საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საკმაოდ რთულ ვითარებაში მიმდინარეობს. მაშინ როდესაც ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელი ხელისუფლების და სასამართლო ხელისუფლების ნორმალური დამოუკიდებელი და ობიექტური ფუნქციონირება, გარკვეულწილად მაინც მრავალი პრობლემაა. სასამართლოს მიკერძოებულობის შესახებ კვლავ უამრავი შენიშვნაა. ქვეყანაში აქტუალური მთავარი ბრალმდებლის წარსული და თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტაა, სწორედ ამიტომ აღნიშნული ფაქტების ობიქტური შეფასება და ანალიზია საჭირო. ყოველივე ამის შესახებ ,,თბილისი თაიმსს“ სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ევროსასამართლოს ყოფილი მოასამართლე მინდია უგრეხელიძე გვესაუბრა.

ბატონო მინდია, როგორ აფასებთ ამჟამინდელ სასამართლო სისტემას დღეს არსებულ ხელისუფლების პირობებში, რამდენად დამოუკიდებელი და ობიექტურია?
ამჟამინდელი სასამართლო სისტემა არის გაგრძელება იმ სისტემისა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების ხელში, რომელიც მაშინ ჩამოყალიბდა და მაშინ გაიზარდა. მართალია ახალმა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, ზოგიერთი სერიოზულიც, რათა რამენაირად ,,შეერემონტებინა“ მაინც ეს სისტემა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და რატომ…
საქმე ისაა, რომ ამ სისტემაში არიან მოსამართლეები, მოსამართლეები სარგებლობენ შეუცვლელობის პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ სანამ არ ამოიწურება მათი უფლებამოსილების ვადა, იქამდე მათ ხელს ვერ ახლებენ და ამას იცავს ახალი ხელისუფლება განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, რომელმაც დაიფრინა ყველა მოსამართლე. ამას ემატება სხვა რამ, კერძოდ ახლანდელი მოსამართლეები ისმინებოდნენ. არსებობს საიდუმლო მოსმენების მასალები, არსებობს საიდუმლო ჩანაწერები მათ შესახებ. შეიძლება ეს ყველას არ შეეხებოდეს, მაგრამ უმრავლესობას შეეხება იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არის ქვეყანაზე. ამიტომ ისინი სანამ ცოცხლები არიან ვერ შეძლებენ გათავისუფლდნენ წინარე ხელისუფლების მესვეურთა მოქმედებებისგან. ამიტომ დიდ სიკეთეს არ ველოდები და ეს ჩანს ყოველ წუთში. მაგალითად ეს არის საოცარი ფარისევლური ტენდენცია, როდესაც ახალი მოსამართლეები იძახიან: ,,თქვენ ხომ გვსაყვედურობდით ჩვენ, რომ არ გვქონდა გამამართლებელი განაჩენები, რომ პროცენტი ამ გამამართლებელი განაჩენებისა სისხლის სამართლის საქმეებზე იყო 0,1 პროცენტი, ახლა ვამართლებთ. ხომ გამოვსწორდით?!“ სინამდვილეში ესენი ამართლებენ იმას, ვინც ისევ ნაციონალური მოძრაობის ხალხი არიან. გამოდის, რომ თითქოს გამოსწორდებიან, სინამდვილეში ეს რასაკვირველია სიცრუეა, რომელშიც არავინ არ ტყუვდება. ამგვარად მდგომარეობა რთულია. განსაკუთრებით რთულია იმიტომ, რომ მისი ხელმძღვანელი კოტე კუბლაშვილი, ჩემდა სამარცხვინოდ ჩემი სტუდენტი გამოდგა აბსოლიტურად შეუფერებელი ამ თანამდებობისთვის. მან აუბა მხარი თავისდროზე ნულოვანი ტოლერანტობის თეორიას და დღემდე აგრძელებს ამას, მაგრამ შერჩევით. იგი განსაკუთრებით შემწყნარებელია იმის მიმართ, თუნდაც კანონს არღვევდეს, ვინც წარმოადგენს მის პოლიტიკურ ინტერესს და მის პოლიტიკურ კლანს. ასე, რომ დარგში მდგომარეობა რჩება ძალიან სავალალო.
რა რეფორმები, ღონისძიებები უნდა გაატაროს არსებულმა ხელისუფლებამ, რომ უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა?
ეს ღონისძიებები დაწყებულია, მაგრამ ეს ღონისძიებები მიდის ძალიან დიდი შეფერხებებით. მაგალითად, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა ისეთი კანონი, რომლმაც მოსამართლეებს მისცა მეტი თავისუფლება, აღმოჩნდა, რომ ეს მოსამართლეები არ არიან მზად თავისუფლებისთვის და ისინი კვლავ მონობას ამჯობინებენ. ამავე დროს ის კანონი, რომელიც თავიდან იქნა წარდგენილი პარლამენტში, შეიკვეცა და დასაჭურისდა. ამიტომ დასაჭურებული კანონით ვერაფერს ვერ გააკეთებ. როდესაც მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ირჩევდნენ ხალხს მათ ისევ თავისიანები აირჩიეს და არავითარი ობიექტურობა იქ არ ყოფილა. ის მცირედი ნაწილი, რომელიც პარლამენტმა აირჩია, რომელიც არ შედის ამ კატეგორიაში, მათემატიკურად და არითმეტიკულად, რაოდენობრივად ნაკლებია, მაგრამ პოზიციები ძლიერია. მგონია, რომ უკვე მიაღწიეს ზოგიერთ რამეს და მომავალშიც უფრო მეტს მიაღწევენ. ასე, რომ მოძრაობა არის. მოძრაობა არის პროგრესისაკენ, მაგრამ სამწუხაროდ ნელი ტემპით.
ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის ოთარ ფარცხალაძის მიმართ დღეს უამრავი შენიშვნაა, აგრეთვე ხდება მისი პიროვნების და წარსულის გაკრიტიკება, რა არის თქვენი პოზიცია?
პირველი ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ სრული მოცულობით ყველა ის მასალა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საბოლოო სამართლებრივი შეფასების მიცემა, მეორე – ჩვენ ისიც არ ვიცით გვექნება თუ არა როდისმე. ეს იმდენად საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რომ დროზე უნდა იქნას გამოთხოვილი. მესამე არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული შეფასება ჰიპოტეტიური. კერძოდ ავიღოთ ყველაზე ცუდი ვარიანტი. ვთქვათ ის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, რომ ის გაასამართლეს და ამ გასამართლების შედეგად მიესაჯა სასჯელი. ფაქტია, რომ ეს იმდენი ხნის ამბავია, რომ შეუძლებელია დღემდე არ იყოს გაქარწყლებული მისი ნასამართლეობა. თუ მისი ნასამართლეობა გაქარწყლებულია, ის აბსოლიტურად არის გათანაბრებული ყველა სხვა მოქალაქესთან და ჩვენ იმის უფლებაც კი არ გვაქვს, რომ მოვიხსენიოთ ის, როგორც ნასამართლევი პირი. მე არ ვიცნობ ამ კაცს, არც არანაირი ინტერესი არ მაქვს, ან ვინვეს ვეკრძალვი, რომ ვინმეს არ ვაწყენინო, ვასიამოვნო. ასეთი რამ არ მამოძრავებს და ვერც ვერასდროს მამოძრავებს. მაგრამ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ რაც სხვის მიმართ არ გაგვიკეთებია. როგორ საქართველოში მინისტრები არ იყვნენ ნასამართლევი და ნასამართლევაგაქარწყლებული? სხვა ქვეყნებშიც კი იყო ასე. რატომ ვეცით მაინცდამაინც ფარცხალაძეს? ვეცით იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ ის აქტიურად შეუდგა რაღაცეების ძებნას და მას ლაფი უნდა დაასხან, რათა დაუკარგონ ამის ხალისი. მე მგონია, რომ ეს არ მოხდება და სულ ტყუილია ეს მეცადინეობა, რომ ის გააჩუმონ, ან შეაშინონ. როგორც კი ვინმე მტკიცე ნაბიჯების გადადგმას დააპირებს მაშინვე უნდათ, რომ ,,დააჩმორონ“. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია, არ მგონია, რომ ამჯერად ეს გამოვიდეს.
ბოლოდროინდელი მოვლენებიდან აღსანიშნავია ფაქტი, რომ თბილისის მერს შეუჩერდა სტატუსი. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით ეს უსამართლობა და უკანონო გადაწყვეტილებაა. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?
ჩემი აზრით ეს შეჩერება ნაგვიანებიცაა და არასრულყოფილიც. თბილისის მერს იმ მასალების მიხედვით, რაც დაგროვილია მადლიერი ხალხის გულებსა და გონებაში, იმდენად მძიმე ცოდვებში აქვს ფეხი ჩადგმული, რომ მე ისიც მიკვირს, მანამდე, რატომ არ წარმოჩინდა ყველაფერი. წინაარმდეგი ვარ ზოგადად ყოველგვარი ზედმეტობებისა, კერძოდ მე მას არც ვიცნობ და მახსოვს ჩემი ძალიან საყვარელი კაცის სიძე იყო, ეს არის ცნობილი ინჟინერი ცაგურია და მე მგონია ეს არის ერთ-ერთი ნათელი წერტილი მის ბიოგრაფიაში, როდესაც ის იყო ამ არაჩვეულებრივი ქართველი მშენებლის სიძე. ასე რომ მე მის მიმართ პიროვნულად არაფერი მაქვს სამდურავი, მაგრამ საზოგადოებრივი პოზიციიდან ის მიუღებელია აბსოლიტურად ქართული რეალობისათვის. თუ უფლებრივი მხარე გაინტერესებთ თქვენ იცით, რომ მოსამართლეს ჰქონდა ასეთი უფლებამოსილება და მან ეს გამოიყენა. მე გამოვიყენებდი თუ არა არ ვიცი, რადგან მე არ ვყოფილვარ იქ და არ ვიცნობ საქმის მასალებს. ყველაფერი არის აბსოლიტურად სწორი. რაც შეეხება საუბარი იმაზე თუ ვინ უნდა აღასრულოს, ეს თვითონ უნდა აღასრულოს და წავიდეს. აბსოლიტურად არ არის საჭირო აქ სხვა ვინმე. როდესაც ის კანონი მიიღეს მაშინ ის არჩევითი მერი არ იყო. ახლა, რომ ამბობენ ვინ არის მისი უფროსი, როგორ თუ ვინ არის? არის თუ არა ის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი? თუ ის აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალშია მის ზემოთ არსებობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მთავრობის სახით და ის არის მისი უფროსი. მაგრამ სულაც არ არის ეს საჭირო. იქ მაშინ პროკურატურას ევალებოდა ამის გაკეთება. პროკურატურა ცხადია ვერ იქნება მისი უფროსი, მაგრამ სულ არაა საჭირო არაფერი, მან თვითონ უნდა დათმოს და განერიდოს, მაგრამ თუ ამას არ იზამს, მაშინ სასამართლოს უპატივცემულობისთვის პასუხი უნდა აგოს და ასეც იქნება თუ ჭკუით არ იქნება.
რა არის თქვენი პოზიცია და რა შეფასებას მისცემდით თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებებს?
სამწუხაროდ ამ კანონს ცუდად ვიცნობ. ის, რომ ამ დარგში კანონმდებლობა შესაცვლელია აშკარაა, რომ უნდა შეიცვალოს აუცილებლად დემოკრატიული მმართველობით ესეც აშკარაა. ისიც ნათელია, რომ ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებები ამ დარგში უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ისეთი ზომებით და მაშტაბით, რომ საქართველოს შეექმნას დაქუცმაცებისა და დანაწევრების საფრთხე. საქართელო არის სხვანაირი ქვეყანა, საქართველოში ძალიან დიდი ,,ბომბებია“ ჩადებული და ჩვენ ყველა კეთილმეზობელი კი არ გვყავს, გვყავს უკეთური მეზობლებიც და ვინც ამას არ გაითვალისწინებს ის შეიძლება იყოს საქართველოს მტერი. მარტო ევროკავშირის მოწოდებებით, ევროპული სტანდარტებით ცხოვრების კოპწიაობა არ კმარა და არის მთელი რიგი საკითხები სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ მედეგობის გამომჩენი. ეს არის ჩემი ზოგადი პოზიცია, მაგრამ სათითაოდ არ შემისწავლია, რადგან ეს არაა ჩემი დარგი, მართალია ყველა მოქალაქეს ეხება ეს და როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ ერთგვარი მოძრაობა დეცენტრალიზაცია აუცილებელია და ამას მოითხოვს დემოკრატიული კონსტიტუციონალიზმის პრინციპი, მაგრამ არა ისე, რომ საქართველო დაიშალოს.
თქვენი აზრით საჭიროა თუ არა კიდევ ერთხელ გადაიხედოს საქართველოს კონსტიტუცია და გარკვეული სახით შევიდეს მასში ცვლილებები?
არა მხოლოდ უნდა გადაიხედოს, არამედ გადაისინჯოს. დღევანდელი კონსტიტუცია და ყველაფერი რაც მის მიმართ ხდება ეს არ არის რეფორმა, ეს არის ,,დობღონჯვა“. ერთ ადგილას რაღაცას დააკერებენ, მეორე ადგილას დააკერებენ და საბოლოო ჯამში ეს არ არის გაერთიანებული ერთ სისტემად. საერთოდ დროზე უნდა ამოქმედდეს საკონსტიტუციო კომისია და დროზე უნდა ჩამოყალიბდეს ახალი კონსტიტუცია, მითუმეტეს, რომ ჩვენ დემოკრატიული განვითარების ახალ ფაზაში გადავედით. ეს არის საპარლამენტო, ან ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა და ამის აუცილებლობა არის უაღრესად მწვავე.
როგორ აფასებთ ახალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობას, როგორც ქვეყნის პირველი პირისას?
ის ნაბიჯები რაც მან გადადგა, რაც არ ნიშნავს ჯერ მუშაობის დაწყებას არის მტკიცე და პოლიტიკაში ჩვენ ძალიან უნდა ვაფასებდეთ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას. სწორედ იმიტომ, რომ მან მტკიცე ნაბიჯები გადადგა მოხდა ეს, რაც ახლა ხდება ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს ახლა აქვს ორი ძალიან დიდი სატრაბახო. მისი პრემიერ მინისტრი ანუ პირველი პირი და მისი პრეზიდენტი, ბატონი მარგველაშვილის სახით. არის ორი კრისტალურად სუფთა ადამიანი, რომელთაც ვერაფერს ვერ წამოაძახებ. ეს აცოფებთ საქართველოს მტრებს და ყველაფერს ცდილობენ იმის გამო რომ პირადად ვერაფერი წამოაძახეს, მათ ვერტიკალში შემავალთ და მათ თანამშრომლებს ხან რა მოუგონონ და ხან რა.
27.12.13
გიორგი ჩუბინიძე