გასაუბრების მოლოდინში მოვლენების განვითარების ათას შესაძლო ვარიანტზე ვფიქრობ. პერანგი ნერვიულობისგან უსიამოვნოდ მეკვრის ტანზე. დერეფანში ჩემ გარდა სამსახურის ათი მაძიებელია დაახლოებით. რამდენიმე მათგანი ზედმეტად გადაპრანჭული მეჩვენება. (რატომღაც მახსოვდა, რომ ტუჩსაცხი მხოლოდ ტუჩებისთვის იყო განკუთვნილი). კონკურენტის თვალით სინჯავენ ერთმანეთს და წუთში რამდენჯერმე ათვალიერებენ თავიდან ფეხებამდე და პირიქით. თეთრი კარიდან ახალგაზრდა გამოვიდა უმეტყველო სახით. – შემდეგი! მის ზურგს უკან დაზეპირებული სიტყვა გაისმა. შევედი და მითითებულ სკამზე დავჯექი.
– ასაკი?
– 22წლის
– სამუშაო გამოცდილება?
– არ მაქვს! – ტალღებად გაიშალა ეს უკანასკნელიდა მთელ ოთახს მოედო. მომეჩვენა, რომ ყველამ მე შემომხედა.
– …ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო სტაჟით.
– კი მაგრამ.. მე უნივერსიტეტი ახლახან დავამთავრე.
– მმმ.. სამწუხაროა. ნეტავ რამდენი ტრენინგი დასჭირდა ამ სიტყვების ასეთი გრძნობით წარმოთქმის სწავლებას – გამიელვა თავში. წამოდგომა დავაპირე.
– იცით,ჩვენთან არის ერთი თავისუფალი ადგილი.. სტეპლერისტის თანამდებობაზე.
– ??? და.. რა უნდა გავაკეთო?
– სტეპლერის მოწესრიგება დაგევალებათ. დეტალური დათვალიერება, მტვრისგან გაწმენდა, ტყვიებით შევსება და თანამშრომლებისთვის დროულად მიწოდება. სხვათა შორის საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, წინა თანამშრომელი ორიოდე დღის წინ სწორედ უპასუხისმგებლობის გამო დავითხოვეთ. თანაც ამ თანამდებობისთვის ერთი დიპლომი საკმარისია. ასაკიც გიწყობთ ხელს. 25 წელს ზევით ხალხს აღარ ვიღებთ. ასე რომ, გაგიმართლათ.
შეიძლება თავს უეცრად დამტყდარი ასეთი ‘’ბედნიერებისგან’’ან იქნებ იმისგან, რომ ეს უკვე მესამე ‘’იღბლიანი’’ გასაუბრება იყო, უნებურად გამეცინა.მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი. ჩემი ხმა ჯერ მხოლოდ ჩემ პირდაპირ მჯდომს ესმოდა, შემდეგ მთელ ოთახს მოედო, შემდეგ დერეფნებში გაიფანტა. მაგიდაზე კანკალებდა კალამი, უგემური ყავა ეხეთქებოდა ფინჯნის სქელ კედლებს, იბზარებოდა ოთახის თხელი კედლები და ზუსტად ვიცოდი, დირექტორი თავის კაბინეტში შეშფოთებას გამოთქვამდა მომხდარის გამო. უეცრად მივხვდი, ცოტაც და საკუთარი ხმა დამაყრუებდა და.. გამეღვიძა.
ტელეფონს დავხედე. ღამის (თუ დილის) 4-ის ნახევარი იყო. გავიფიქრე, შუქს ავანთებ და წიგნს წავიკითხავ-მეთქი,მაგრამ გამახსენდა, დედა გაიღვიძებდა, ოთახში შემოვიდოდა და უანგარო ლექციას წამიკითხავდა ღამით ლოგინში კითხვის მავნებლობაზე. გადავიფიქრე… ქუჩიდან შემოსული ხელოვნური სინათლე ოთახის კედელზე ჩრდილებს ქმნიდა. ამ ჩრდილებისგან წარმოსახვითი ფიგურების აწყობა დავიწყე.თან დავფიქრდი: რომელი უფრო უარესი იყო, გარდაუვალი სიცხე თუ უჩინარი კოღო, რომელიც ვინ იცის, რამდენი ხანია, ჩემს ყურთან დაუკითხავად წუწუნებდა. დავაკვირდი…
დროგამოშვებით‘’მელოდიას’’ ცვლიდა. შეიძლება მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილოებული და მე სათანადოდ ვერ ვაფასებდი. მომბეზრდა გაურკვეველი ფიგურების‘’ხაზვა’’ და მომავალში გადავედი, ფიქრით. დავინახე საკუთარი სილუეტი ჩვეულ მაგიდასთან, ჩვეულ პოზაში. უთავბოლოდ დაყრილ ქსეროქსებსაც გადავავლე წამით თვალი და უსიამოვნოდ შევიშმუშნე. ‘’ სურათი’’ გაქრა.არცთუ შორიდან (საეჭვოდ მომრავლებული) ძაღლების ყეფა მოისმა. ალბათ უიღბლო გამვლელს გამოუდგნენ. – რას იზამ, (ხანდახან ) არ გვიმართლებს!
ისევ მომავალს დავუბრუნდი. შესაძლებლობების გადასინჯვა და ალტერნატივების ძიება დავიწყე. გონებაში მრავალრიცხოვან კეთილისმსურველთა სახეები შემოვიდა. “აბა, შენ იცი!”, “ხომ იცი, შენი იმედი გვაქვს!”’, “რაღა მაინცდამაინც ეგ პროფესია აირჩიე, იქნებ სხვა რამე გეცადა”. ყველა სახე სხვადასხვას იმეორებდა, თან ასჯერ, ათასჯერ.. ბოლოს ერთი უცნობი სახე გამოჩნდა. არა, ვიცნობდი ამ სახეს, ავტობუსში შევხვდი ერთხელ. ხნიერი ქალი იყო. შუალედურის მასალებს ვიმეორებდი გამოცდისკენ მიმავალი.მკითხა რაზე სწავლობო, ვუპასუხე. 5 წუთის შემდეგ მივხვდი, მისგან ჩინებული ორატორი დადგებოდა თავის დროზე. საჩვენებელი თითი ზეცისკენ(ან უფრო სწორად ავტობუსის ჭერისკენ) ჰქონდა მიმართული და ღრმა პათეტიკით მმოძღვრავდა:- ქალისთვის მთავარი ოჯახია, შვილები.. აი, მე რომ შენხელა ვიყავი… შეტყობინება მომივიდა. – ვინ არის ამ შუაღამისას?! გავიფიქრე და ტელეფონს გადავწვდი. როგორც ჩანს, ბევრად ადრე გამოუგზავნიათ, მაგრამ რატომღაც ახლა მოვიდა.. კომპანია დიდი ზარ-ზეიმით მაუწყებდა უმაღლესი ხარისხის ქვაბებსა და ტაფებზე 30%-იან ფასდაკლებას. ყურში ჯერ კიდევ მიწიოდა ქალის სიტყვები: – აი, დაღლილი ქმარი რომ მოვა სახლში, მშიერი… გარეთ ისევ აპროტესტებდნენ ძაღლები რაღაცას.
ვდგები. სიბნელეში ჯერ ჩემს ოთახს ვცდები, შემდეგ მეორეს და კარადასთან ვჩერდები. რატომღაც მეგობრის ადრინდელი ‘’იმედისმომცემი’’ ნათქვამი მახსენდება: ‘’ყველაფერს დრამატულად აღიქვამ. ეგრე თავს ჩამოიხრჩობ მალე’’. ღმერთმანი, უკეთეს ‘’წინასწარმეტყველებას’’ ვერც ინატრებ. წარმოვიდგინე, რომ ახლა, ობიექტური მიზეზების გამო მორალურად შერყეული, მოვძებნიდი თოკს, ჩამოვკიდებდი სადმე და.. გამეცინა. კარადა გამოვაღე. ყურადღებით მოვათვალიერე ბნელი თაროები.
– აქ, სადღაც უნდა იყოს.. ჭიქა.. ჩაისთვის.
ანი ვარდოსანიძე






