• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დღეს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა – 31 მარტი საქართველოს ისტორიაში

7 years ago
in საზოგადოება
A A
დღეს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა – 31 მარტი საქართველოს ისტორიაში
13
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზუსტად 80 წლის წინ, 1939 წლის 31 მარტს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, დაიბადა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს უახლესი ისტორია სათანადოდ შესწავლილი ჯერაც არ არის, საზოგადოებაში ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს.

შეუძლებელია საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე საუბრისას ზვიად გამსახურდია არ ვახსენოთ, ზვიად გამსახურდია, რომელმაც თანამებრძოლებთან ერთად დამოუკიდებელ საქართველოს ჩაუყარა საფუძველი.

31 მარტს, 1991 წელს, ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიც, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ დადებითი პასუხი გასცა. სწორედ 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 31 მარტის მნიშვნელობაზე, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ზვიად გამსახურდიას როლსა და საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობაზე “თბილისი თაიმსს“ მისივე თანამებრძოლი, ნუკრი ბაღდავაძე და „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების“ თავჯდომარე, მალხაზ მუსერიძე, ესაუბრნენ.


ბატონო ნუკრი, დღეს 31 მარტია, ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი. როგორ შეაფასებდით ზვიად გამსახურდიას როლს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და რა მნიშვნელობა ჰქონდა მის პოლიტიკურ მოღვაწეობას ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე?

– რა არის 31 მარტი? 31 მარტი, პირველ რიგში, ეს არის რეფერენდუმის დღე, კითხვით: ვის სურს საქართველოს დამოუკიდებლობა? ეს დღე სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში.
მეორე, 31 მარტს ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობითი არჩევნები. სახელმწიფოსთვის ამასაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მესამე კი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემთხვევა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ზოგი ამბობდა მაშინ, რომ ზვიადმა სპეციალურად დაამთხვია საკუთარ დაბადების დღეს მნიშვნელოვანი მოვლენები, მაგრამ – არა. ყველაფერი იმდენად სწრაფად ვითარდებოდა იმ ერთი წლის განმავლობაში, რომ შეიძლებოდა უფრო მეტიც კი ჩადებულიყო შინაარსობრივად ამ ერთ თარიღში. უკვე ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავია და გული მწყდება, რადგან ჩემ თვალწინ გაიარა ამ ყველაფერმა. ზოგჯერ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ უფრო მეტს ვერ ვამბობ, რადგანაც მე თავად ვარ მონაწილე ამ დღეებისა. მთელი ჩემი ახალგაზრდობა და მთელი ჩემი თაობის წლები გავიდა იმ პერიოდთან ერთად.

ზვიად გამსახურდია მართლაც არის მეოცე საუკუნის უდიდესი პიროვნება, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში და ეს საუკუნეებს გასტანს, რადგან ასეთი პიროვნებები ასე არ იბადებიან. ილია ჭავჭავაძე დაიბადა მე-19 საუკუნეში და ის მოკლეს, ხომ? ასეთივე ტრაგიკული ბედი ეწია ზვიად გამსახურდიასაც, მაგრამ მან მოასწრო თავისი დავალების შესრულება იმ მხრივ, რომ მიაღწია სამართლებრივად და იურიდიულად სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ეს იყო მისთვის მთავარი. ახლა ბევრი ამბობს, რომ მეგობრები ვერ შეარჩია, კადრები უჭირდა და ა.შ ეს სულ ერთია. მისი ამოცანა საქართველოს დამოუკიდებლობა იყო და მან ეს ბრწყინვალედ შეასრულა. ამით არის ზვიად გამსახურდია, პირველ რიგში, დიდი. რა თქმა უნდა, ის იყო ასევე უდიდესი მწერალი და ყველანაირად განათლებული პიროვნება. მას ბევრი იგავ-არაკი, ლექსები აქვს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოკვლეული არ არის. ამასაც კვლევა-ძიება სჭირდება.

აი, ასეთი ადამიანი იყო ზვიად გამსახურდია და მე ბედნიერი ვარ, რომ მასთან ვიყავი ის პატარა პერიოდი, რომელშიც ჩემი ასაკის ხალხს, ასე ვთქვათ, გაბრწყინება გვქონდა. ეს იყო უდიდესი პატივი. ზვიადი ჩვენი კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე იყო, აქედან გამომდინარე, მქონდა ურთიერთობები მასთან და მოკლედ მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს ვიცნობდი.


ბატონო მალხაზ, როგორც ცნობილია, 1991 წელს, 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს დაეფუძნა. რატომ იყო მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის აღდგენა საერთო სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე?

-მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს. ცხადია, ამას ჰქონდა უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა, როგორც ბატონმა ნუკრიმ აღნიშნა. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლებრივი ასპექტის მხრივ, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, და გარდა ამისა, ეს იყო უდიდესი პოლიტიკური, მოქალაქეობრივი აქტი, რომლითაც უნიკალური შესაძლებლობა მიეცა საქართველოს რესპუბლიკის თითოეულ მოქალაქეს, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია. ალბათ, ქვეყნის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი მომენტები იშვიათად დგება ხოლმე და ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ასეთი შესაძლებლობა ეძლევა, რომ ხელეწიფება, გადაწყვიტოს სამართლებრივი გზით ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობას ასეთი შესაძლებლობა მისცა, რაც ასევე, ცხადია, დემოკრატიული პროცესის ძალიან მაღალი ხარისხის მაჩვენებელია, და აი, ამ თითოეული ადამიანის პასუხი, ჩემი აზრით, ფაქტობრივად ტოლფასია იმ ხელმოწერისა, რომელიც შემდეგ 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე დააფიქსირეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა. აქედან გამომდინარე, თვითონ რეფერენდუმის მნიშვნელობა, ცხადია, ძალიან დიდია. პლუს ამას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისეთ მრავალნაციონალურ ქვეყნაში, როგორიც საქართველოა, მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღეს არა მარტო ეთნიკურმა ქართველებმა, არამედ საქართველოს რესპუბლიკის არაქართული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ასევე ამ რეფერენდუმის გამართვა დაფიქსირდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ავტონომიურ რესპუბლიკებშიც: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რაიონში, შიდა ქართლში. ერთადერთი, მონაწილეობა არ მიუღია გუდაუთას და ტყვარჩელს, თუმცა ტყვარჩელმა გვიან განაცხადა თანხმობა, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ მოესწრო. რეფერენდუმის გამჭვირვალობაზე და მშვიდობიან გამართვაზე არავინ დავობს. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოსთვის.

ბალტიისპირეთში პროცესები თითქმის ანალოგიურად წარიმართა, თუმცა, პირველ რიგში, თვითონ საარჩევნო პროცესი ცოტა განსხვავებული იყო ჩვენგან. ბალტიისპირეთის საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში გამარჯვებულმა სახალხო ფრონტმა ჯერ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა და მერე გამართა რეფერენდუმი, ოღონდ რეფერენდუმში მონაწილეობის ნება დართეს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ბალტიისპირეთის გასაბჭოებამდე. თუ შევადარებთ ამას საქართველოში გამართულ რეფერენდუმს, ცხადია, რომ ჩვენი რეფერენდუმი გაცილებით მაღალი დონისაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რაოდენ დიდ ყურადღებას აქცევდა ხელისუფლება სამართლებრივ მხარეს არის ის, რომ არსებული კანონმდებლობით, საქართველოს რესპუბლიკის პირველ პირს ირჩევდა უზენაესი საბჭო და ასე მოხდა კიდეც. აპრილის თვეში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ პრეზიდენტად აირჩია ზვიად გამსახურდია და რომც არ გამართულიყო საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არ იქნებოდა არანაირი კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის სახელმწიფო პირველი პირის არჩევა, ცხადია მოსახლეობის უმეტესობის გადასაწყვეტია და, შესაბამისად, ზვიად გამსახურდიას ინიცირებით დაინიშნა არჩევნები.

ბატონო ნუკრი, 31 მარტი ყველასთვის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესა და რეფერენდუმთან ასოცირდება, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ 1991 წელს ამ დღესვე ჩატარდა I ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში. გთხოვთ, შეაფასოთ ამ არჩევნების მნიშვნელობა.


– ნამდვილი არჩევნები თუ საქართველოში რამე ჩატარებულა, ეს იყო 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები. ასეთივე წარმატებულად და ასეთივე აღტკინებით ჩატარდა 1991 წლის 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს იმ პარტიებმა, რომლებიც იყვნენ მრგვალ მაგიდაში შემავალი პარტიები. ადგილობრივი თვითმმართველობითი არჩევნების შედეგად უკვე საკრებულოს დეპუტატები ირჩეოდნენ. მაშინ რაიონებშიც იყო დეპუტატთა კორპუსები. იქ ირჩეოდა, დაახლოებით, 30-35 კაცი და შემდეგ გარკვეული რაოდენობა, ამდენივე ან ცოტა მეტი, ირჩეოდა ასევე ქალაქშიც, ასე რომ, თბილისის გარდა რაიონებიც მოცული იყო. ხარისხობრივად შეიძლება იგივე ნაკლოვანებები მოვძებნოთ, რაც იყო 1990 წელს, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის, რომ სახელმწიფო ყალიბდებოდა. ეს იყო პირველი ნაბიჯები. ისე გავიდა ერთი წელიწადი, რომ სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდა თვისი ატრიბუტიკით, თუმცა საკანონმდებლო ბაზაც კეთდებოდა და, ასე ვთქვათ, რაღაცა სახელმწიფოებრივი სტრუქტურული რგოლებიც იქმნებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობითი არჩევნებმა უკვე იყო მეორე ნაკადი. 1990 წლის არჩევნებში მონაწილეობდა შედარებით ისეთი კატეგორიის ხალხის, რომლებიც ჩამოყალიბებულნი იყვნენ უკვე არა მარტო ასაკობრივად, არამედ სხვა მხრივაც, მაგრამ 1991 წლის 31 მარტის არჩევნებში მეორე თაობა მონაწილეობდა. ის ძირითადად დაკომპლექტდა ახალგაზრდების შემადგენლობით. ამასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და, რა თქმა უნდა, მათი გამარჯვება ისევ ზვიად გამსახურდიას სახელთანაა დაკავშირებული. ამ პიროვნებებს, ისევე როგორც 1990 წლის საპარლამენტო დეპუტატებს, ხალხი არ იცნობდა. ხალხს სად უნდა გაეცნო ისინი?! იმ პერიოდში ყველა 2-3 წლით ქუჩაში იყო გამოსული აქციებზე და ასე თუ გაიცნობდნენ, თორემ საქმის კეთებით შემდეგ გამოჩნდნენ, ამიტომ, ფაქტობრივად, ეს იყო ზვიად გამსახურდიას ლოკომოტივი, რომელმაც საპარლამენტო უზენაესი საბჭოს ხალხთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობითი არჩევნების ახალგაზრდული ფრთები გაიყვანა დეპუტატებად.

ბატონო მალხაზ, 1991 წლის მარტსა და 9 აპრილს მიღწეულ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ბლოკი “მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა შემადგენელმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ “საქართველოს ჰელსინკის კავშირმა“, რომლის თავმჯდომარეც ახლა თქვენ ბრძანდებით. რა ღირებულებებს ეფუძნებოდა ჰელსინკის კავშირი 1991 წელს და განსხვავდება თუ არა იგი დღევანდელი ჰელსინკის კავშირისაგან?


– „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” არის თანამოაზრეთა პოლიტიკური გაერთიანება, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოში 1976 წელს შექმნილი ჰელსინკის ხელშეკრულებისათვის ხელშემწყობი ჯგუფის, შემდგომ „საქართველოს ჰელსინკის კავშირისა” და მოგვიანებით მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბებული ორგანიზაციის საქმიანობისა და ტრადიციების გამგრძელებელი.
ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება, როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, დაფუძნდა 1989 წელს. წმინდა ილია მართლის საზოგადოებასთან ერთად, ის გახლდათ პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა გაერთიანება – „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ ძირითადი, დამფუძნებელი ორგანიზაცია. ჰელსინკის ჯგუფი შექმნა ბატონმა ზვიადმა 1976 წელს ჰელსინკის პაქტის ხელმოწერის შედეგად. მისი ძირითადი ამოცანა იყო ადამიანის უფლებების დაცვა, ანუ ის ყველაზე მაღალი ღირებულება, რაც პოლიტიკურ ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს. ადამიანთა უფლებების დაცვა განურჩევლად მათი პოლიტიკური მრწამსისა, მათი რელიგიური მსოფლმხედველობისა და მათი რასობრივი კუთვნილებისა მნიშვნელოვანია და ამას ყოველთვის ყველა შეხვედრაში ხაზგასმით ამბობდა ბატონი ზვიადი. უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ ამას იმიტომ, რომ საქართველო საბჭოთა იმპერიის მიერ დაპყრობილი ქვეყანა იყო.
აღსანიშნავია და მნიშვნელოვანია, რომ ზვიად გამსახურდია, როგორც დამფუძნებელი ჰელსინკის ჯგუფის და მერე დამფუძნებელი ჰელსინკის კავშირი- ეროვნული აღორძინების, თავის პოლიტიკურ პლატფორმაში, რომელიც მან საკუთარ საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე წარმოთქვა, მკაფიოდ აყალიბებს ხედვას და ღირებულებებს. ეს ღირებულებებია: პირველყოვლისა, ადამიანის სულიერი, ჰარმონიული განვითარება. ზნეობაზე, სულიერებაზე დაფუძნებული განვითარებული საზოგადოება, სადაც ადამიანი, მისი ზნეობა და მისი სულიერება არის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. სახელმწიფო, რომელშიც მსგავსი ერთობით შეკრული ადამიანების გუნდია, ცხადია, რომ ასეთივე სანიმუშო არის ყველა სხვა დარგსა და საკითხში.
ღირებულებები დღესაც იგივე გვაქვს. პოლიტიკური ვითარება ცხადია, ახლა შეცვლილია. დღეს ბევრი კონფლიქტი და კონფლიქტური ვითარებაა წარმოქმნილი და ის სამართლებრივი გზა, რომელიც ჰელსინკის კავშირი – ეროვნულ აღორძინებას ჰქონდა, იყო იდეალური გამოსავალი და იდეალური სივრცე ამ ყველა ხელოვნურად თავსმოხვეული პრობლემების დასაძლევად.
დღესდღეობით, ჩემთვის პირადად თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნა, პირველ რიგში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა. დღეს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება დგას იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც, სამწუხაროდ, მოჰყვა საქართველოში 1991-1993 წლებში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას. კავშირში ახალგაზრდა სახეები გამოჩნდნენ, მოტივირებულები და განათლებულები. ჩვენი ბრძოლის ფორმა თავიდან ბოლომდე იყო მშვიდობიანი და ვცდილობთ ჩვენ ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ, გახლავართ სამართალმემკვიდრე საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი, ლეგიტიმური მთავრობის. ცხადია, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დიდი ჩართულობა იმ ყოველივეში, რასაც ჰელსინკის კავშირი აკეთებს.

ბატონო მალხაზ, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად ისწავლება საქართველოს უახლესი ისტორია და რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდობისათვის ამ მოვლენების ცოდნას?

– სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორიის დამახინჯებებს ჰქონდა ხშირად ადგილი. სათანადოდ და ობიექტურად არ ისწავლება საქართველოს უახლესი ისტორიის, განსაკუთრებით, 1990-იანი წლების მოვლენები. ამ ყველაფერზე ზოგადი, შაბლონური აზრია ჩამოყალიბებული და ძალიან მცირე დრო ეთმობა სასკოლო პროგრამაში აღნიშნულ პერიოდს. ზუსტად იმ პერიოდში არის ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი, რომელიც დღევანდელი არსებული პრობლემების გასაღებია. ხდება ხელოვნურად მიწის მიყრა ამ პერიოდზე. რაღაც სტერეოტიპია შექმნილი. ეს არის არის ახალი და უცხო საქართველოს ისტორიაში. ხშირად ხდება ისე, რომ მოვლენები დამახინჯებული და არასწორად ინტერპრეტირებულია.

ასეთი მოსაზრებაც გამიგონია, რომ ლიტერატურა არ არსებობს, არ მუშავდება…

ვერ დაგეთანხმებით. ყველაფერი არსებობს. ვერ გეტყვით, რომ ლიტერატურა არის ძალიან ბევრი, მაგრამ არსებობს რამდენიმე წიგნი ისტორიკოსების მიერ გამოცემული, რომლებიც, ასე ვთქვათ, შესავალში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მცდელობა აქვთ მოვლენების ობიექტურად შეფასებისა, გაანალიზებისა და ისინი ემყარებიან მხოლოდ და მხოლოდ არსებულ დოკუმენტებს და არა – ვიღაცის ნათქვამს ან ინტერპრეტირებას. როცა ამხელა მასალა არსებობს, ცხადია, ის უნდა დამუშავდეს სათანადოდ სასკოლო პროგრამისთვის და ასეთი ფორმით არ უნდა შედიოდეს სახელმძღვანელოში.

ბატონო ნუკრი, რა გამოწვევების წინაშე დგას დღევანდელი საქართველო და როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ 1991 წლის 31 მარტს მიღწეული შედეგები შენარჩუნდეს?

-მე ასე ვიტყოდი, ნურავის ნუ ჰგონია, რომ გამოსული ვართ ქართველები კომუნისტური ცხოვრების წესიდან და რიგიდან, რაც გვქონდა იმ 70 წლის განმავლობაში. ნამდვილად არ ვართ. მე სკოლაში, მაგალითად, წიგნს მასწავლიდნენ, ისტორიის წიგნს, სადაც ეწერა: 1980 წელს ჩვენ შევდივართ კომუნიზმში და ამას განსაკუთრებით ვიზეპირებდით. მოვიდა ეს 1980 წელი და გადასცილდა კიდეც და კომუნიზმი ჩვენ ვერ ვნახეთ, თუმცა კომუნიზმი ასეთი იყო: რაც უფრო ვუახლოვდებოდით მას, თანდათან უფრო შორს მიდიოდა ჰორიზონტივით. აბსოლუტურად იგივეა დღესაც. სისტემა იგივეა – მხოლოდ ახალ-ახალი ლოზუნგებია.
ჩვენთან მიდის ილუზიური და რეაქციული ცხოვრება. ილუზიური იმისთვის, ვინც კარგად არის და ილუზიაშია, ქვეყანა ქვეყანა ჰგონია. დადიხარ, ავტომანქანები დადის, ხალხი დადის და ქვეყანაში გვგონია თავი. ახლა კარგად რომ დავაკვირდეთ, ამ ქვეყანას ვერ ვიპოვით. იცით თქვენ რამდენი ქვეყანა გვეძახის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს?! ერთი. ზოგისთვის ჯორჯია ვართ, ზოგისთვის გურჯისტანი ვართ, საერთოდ რა ვართ, ეგეც საკითხავია. ეს არავის არ აინტერესებს. ჩვენ ხომ ვცხოვრობთ აქ და მთავარია რაღაცა პურის ფული ვიშოვოთ, შვილები საზღვარგარეთ გავუშვათ. აი, ასეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. კითხვა: გვეშველება რამე? არაფერი არ გვეშველება. გვეშველება მაშინ, თუ ქართველები მოინდომებენ და გაასწორებენ იმ ისტორიას, რომელიც თვითონვე დაამახინჯეს. აბსოლუტურად მართალი იყო ილია ჭავჭავაძე, როცა მან დაწერა “ბედნიერი ერი“. ეს, ალბათ, გაჯავრებით იყო დაწერილი. მეც გავბრაზდი პირველად რომ წავიკითხე, რა მოუვიდა-მეთქი ილია ჭავჭავაძეს ასეთი, მაგრამ ილია უფრო გაბრაზებული იყო. “ბედნიერი ერი“ სიტყვასიტყვით ეხმიანება დღევანდელ საქართველოს. ასეთები ვართ, სამწუხაროდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის ერში ჯანსაღი თვისებებიც. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნულ ქვეყნად იმიტომ, რომ ტრადიციულადაც ასეთია. უნდა გამოიკვეთოს საქართველოს როლი მსოფლიოში. კარგი, ვართ საქართველოს სახელმწიფო. რას წარმოვადგენთ ჩვენ? ჩვენ თავად თუ არ ვიტყვით არაფერს, იმ იარლიყს მოგვაწებებენ, რომელიც უნდათ. სახელმწიფო გადატრიალება მარტო იმიტომ კი არ მოხდა, რომ არ მოსწონდათ ზვიადი, მათ მთლიანად შეცვალეს მთელი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა ქართველი ერისა.

ავტორი: მაგდა ბატიაშვილი

Tags: ზვიად გამსახურდია
Share5Tweet3

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

12 წლის ლიელის გარდაცვალება დადასტურდა – “ჰამასის” ტერორისტებმა ის ძმასთან, დეიდასთან და ბაბუასთან ერთად მოკლეს, მათი სახლი კი დაწვეს

12 წლის ლიელის გარდაცვალება დადასტურდა – “ჰამასის” ტერორისტებმა ის ძმასთან, დეიდასთან და ბაბუასთან ერთად მოკლეს, მათი სახლი კი დაწვეს

2 years ago
ქართული კინომემკვიდრეობა საქართველოს უბრუნდება

ქართული კინომემკვიდრეობა საქართველოს უბრუნდება

12 years ago
5 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართება

5 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართება

11 years ago
ვინ არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელიც პოლიციამ მძიმე დანაშაულის ბრალდებით დააკავა – შშმ პირს აიძულებდნენ მეძავობას, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სძალავდნენ ფულს და არ აძლევდნენ საკვების მიღების საშუალებასაც

ვინ არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელიც პოლიციამ მძიმე დანაშაულის ბრალდებით დააკავა – შშმ პირს აიძულებდნენ მეძავობას, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სძალავდნენ ფულს და არ აძლევდნენ საკვების მიღების საშუალებასაც

1 year ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by