ცხოვრება ყველაზე მაღალი ცათამბრჯენია, რომლის საფეხურებს ზოგი მაღლა აუყვება, ზოგი დაბლა ჩამოუყვება, ზოგიც კი ლიფტით სარგებლობს. ყველა ადამიანს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ამ გზაზე ყველა საკუთარი ნიშნებით ხელმძღვანელობს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანს თუ რაიმე ოცნება აქვს, მას ამის განხორციელებაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა კიდევ დამატებითი კომპონენტები. როგორებიციაა: ნიჭი, იღბალი, სურვილი და ა.შ. კიდევ საჭიროა, რომ ამ ადამიანის ირგვლივ შექმნილი იყოს გარემო, რომელიც მას წინსვლაში დაეხმარება. ჩვენს ქვეყანაში კი, ეს იშვიათად ხდება ამიტომ, ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ შექმნან რაიმე ღირებული, გამორჩეული. ჩვენ შემდეგ ვუყურებთ ასეთ ადამიანებს და ვფიქრობთ მათ წარმატებაზე. არც კი ვიცით ამ წარმატების უკან რამდენი შრომა, რამდენი განცდა, რამდენი ცხოვრებისეული სირთულე იმალება. ჩვენ გვხიბლავს ის გმირი, რომელსაც ის იმ მომენტში ანსახირებს არ აქვს მნიშვნელობა, ეს ტელევიზიაში ხდება, თეატრში, კინოში თუ სხვა პროფესიაში. ცხოვრებაც ხომ ერთგვარი თამაშია, თამაში აზრებისა, იდეებისა, შეხედულებებისა, გრძნობებისა და ა.შ. ამ თამაშში გამარჯვება კი ძალიან ძნელია, რადგან მასში ჩართულია მილიარდობით ადამიანი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში საკუთარ გზას პოულობენ და ბოლომდე მიუყვებიან მას. საქართველოშიც მრავლად გყვავს ასეთი ადამინები, რომლებიც საკუთარი ნიჭითა და მიზანდასახულობით, ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ იმკვიდრებენ თავს. „თბილისი თაიმსი“ სწორედ ასეთ ნიჭიერ, ახლაზრდა მსახიობ – კახა კინწურაშვილს ესაუბრა. როგორც ჩემმა რესპოდენტმა თავად აღნიშნა, მის პროფესიაში მთავარია გულწრფელობა. ვფიქრობ, რომ ერთ –ერთი მიზეზი რატომაც უამრავმა ადამიანმა შეიყვანა ეს მსახიობი სწორედ ეს არის. თუმცა მიმაჩნია, რომ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, მაინც სულ სხვა კახა კინწურაშვილს გაიცნობთ.
მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი ბიოგრაფიის შესახებ?
– დავიბადე სოხუმში, იქ ვიზრდებოდი 9 წლამდე, ომის გამო მოგვიხდა სოხუმის დატოვება. დაახლოებით 6 წლიდან მინდოდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი და ეს სურვილი არც არასოდროს შემცვლია. ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, პირველად მოვხვდი ვასიკო გამსახურდიას ჯგუფში, ამის შემდეგ ცოტა ხანი აკადემიურის აღება მომიწია. შემდეგ ლილი იოსელიანთან განვაგრძე სწავლა. უნივესტეტის დამთავრების შემდეგ, მანანა ბერიკაშვილმა „მუსკომედიის“ თეატრში დადგა სპექტაკლი „მარკიზა დე სადი“ და იქ ვითამაშე. შემდეგ ნელ–ნელა დავმკვიდრდი „მუსკომედიაში“ და დღეს უკვე „მუსკომედიის“ მსახიობი ვარ.
რა როლი ითამაშა თქვენმა ბავშვობამ და ოჯახმა თქვენი პიროვნების ჩამოყალიბეაში?
– ის რაც მე იმ პერიოდში ვნახე, ვგულისხმობ ომს, თან ჩვენ ბოლო დღეს გადმოვედით – 27 სექტემბერს, ძალიან რთული აღსაქმელი იყო და შესაბამისად ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე. საბედნიეროდ გამიმართლა და არ გავხდი დეპრესიული, რისი საშიშროებაც რეალურად იდგა. ყველაფერი დეტალურად მახსოვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი ვიყავი, მომხდარი ჩემს ცნობიერში დარჩა, როგორც ზღაპარი. ამ ყველაფერმა უფრო მეტად მომცა საშულება დავფიქრებულიყავი რას ნიშნავს ომი, რას ნიშნავს ადამიანი ომში და ა.შ. დღეს ჩემთვის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება დედამიწაზე იყოს არის ომი. ჩემთვის პირადად ეს გაუმართლებელია, რადგან ადამიანის მოკვლას მე ვერაფრით გავამართლებ. სამწუხაროდ სამყარო ასეა მოწყობილი, ადამიანები იცავენ საკუთარ ქვეყანას, ტერიტორიას და ეს ადამიანურია.
სოხუმის შემდეგ თქვენ საცხოვრებლად ყაზახეთში გადახვედით, გაიხსენეთ ეს პერიოდი, რამდენად ადვილად ეგუებოდით ახალ გარემოს?
– ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. სულ ასე გადავაადგილდებოდით, სანამ თბილისში არ დავმკვიდრდით. ყაზახეთიდან, რომ ჩამოვედით რამდენიმე წელი რუსთავში ვცხოვრობდით, რუსთავის მერე უკვე გადმოვედით თბილისში. სულ მიწევდა გამოცვლა სკოლების, ადამინების… მითუმეტეს ყაზახი სულ სხვა ეროვნებაა, სულ სხვა გენია და ქართველი სულ სხვა. მიხუდავად ყველაფრისა, მაინც ვთვლი, რომ რაღაც კუთხით არ გამჭირვებია შეგუება. ყველაფერი ისე აეწყო, რომ არ მიჭირდა ახალ გარემოში ადაპტაცია. რუსთავში ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ ის ადამიანები, ვინც ჩემს გარშემო იყვნენ სხვანაირად ფიქრობდნენ. მათ სხვა შეხედულებები ქონდათ ადამინებზე, ისინი უფრო მეტად სხვა რაღაცებს აფასებდნენ. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არ ემთხვეოდა ჩემს წარმოდგენას ადამიანებზე, ცხოვრებაზე… ყველას კარგად გვახსოვს 90–ია წლებში რაც ხდებოდ და სამწუხაროდ მეც მომიწია ამ რეალობაში დამკვიდრება. მაშინ ძალიან ბევრი დრო დაიკარგა უქმად, დრო მიდიოდა ფუჭ რაღაცებში და ტყუილ ინსტიტუციებში. რაც იყო კრიმინალური თუ არაკრიმინალური სამყარო. კრმინალობაში ვგულისხმობ თუნდაც აღებ–მიცემითობას, აქედან გამომდინარე ხალხი ასე აზროვნებდა და სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი დღემდე მიტირის ამ პერიოდს. მათ ვერ გადაულახავათ, რომ აღარ შეიძლება მხოლოდ სატელეფონო ზარებით შვილების, ახლობლების მოწყობა და საქმეების მოგვარება. უყვართ ქართველებს ასე ცხოვრება, რადგან სამწუხაროდ 70 წელი ეს კეთდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ასე, რომ ის რეალობა რაშიც მე ვიყავი არ იყო პროდუქტიული, ჩემთვის როგორც მომავალი მსახიობისათვის. მიუხედავად ამისა ყოველთვის ვახერხებდი, რომ ჩემი შეხედულებები შემენარჩუნებინა. ეს ჩემი მშობლების დამსახურებაცაა, რადგან პირველივე დღიდან, როდესაც ვთქვი, რომ მსახიობობა მინდოდა ჩემი არჩევანისათვის ხელი არ შეუშლიათ. შემდეგ ყველაფერი თავისით აეწყო, ისე გავედი გამოცდაზე არავისთვის მითქვამს, რადგან არ მიყვარს მსგავსი რაღაცები. ჩავაბარე და სიმართლე, რომ გითხრათ დღემდე სწავლის პროცესში ვარ, ეს შეუქცევადი პროცესია და რეალურად ცხოვრების რითმია. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მე ვიყო, თუ არ იქნება ჩემი პროფესია.
შეგიძლით გაიხსენოთ თვენი პირველი შეხება სცენასთან?
– 6 წლის ვიყავი, როდესაც სოხუმში დრამ წრეზე შემიყვანეს, ეს იყო ჩემი პირველი დასამახსოვრებელი შეხება სცენასთან. ეს ჩემთვის ჯადოსნური სივრცე აღმოჩნდა და ძალიან მოვიხიბლე. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე კაპელაზე დავდიოდი და ასე თუ ისე სცენასთან შეხება მქონდა, მაშინ სულ სხვაგვარი განცდა დამეუფლა. არ ვიცი რაღაც განსაკუთრებული დღე იყო, სხვანაერად ჩართეს განათება თუ არ ვიცი კიდევ რა, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ჩემზე იმოქმედა. ეს ყველაფერი შემდეგ უკვე ყოველდღიურობაში გადაიზარდა, მსიამოვნებდა სიარული ამ წრეზე. მალევე მივხვდი, რომ ყველაზე კარგად თავს ამ საქმიანობაში ვიგრძნობდი. რა თქმა უნდა, შემდეგ მსახიობობაზე ათასჯერ შემეცვალა წარმოდგენა, პირველ კურსზე სხვანაერად ვფიქრობდი, მეორეზე სხვანაერად, რომ დავამთავრე სხვანაერად და დღეს კიდევ სულ სხვანაერად ვფიქრობ. მუდამ მოქმედებაში უნდა იყო, მთავარია არ მოდუნდე და არ იზარმაცო. პირველ რიგში კი საჭიროა, რომ იყო გულწრფელი, უნდა „გაშიშვლდე“ მაყურებლის წინაშე, შენი სული უნდა გამოიტანო სააშკარაოზე და ამის არ შეგრცხვეს.
რა გასწავლათ, რა მოგცათ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლამ?
– უკვე აღვნიშნე, რომ ქალბატონ ლილი იოსელიანთან ვსწავლობდი, ამიტომ რაც შეეხება სწავლების თეორიულ მხარეს, შეიძლება ითქვას, რომ კმაყოფილი ვარ. ხოლო რაც შეეხება პრაქტიკას, პრაქტიკაში რატომღაც ვერ ვახერხებდით რაღაცების განხორციელებას, ქალბატონი ლილიც უკვე ისეთ ასაკში იყო, რომ რაღაცეებს ვერ ახერხებდა და ა.შ. მან, რა თქმა უნდა, ჩემში ჩადო ისეთი რაღაცები რასაც ახლა ვხვდები, მასთან ურთიერთობა იმ პერიოდში ყველაზე სასიამოვნო იყო. სიმართლე გითხრათ, რაც იმ 4 წელში ვისწავლე, ახლა იმისაგან ვთავისუფლდები. თეატრალურმა უნივესტეტმა მიმახვედრა, რომ უნდა გავთავისუფლდე, იმისგან რაც იქ მასწავლეს.
შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი სპექტაკლი, პირველი სერიოზული როლი? რა ემოცია დაგეუფლათ სპექტაკლის შემდეგ?
– ვთვლი, რომ ჩემი პირველი სერიოზული როლი იყო ჰამლეტი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მქონდა ნათამაშები სხვადსხვა სპექტაკლებში და კინოშიც. ეს სპექტაკლი არ იდგმებოდა სპექტაკლისათვის, ამირან ამირანაშვილმა აიღო ეს პიესა იმისათვის, რომ საკუთარი გამოცდილება როგორც მსახიობისა გაეზიარებინა ჩვენთვის. ჩვენთვისაც ეს იყო სწავლისა და მუშაობის პროცესი, ეს ყველაფერი 8 თვე გრძელოდებოდა და არ მინდოდა დასრულებულიყო. პირველი შთაბეჭდილება იყო ის, რომ პირველად ვიგრძენი რამდენად დიდი სიამოვნებაა რეპეტიციები. პირველად სწორედ ამ სპეკტაკლში ვიგრძენი, რომ ფუნდამენტურად მზად ვიყავი რაღაც გამეკეთებინა. მაშიმ ბევრი რაღაც გადავლახე საკუთარ თავში, ბევრი რაღაც დავივიწყე და ა.შ. ამ პერიოდმა უკეთესობისაკენ შემცვალა და ამისთვის პირველრიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამირანს. სიმართლე, რომ ვთქვა, ამ სპექტაკლის ინერციით მოვდივარ დღემდე.
რა არის ის მთავარი განცდა, რომელიც მსახიობს სცენაზე გასვლისას ეუფლება, რა არის ეს განცდა თქვენს შემთხევაში და დღემდე ნერვიულობთ თუ არა სცენაზე გასვლის წინ?
– რა თქმა უნდა, სულ ვნერვიულობ და სულ ვღელავ. პირველ რიგში რთულია, რომ საკუთარი თავი გათიშო, შენ სანახავად მოდიან ადამანები და ყოველ მათგანს საკუთარი ეგო მოყვება. მათი ეგო კი, იმ შემთხვევაში გაითიშება და იმ შემთხვევაში იქნება კონცენტრირებული შენზე თუ შენ გათიშავ შენსას. შენ უნდა იყო იმ მომენტში გულწრფელი და ნამდვილი. თუ ნამდვილი და მართლი ხარ, თუ გავიწყდება გარშემომყოფები და კი არ თამაშობ, არამედ ცდილობ, რომ იცხოვრო იმ რეალობით, მაშინ მაყურებელი უკვე შენი თანამოაზრე ხდება . ამის დაჭერა და ამით ცხოვრება სცენაზე ძალიან რთულია. პირველი მტერი ჩემთვის საკუთარი თავია, რადგან მე თუ ვძლევ ჩემს პიროვნებას, მხოლოდ მაგ შემთხვევაში კეთდება რაღაც. ღელვა კი სულ მაქვს, რადგან რთულია თავდავიწყება, მსახიობობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ნათქვამია, რომ მსახიობი ან ჯამბაზი უნდა იყოს ან მოციქული. მეც ვეთანხმები ამ აზრს, მაგრამ ძნელია მოციქული იყო. ხშირად ალბათ მსახიობები ჯამბაზებიც ხდებიან. პირველ რიგში საკუთარ თავს ვგულისხმობ, არავის ვაყენებ შეურაცყოფას. მართლა ძალიან დიდი და კარგი მსახიობები იყვნენ საქართველოში და არიან კიდეც, მაგრამ ძალიან დიდი ჩავარდნის პერიოდი იყო. სხვა საფიქრალი გაჩნდა ქვეყანაში, სხვა ტკივილი და შესამაბისად უკან დაიხია სწავლის პროცესმაც. მსახიობმა რა მეთოდებიც არ უნდა შეისწავლოს, მისი საქმიანობა გამართლებულია მაშინ თუ ამ მეთოდებს ანგრევს და საკუთარ, ინდივიდუალურ მსახიობურ ოსტატობას იშენებს. მიხარია, რომ ახალგაზრდებში და ჩემს თაობაში არიან მსახიობები, რომლებზეც შეიძლება დღეს არ ამბობენ, რომ ძალიან მაგრები არიან, მაგრამ ისინი საკუთარ სათქმელს აუიცილებლად იტყვიან. ჩემი თავის იმედიც მაქვს, რომ რაიმე ღირებულს გავაკეთებ, ღირებულს იმ კუთხით, რომ პირველ რიგში მე ვიქინები კმაყოფილი. ჩვენ თავად უნდა შევცვალოთ მაყურებლებში დამოკიდებულება, ერთხელ, რომ ნახავს მაყურებელი სცენაზე ბოლომდე იხარჯები და საკუთარ თავს ჯობნი, შეეცვლება დამოკიდებულება შენს მიმართაც და ზოგადა თეატრის მიმართაც. მუდამ უნდა არსებობდეს რაიმე სათქმელი, რაიმე იდეა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოდის საქმე. შენ უნდა დააფიქრო მაყურებელი და არა ასწავლო.
რომელ სპექტაკლში მიიღებდით მონაწილეობას და რომელ როლს მოირგებდით დიდი სიამოვნებით?
– ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომელია ჩემი საოცნებო როლი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჰამლეტი ნათამაშები მაქვს, სულ ვფიქრობ ამ პერსონაჟზე, სულ მახსენებს თავს და არ მშორდება. ასე, რომ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი კიდევ ერთხელ ჰამლეტს.
თეატრიდან კინომდე, როგორ განვლეთ ეს გზა და სად უფრო კარგად გრძნობთ თავს?
– არ ვიცი, ორივე ჩემი საქმეა. ქართულ კინოს რაც შეეხება, ყოველთვის არის სარეპეტიციო დროის პრობლემა. 2–3 დღეში როლის გაკეთება ძალიან რთულია და შესამაბისად შედეგიც ზედაპირულია. თეატრშიც ყოფილა ასეთი შემთხვევა, შეიძლება დრო მქონია, მაგრამ ვერ გამომიყენებია, არ გამომიჩენია ინიციატივა, ბოლომდე არ გავხსნილვარ და ა.შ. ასე, რომ თეატრში როლზე საფიქრელად უფრო მეტი დრო გაქვს ვიდრე კინოში. ეს რაც შეეხება რეალურ განსხვავებას რეალურ დროში, მაგრამ ზოგადი განსხვავებაა ის, რომ კინო არის ერთხელ ცდა, თეატრი კი რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ ცდა. პრემიერის შემდეგ, შენ შეგიძლია შენს გმირს უფრო დიდი სიღრმე მისცე, უფრო განავითარო. რეალურად ორივე მომწონს და ვერ გამოვყოფ თუ რომელი მირჩევნია. ჩემი პროფესია მაძლევს საშუალებას, რომ ორივეში განვხორციელდე.
როგორ მოხვდით ტელესივრცეში და რამდენად ადვილია ტელეწამყვანობა?
– პირველად ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს გადაცემა „აივანი,“ ალტერნატიურ მუსიკაზე, სადაც კასტინგის გარეშე მოვხვდი. შემდეგ ტელევიზიაში გავიარე კასტინგი და გავხდი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წამყვანი. არც კი მეგონა თუ დამირეკავდნენ, რომ დამირეკეს ძალიან გამიკვირდა. სიმართლე გითხრათ, ჩემს საქმეში სიყვარულსა და სიმშვიდეს ვპოულობ, აქედან გამომდინარე ტელევიზია, რა თქმა უნდა, ჩემთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი. თავიდან ასეთი დამოკიდებულება მქონდა: მივალ უცებ წავიყვან გადაცემას და მორჩა. შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება თუ რამეზე ხელს აწერ, ის უნდა შეასრულო. რაც მევალება არის ის, რომ ადამიანები ჩემს იქით ხედავდნენ თუ რა ხდება გადაცემაში, ეს ყველაფერი მე სწორად უნდა მივაწოდო მაყურებელს. ძირითადად გასართობ გადაცემეში ვიღებ მონაწილეობას და მივხვდი, რომ აქაც როგორც ჩემს პროფესიაში მთავარია გულწრფელობა. რა ტექსტებსაც ვამბობ, შეიძლება დიდად არ მომწონდეს და არ ვიზიარებდე, მაგრამ ეს გადაცემის ფორმატია. ვცდილობ, რომ ის რასაც ვაკეთებ არ იყოს ხელოვნური. რაღაც კუთხით ტელევიზია მათავისუფლებს, ვიცი, რომ კამერებს მიღმა ასიათასობით მაყურებელია. საბოლოოდ ეს მაინც ჩემი დროებითი საქმიანობაა. მირჩევნია თეატრში იყოს ის გარემო, არამარტო ფინანსური კუთხით, რადგან სხვაგან ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფინანსების გამო მიდიხარ. ვგულისხმობ შემოქმედებითი კუთხითაც, რადგან თუ რაიმე დიდ იდეაზეა საუბარი, მაშინ ყველაფრის დათმობა შეიძლება. მე ძალიან გამიმართლა, რომ დავით დოიაშვილი (დოი) მაძლევს საშუალებას, რომ ყველაფრისთვის გავანაწილო დრო. ის თავადაც ხვდება და ძალიან კარგად ესმის მსახიობების მდგომარეობა. ეს ძალიან რთულია და დოი ამ შემთხვევაში სერიოზულ დათმობაზე მიდის. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ძალიან დიდი ენერგია იხარჯება, ხელი სხვა კუთხით არ შემშლია.
სერიალი „ტიფლისი“ თქვენი გმიერი, რომლზეც ყველა საუბრობს… ელოდით თუ არა რომ ეს სერიალი და კონკრეტულად თქვენი გმირი ასეთი პოპულარუ გახდებოდა?
– რა თქმა უნდა, იდეაში ყველას უნდოდა, რომ სერიალი წარმატებული გამხდარიყო და ეს „ტიფლისის“ შემთხვევაში უცებ მოხდა. თავდაპირველად ლევან დაბრუნდაშვილს ფილმის გადაღება უნდოდა, შემდეგ გადავიღეთ „თრეილერი“და უცებ მოუვიდა ლევანს სერიალის გადაღების იდეა. ამის შემეგ მალევე დავიწყეთ სერიალის გადაღება. „ტიფლისი“ როგორიც გამოვიდა, ეს იყო არანორმალურ და წარმოუდგენელ დროში გაკეთებული. ძალიან მცირე დრო იყო და ასევე რაღაც კუთხით მინიმალური შესაძლებლობები. ვიღაცებს გონიათ, რომ ამ სერიალზე ძალიან დიდი ფულია დახარჯული, მე როგორც ვიცი და მგონი ზუსტად ვიცი ასე არაა. უბრალოდ პატარა თანხით კარგი ვიზუალია შექმნილი. იმ სიტუაციაში, რაც ჩვენ გვქონდა, სცენარი გზადაგზა, დუბლის წინ შემოდიოდა, მე კმაყოფილი ვარ რა შედეგიც დაიდო. ამ სერიალმა ვიზუალური კუთხით დონე აწია, რომელსაც ვეღარ ჩამოვა. შესაბამისად ეს კარგია ყვველასათვის. მეორე პლუსი ამ სერიალისა არის, ის რომ უმრავი მსახიობი დასაქმდა, რაც ჩვენთან დღეს დიდი ფუფუნებაა. გმირს რაც შეეხება, ისე დავიწყეთ გადაღება, რომ ჩემთვის ჩონჩხი იყო მოხაზული. სიმართლე გითხრათ მეშვიდე სერიაში, სცენარისტებთან და რეჟისორთან ერთად დავჯექი და დავიწყეთ ჩემ გმირეზე მსჯელობა. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად ჩემი გმირი გაფანტული იყო დროის სიმცირის გამო, გადავწყიტეთ, რომ ამ ყველაფერზე ერთად გვემსჯელა. ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისათვის, რომ ჩემი გმირი საბოლოოდ შემეკრა და უფრო ნამდვილი გამეხადა, ჩემი გადმოსახედიდან ეს ყველაზე უკეთ ბოლო სერიაში შევძელი. მანამდე მე თვითონაც ცოტა დაბნეული ვიყავი, ჩემი გმირის განვითარებაში, ვერ ვხდებოდი მის დრამატორგიულ გზას. მოკლედ კარგია, რომ ხალხი უყურებს, კარგია, რომ ასეთი გამოხმაურება მოყვა და იმედს ვიტოვებ მეორე სეზონი უკეთესი იქნება. ასევე ვიმედოვნებ, რომ მე კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ “ტიფლისში“ და ამის საშულება მომეცემა. რეალური პრობლემა იყო დრო და ვფიქრობ მეორე სეზონის გადაღებისათვის დრო საკმარისი გვექნება. ამ სერიალზე ძალიან ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ, ისინი თავად მოვიდნენ აქამდე, საკუთარი ხედვით, საკუთარი შეხედულებებით. ისინი ცდილობენ რაღაც გააკეთონ მიუხედავად იმისა, რომ არავის არაფერი უსწავლებია. მათ მოახერხეს და თავად ისწავლეს, ეს „youtube“-ის თაობაა. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ძალიან დიდი ჩავარდნა გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ინტერნეტი გვაქვს და ყველაფრის შეფასება შეგვიძლია, ძალიან მარტივია ქართული პროდუქტის გალანძღვა. არსებობს განვითარების რაღაც ეტაპები, ჩვენ ნაბიჯ–ნაბიჯ მივდივართ, რადგან არ გვეძლევა საშულაება ვირბინოთ. ახლა წესით უნდა გავრბოდეთ, რადგან მთელი მსოფლიო დარბის. ისინი დიდი ხანია რაც დარბიან, ჩვენ დიდი ხანი ვიჯექით, რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა, ახლა დავდივართ და ხანდახან ვძუნძულებთ. მე მაგალითად, დავრბივარ თუნდაც ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე. სულ მოქმედებაში ვარ, სულ სწავლაში, მუშაობაში ვარ და ა.შ. კარგია თუ ყველა ირბენს, მაგრამ ამას ხელი უნდა შუეწყოს გარემომ, იმ ადამიანებმა ვისაც ეს ეხება. მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ საბოლოოდ ყველაფერი გამოსწორდება.
რა არის თქვენი წარმატების ფორმულა და რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ? რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?
– მე, რომ ეკრანზე ვჩანვარ, ამას შეიძლება წარმატება ვუწოდოთ იმ კუთხით, რომ დღეს სამსახური მაქვს, რთულია ამ ქეყანაში სამსახურის პოვნა. სხვა კუთხით ვერ ვხვდები რა არის წარმატება? ალბათ ძალიან დიდ ასაკში მიხვდები, რომ წარმატებული ხარ. შენს ცხოვრებას, რომ გადმოხედავ და ერთი კი არა რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გექნება გაკეთებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს წლების მერე ვიტყვი, რომ წარმატებული კარიერა მქონდა. შევძლებ შევქმნა ისეთი რამ, რაზეც თავისუფლად ვიტყვი, რომ ჩემი შექმნილია. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს საკუთარ თავთან, რაც აუცილებლად პასუხგასაცემი და გამოსასწორებელია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გულწრფელად გეტყვით, რომ წამატებულად ვერ აღვიქვამ საკუთარ თავს. იმისათვის, რომ რაღაცას მიაღწიო საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და დაუნდობელი ბრძოლა საკუთარ თავთან. მე ბუნებით ზარმაცი ვარ, მაგრამ ახლა ვცდილობ, რომ ეს სიზარმაცე აღმოვფხვრა ჩემში. მივხდი, რომ ეს ჩემი ყველაზე დიდი მტერია. ძალიან რთულია საკუთარ თავთან ბრძოლა, სხვას უფრო ადვილად მოერევი, ვიდრე საკუთარ თავს. ჩემ თავსაც და ყველას ამას ვურჩევდი და ვუსურვებდი , რომ აღმოგვეჩინოს საკუთარ თავში სისუსტეები, ჩვენ მოგვეპოვებინოს ჩვენ თავზე გამარჯვება და არა ჩვენ თავს ჩვენზე.
რა არის თვენი სამომავლო გეგმები? რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?
– რაც შეეხება კონკრეტულ სამომავლო გეგმებს არის ის, რომ უნდა გავაგრძელოთ „ტიფლისის“ გადაღება. დაგეგმილია ორი გასტროლი, ეს რაც ვიცი და რასაც ველოდები. ახლა ძალიან დიდი მოლოდინია სერიალის მიმართ და მინდა, რომ ეს მოლოდინი გამართლდეს და არა მარტო ჩემი მხრიდან. რომ გითხრა, წასვლა მინდა ამ ქვეყნიდან, ეს ვის არ უნდა. ეგ არ არის ჩემი მთავარი მიზანი, რადგან ვთვლი, რომ წასვლა არ არის გამოსავალი. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ იქ არავის ჭირდები, ასეც არის, იქ ძალიან დიდი კონკურენციაა, ძალიან რთულია თავის დამკვიდრება. მე ამის შიში არ მაქვს, რადგან ბავშვობიდან ძალიან ხშირად მიწევდა გარემოს გამოცვლა და ეს ჩემთვის უცხო არ არის. მიუხედავად ამისა, მირჩევნია ჯერ მე გავძლიერედე და ვთქვა, რომ რასაც ვაკეთებ სანახავად ღირს. ამ შემთხვევაში შეიძლება წავიდე, მაგრამ არამგონია სამუდამოდ. სიმოვნებით ვიქნებოდი აქეთაც და იქითაც, სიამონებით ვითამაშებდი კარგ რეჟისორებთან და დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თბილისში, ბეთანიაში ან არ ვიცი სადმე ტყეში. მინდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ ბოლომდე კონცენტრირებული ვიყო ჩემს საქმიანობაზე, ეს არის ჩემი ოცნება. მსახიობი სულ მოლოდინშია, ელოდება როლს, ელოდება გმირს, რომელიც უნდა გაიცნოს, რომელიც უნდა შეიყვაროს. გინდა არ გინდა შენ თავზე არ ხარ დამოკიდებული, შენ არ ხარ მხატვარი, მწერალი, პოეტი… მსახიობობა მაინც კოლექტიური ხელოვნებაა, კინოში რეჟისორზე, ოპერატორზე ხარ დამოკიდებული, თეატრში მხატვარზე და ა.შ. აქვე რა თქმა უნდა, შენ შენი მთავარი კომპონენტი გაქვს – მსახიობი ხარ. მე საკუთარ თავს ვუსურვებდი, რომ ცხოვრების გზაზე გადამეკვეთონ ისეთი ადამიენები, რომლებიც იდეის ქვეშ გამაერთიანებენ. იმ იდეის ქვეშ, რომელიც ჩემთვისაც მისაღები იქნება. დანარჩენი კონკრეტული გეგმა არ მაქვს. კიდევ მინდა, რომ ვარჯიში დავიწყო, ეს შეიძლება გეგმად ჩაითვალოს.
ესაუბრა ანო მუქათარიძე


















