის განმავლობაში ოლიმპიური ჩირაღდანი ეწვევა შვეიცარიის 26 კანტონს, ასევე მეზობელი საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ტუფეს, სადაც ასპარეზობები ჩატარდება ტრამპლინიდან ხტომაში, ბიათლონსა და სათხილამურო ორჭიდში.
ლოზანის ზამთრის თამაშებზე (9-22 იანვარი) 80 ქვეყნის 1880 ათლეტი გამოვა