გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნეს. ღონისძების ფარგებში გაიმართა ალბომის – „ნადირობისა და ტყით სარგებლობის ტრადიციები ძველ საქართველოში“ – პრეზენტაცია. ალბომში შესული უძველესი და უნიკალური ქართული ხელნაწერები, დოკუმენტები და ილუსტრაციები სპეციალურად ამ დღისთვის კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა გამოფენის სახით.
„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს ეს დღე მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნა. ღონისძიებას ყოველწლიურად FAO და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობენ და ერთობლივი პროექტების ფარგლებში გასული ერთი წლის მნიშვნელოვან შედეგებს აჯამებენ. წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამების, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემების, ნადირობისა და ველური ბუნების მართვის პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა გახსნეს.
„ევროკავშირის, შვეიცარიის კონფედერაციისა და ავსტრიის მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, FAO დღესდღეობით ახორციელებს უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიან პროგრამებს საქართველოში. ეს პროგრამები ორიენტირებულია სოფლის განვითარებაზე, სოფლის მოსახლეობის – განსაკუთრებით ახალგაზრდების – დასაქმებასა და შემოსავლების ზრდაზე და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე. FAO მათ გადასცემს ცოდნასა და გამოცდილებას სასოფლო-სამეურნეო წარმოების ისეთი პრაქტიკების შემუშავებაზე, რომელიც არ აზიანებს გარემოს და უზრუნველყოფს ჯანსაღი და უვნებელი სურსათის წარმოებას“, – განაცხადა მამუკა მესხმა.
ღონისძიებაზე FAO-ს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია შედგა. ნადირობისა და ტყით სარგებლობის შესახებ უძველესი ქართული ხელნაწერებითა და ილუსტრაციებით შედგენილი ალბომი ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ წარადგინა.
„კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 10 000-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი და 40 000-მდე ისტორიული საბუთია დაცული. ეს მემკვიდრეობა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ატარებს ქვეყნის წარსულის შესახებ, თითქმის ყველა დარგის მიმართულებით. ტყით სარგებლობისა და ნადირობის ისტორიის აღსადგენადაც, ბუნებრივია, ამ წყაროებს მივმართეთ. წინამდებარე ალბომი სატყეო და სამონადირეო მიმართულებით შემორჩენილი ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის პირველი მცდელობაა“, – განაცხადა ზაზა აბაშიძემ.
მრავალფეროვანია ალბომში წარმოდგენილი ისტორიული საბუთები, რომელთაგან უძველესი XIV საუკუნით, ხოლო უახლესი XIX საუკუნით თარიღდება. საბუთის გამცემთა შორის არიან მეფეები (მეფე თეიმურაზი, ერეკლე II), კათალიკოსები და რიგითი ფეოდალები. დოკუმენტებში უაღრესად საინტერესო ინფორმაციაა საქართველოში ტყით სარგებლობის, ტყიდან მოპოვებული რესურსების, ტყის ფლობისა თუ გასხვისების შესახებ, საინტერესოა ტექსტები სამეფო ნადირობისათვის მზადებისა და მეფის მიერ ნადირობად მიწვევის რიტუალის თაობაზეც.
მსოფლიო სურსათის დღეზე FAO-ს დაარსების დღეც აღინიშნება. ორგანიზაცია 73 წლის წინ დაარსდა და დღეს მსოფლიოს 194 ქვეყანაშია წარმოდგენილი.