ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთი კოალიცია შეიქმნა, ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიული მოძრაობისა” და ქრისტიან დემოკრატიული პარტიის გაერთიანებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როგორც ახლად შექმნილ კოალიციაში აცხადებენ, ის იქმნება არამარტო თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ მათი გაერთიანება არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს თანამშრომლობას. კოალიციის გეგმებზე, მათ ერთიან კანდიდატსა და ზოგად პოლიტიკურ პრობლემებზე ”თბილისი თაიმსს” “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი ესაუბრა.
რამ განაპირობა პარტიის ლიდერის გიორგი თარგამაძის პარტიიდან და საერთოდ პოლიტიკიდან წასვლა? ჟურნალისტიკაში დაბრუნება იყო ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი? ხომ არ ყოფილა პარტიის შიგნით დაპირისპირება?
გიორგი ჟურნალისტიკაში არ დაბრუნდება, ის არის ფილოსოფიის დოქტორი, მისი სადოქტორო ნამუშევარი კი ჟურნალისტიკის სფეროს ეხება, ის წაიკითხავს ლექციებს გაუში. მომავალში კი არ გამოვრიცხავ შეიქმნას ისეთი მედიარესურსი, ტელევიზიის თუ მედიაჰოლდინგის სახით, სადაც გიორგის გამოცდილებას, მის უნარებსა და ჟურნალისტიკურ ცოდნას ოქროს ფასი ექნება, ის ამ თვალსაზრისით ძალიან მოთხოვნადი ადამიანია თუმცა ამ ეტაპზე, რამდენადაც ვიცი, ტელევიზიაში მისი დაბრუნება არ განიხილება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი მომავალში დადგეს დღის წესრიგში. რაც შეეხება გიორგის პოლიტიკიდან წასვლას, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა მე არ მივესალმებოდი ამას, რადგან გიორგი ძალიან დიდი პოლიტიკური რესურსისა და პოტენციალის მატარებელია, ვთვლი, რომ მან თავისი პოლიტიკური რესურსის მხოლოდ 10% მოიხმარა და 90 % ჯერ კიდევ მოსახმარია. ჩვენი პოლიტიკური გუნდა არ არის გუნდი, რომელიც პოლიტიკით დაუკავშირდა ერთმანეთს, ჩვენ წლების მეგობრობა გვაკავშირებს, ამიტომ რაიმე სახის დაპირისპირება ან აზრთა სხვადასხვაობა პარტიის შიგნით არ ყოფილა.
ნინო ბურჯანაძის პარტიასთან გაერთიანება რა ფაქტორმა განაპირობა? რატომ მაინცდამაინც აღნიშნული პარტია და საინტერესოა, ხომ არ იგეგმება კიდევ რომელიმე სხვა პარტიის შემოსვლა თქვენს კოალიციასში?
როდესაც ერთიანი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური უნარ-ჩვევების გამოვლენა, ქართულ პოლიტიკური რეალობაში საზოგადოების მხრიდან წამოსულია უმნიშვნელოვანესი დაკვეთა ოპოზიციურ ფლანგში ერთიანობის ჩამოყალიბებისა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ძლიერ და რეალურ ალტერნატივას იმისა რაც ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანაში დანაშაულების თვალსაზრისით ხდებოდა და რაც დღეს დილეტანტიზმის თვალსაზრისით ხდება. იმისათვის, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა, ერთი დანაშაულებრივი და მეორე აბსოლიტურად უნიათო და უსუსური საშინაო და საგარეო პრობლემების მოგვარების კუთხით, ჩავაჩოჩოთ საჭიროა ჩვენი პოლიტიკური ძალების გაერთიანება, ამისათვის უნდა გავაერთიანოთ ჩვენს ხელთარსებული ყველა რესურსი, როგორც ადამიანური ასევე პოლიტიკური და შევქმნათ ერთობა, რომელშიც საზოგადოება დაინახავს ძალას, რომელიც გამარჯვებისთვისაა შექმნილი. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების შექმნით, ერთის მხრივ დამთავრდება „ნაციონალური მოძრაობის“ ილუზორული მცდელობები ებღაუჭონ მეორე ადგილს და ”ქართული ოცნებაც” დაინახავს, რომ სრულიად ახალი ალტერნატივა შეიქმნა იმისათვის, რომ მათ მოუწიოთ პოზიციების დათმობა, ამ თვალსაზრისით ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ორგანიზაცია ”დემოკრატიული მოძრაობა” ერთმნიშვნელოვანი ლიდერია ოპოზიციურ სპექტრში, ეს დადასტურდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგითაც, შესაბამისად ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მის გარშემო უნდა მომხდარიყო ერთიანი ოპოზიციის ჩამოყალიბებ აბსოლიტურად ლოგიკური იყო.
ქალბატონმა ნინომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თქვენი პოლიტიკური გაერთიანება არ იქნება მოკლევადიანი, აპირებთ თუ არა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანებული ძალით მიიღოთ მონაწილეობა?
ჩვენ არ ვქმნით ამ გაერთიანებას მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად, ვვერთიანდებით იმისთვის, რომ შემდეგ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაერთიანებული ძალებით მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ დღესვე ვაცხადებთ, რომ ვფიქრობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას იმ ძალებთან, რომლებიც გაერთიანდებიან ჩვენს კოალიციაში და რეალურად შევქმნათ ის პოლიტიკური პოლუსი, რომელიც საზოგადოებას შეუქმნის განწყობას იმისას,რომ ეს არის ძალა, რომელიც იმ აბსურდს, რომელიც საქართველოშია, ერთის მხრივ ნაცინალების დანაშაულებრივი წარსულისა და მეორეს მხრივ ”ქართული ოცნების” უცოდინარობისა და საბავშვო ბაღის დონეზე არსებული მმართველობის სახით, დაასრულებს.
თუ იგეგმება მომავალში რომელიმე სხვა პარტიის გაერთიანება თქვენს კოალიციაში?
მოლაპარაკებები მიმდინარეობს აბსოლიტურად ყველა არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც აქვს მზაობა შემოუერთდეს ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას, აქვს სურვილი ოპოზიციური ერთობა გააძლიეროს და რომლისთვისაც არ არის მთავარი არჩევნების შემდეგ გარკვეული ანაზღაურება მიიღოს. ეს ფინანსური ინტერესი იყო ”ქართული ოცნების” ჩამოყალიბების დროს, ამგვარი რამ ჩვენთან არ არის, ჩვენი კოალიცია არ შეიძლება ვინმესთვის ფინანსურად მომხიბვლელი იყოს. მოლაპარაკებები გაგრძელდება 15 აპრილამდე, შემდეგ კი კოალიცია უკვე ოფიციალურად ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში იმ ფორმატით რითაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება.
ბრიფინგზე გახდა ცნობილი ასევე, კოალიციის მერობის კანდიდატის ვინაობა. რომელი პარტიის კადრია ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე და რა შეგიძლიათ უთხრათ მკითველს კანდიდატის შესახებ?
დიმიტრი ლორთქიფანიძე არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი, მისი პიროვნული თვისებები, პოლიტიკური თვისებები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ცნობილია, რომ ეს ადამიანი არის უკომპრომისო, მისთვის არ არსებობს ისეთი თემები, რომლებზეც არ ექნება ძალიან პრინციპული პოზიციები. ის როგორც პოლიტიკური, ასევე პიროვნული თვალსაზრისით ემყარება კონსერვატიულ ტრადიციულ ღირებულებებს, რომ არაფერი ვთქვათ მის ოჯახისშვილობასა და მრავალშვილიანობაზე. დიმიტრი არის ღირსეული მთაწმინდელი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი. პიროვნული თვისებებით არის ძალიან ძლიერი, პრინციპული, უკომპრომისო. არის ძალიან ძლიერი იურისტი, რომელცას ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე აზრს. რაც მთავარია, მე ვთვლი, რომ დიმიტრი არის ადამიანი , რომელიც ძალიან დიდი პერპექტივის მატარებელია, ეს არის ადამიანი, რომელიც თბილისის მერიას უხელმძღვანელებს იდეალურად. ის არასდროს იტყვის, რომ არ სცალია იმისათვის, რომ ვინმეს შეხვდეს, ვინმეს სატკივარი მოისმინოს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება პოლიტიკური ბრძოლა, დიმიტრი გახდება ”დემოკრატიული მოძრაობის” წევრი, მის ზურგს უკან უკვე იქნება ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბებული.
თქვენი აზრით რა შანსები გაქვთ თვითმმართველობის არჩევნებზე და ვის მიიჩნევთ თქვენს მთავარ კონკურენტად?
მე შემიძლია ვთქვა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე მერობისთვის ან არჩევნებზე მეორე ადგილის დასაკავებლად კი არ იბრძოლებს, არამედ ის მოიგებს თბილისის თვითმმართველობსი არჩევნებს. მე ვთვლი, რომ ამ არჩევნებზე ჩვენი მთავარი კონკურენტი არის ხელისუფლება, რაც შეეხება კანდიდატს, პიროვნულად დავით ნარმანიასთან არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს, პოლიტიკური თვალსაზრისით კი მისი ფიგურის გაანალიზება მიჭირს, ისევე, როგორც ყოველთვის რთულია გაანალიზო ადამიანი, რომელიც თავისი რესურსებით არ მოდის პოლიტიკაში, რომელსაც თვითონა არაფერი მოუპოვებია ცხოვრებაში, რომ მილიონნახევრიანმა თბილისმა მისცეს ხმა. ჩვენ იგივე გვემართება, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში მოხდა, როდესა ერთი ადამიანის ხათრით, რომელსაც ჯიბეში უდევს 7 მილიარდი, ავირჩიეთ, პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც სხვა შემთხვევაში არავინ აირჩევდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პრეზიდენტი შეიძლებოდა გამხდარიყო. შესაბამისად ხათრით არჩეული ადამიანი არის ყოველთვის დამღუპველი, ხათრით არ შეიძლება ავირჩიოთ არც პრეზიდენტი და არც მერი. არ შეიძლება მთელმა ქვეყანამ თავისი ბედი გადაწყვიტოს ერთი ადამიანის განწყობით ან ამ ადამიანის საფულეში არსებული რესურსის იმედით. ყველას კარგად გვესმის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალაა, ”ქართული ოცნება ” კი ყველანაირად ცდილობს, რომ პოლიტიკურად გადაარჩინოს, რადგანაც ნაციონალური მოძრაობის არსებობა კონკურენტად ყველაზე მეტად ხელს აძლევს ”ქართულ ოცნებას”, რომელიც დაშვებული შეცდომების ”ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი წარსულით გადაფარვას ცდილობს. ჩვენ კი ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ თბილისზეც და ყველა თვითმმართველ ქალაქზეც, ჩვენ ამ არჩევნებს განვიხილავთ, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინა ეტაპს და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სერიოზული რეალობაა.
საგარეო პოლიტიკა – უკრაინაში განვითარებული პროცესებისა და იმის ფონზე, რომ რუსეთსსამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვს, საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილივითარებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი სადღეისო ამოცანებიმოკლევადიან პერსპექტივაში? თქვენი აზრით, ასეთ ვითარებაში როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომერთი მხრივ ქვეყნის შიგნით, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო ასპარეზზე?
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ დღეს ჩვენს ხელისუფლებას ცუდი და კარგი პოლიტიკა კი არა აქვს არამედ საერთოდ არ გააჩნია პოლიტიკა ჩვენს საგარეო საფრთხეებსა და გამოწვევებთან მიმართებაში. ქვეყნის მიმართულებით ძალიან მწარე მოქმედებები მიმდინარეობს, მავთულხლართების გაბმის პროცესი კი ყოველდღიურად მიდის, მოლოდინი კი იყო იმის, რომ იარაღის ჟღარუნის ნაცვლად, მოხერხდებოდა მდგომარეობის დიალოგის რეჯიმში გადაყვანა, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ამგვარი რამ არ განხორციელებულა, აბაშიძე-კარასინის საუბარი კი სავიზო რეჟიმის თემას არ გასცდა, ეს საუბარი ვერასდროს ვერ მოაგვარებს სახელმწიფო მნიშველობის პრობლემას, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ჩვენს ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია. ამ შემთხვევაში ქალბატონი ნინო ბურჯანაძის რესურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის არის ერთადერთი ადამიანი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, რომელსაც აქვს რესურსი, რეალურად გადაიყვანოს ეს კონფრონტაციული სიტუაცია მოლაპარაკების რეჯიმში.
თქვენი პარტია აქტიურად იყო ჩართული სოციალურ საკითხებში, დღეს რა მდგმარეობაა ამ კუთხით და რას ურჩევდით საქართვცელოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რა უნდა გააუმჯობესოს ან შეცვალოს ამ კუთხით?
სოციალურ საკითხებთან მიმართებაშიც იმდენად რთული ვითარებაა, რომ მოლოდინი პრაქტიკულად დაკარგულია. ამ ხელისუფლებამ ისეთი დანაპირები წარმოადგინა საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ ნათელი იყო ის ვერ შეძლებდა მის ასრულებას, თუმცა იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა ეს დანაპირები ბიძინა ივანიშვილისგან, რომ საზოგადოება ენდო. უცებ კი ეს ადამიანი აცხადებს, რომ ყველა დანაპირები შესრულებულია, მან განახორციელა თავისი გეგმები, დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ სააკაშვილი დაამარცხა, ხოლო დანარჩენი დაპირების ასრულება კი აღარ ჩათვალა საჭიროდ. ძალიან რთული ვითარებაა ქვეყანაში, ჩვენ პირველრიგში გვჭირდება სოფლის მეურნეობის გამნვითარება, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 53% არის დაკავებული ამ მიმართულებით, ივანიშვილის პროგრამაში კი ეწერა, რომ 1 მილიარდ დოლარს ჩადებდა სოფლის მეურნეობის განვითარებაში. სერიოზული სუბსიდირებების და ინფრასტრუტურული პროექტების განხორციელებაა საჭირო თითოეულ მუნიციპალიტეტში პრობლემის მოსაგვარებლად.
07.04.14
ნინა პირტახია






