ალბათ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო საქართველოში მონარქიის აღდგენაზე ფიქრი, თუმცა დღეს ეს თემა აქტიურად განიხილება და არ წყდება კამათი იმის შესახებ, მისაღებია თუ არა ეს საქართველოსთვის, ან როდის შეიძლება დავიწყოთ ფიქრი მონარქიაზე და როგორი ნიადაგი უნდა მომზადდეს ამისათვის. ბოლო დროს ასევე აქტიურად გამოჩნდნენ სამეფო ოჯახები, რომელთა შორისაც ფარული ან ღია დაპირისპირებაც კი შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ მათი გამაერთიანებელი უფლისწული გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონია. სამეფო ოჯახებსა და მათ ლეგიტიმურობაზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე ,,თბილისი თაიმსს“ სამეფო კლუბის სპიკერი გია მამალაძე ესაუბრა.
ბატონო გია, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოერგება საქართველოს კონსტიტუციური მონარქია და როდის შეიძლება დაიწყოს ამ თემაზე რეალურად ფიქრი?
დღეს საქართველოსთვის უმთავრესია სოციალური პრობლემები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამიტომ, ამ ეტაპზე, მონარქია უპირველესი და აუცილებლად გადასაწყვეტი საკითხი არაა, თუმცა ამ პრობლემების გადაწყვეტაში გარკვეული დადებითი როლი შეიძლება ითამაშოს. კონსტიტუციური მონარქია პოლიტიკური ტექნოლოგიაა, ეს არაა კერპთაყვანისცემა. მონარქი, როგორც სიყვარულის ობიექტი, არ განიხილება. ჩვენ ეს გვინდა პოლიტიკური მმართველობისთვის, ტრადიციონალიზმისთვის, ეროვნულობისთვის, ურთიერთობებისთვის.
საქართველოში სხვადასხვა სათვისტომოებს ქართველი მეფისადმი დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ, რადგან იგივე აფხაზები, ოსები, სომხები ყოველთვის ჩვენი მეფეების ერთგულები იყვნენ. ჩვენს მეფეებს ქალი წინაპრები ჰყავდათ, როგორც ოსების, აგრეთვე აფხაზების, სომხებისა და ბერძნების მხრიდანაც.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სადაც არსებობს მეფე, იქ შეუძლებელია ავტორიტარიზმის დამყარება. ამგვარ ქვეყნებში ყველა პოლიტიკოსმა იცის, რომ ის არაა პირველი და რომ პირველი მეფეა. გარდა ამისა, თუ კონსტიტუცია კარგად დაალაგებს (და უნდა დაალაგოს კიდეც), მეფეს არ ექნება ანგარიშები ბანკებში, მინისტრების დანიშვნის უფლება და იცხოვრებს შეზღუდული რესურსებით, რაც აუცილებელია ცერემონიალური საქმიანობისათვის, რასაც ვთქვათ, პრეზიდენტი მარგველაშვილი ასრულებს ახლა. რა ხელფასიც მას აქვს და რა თანხითაც ფინანსდება მისი კანცელარია, ის თანხა სრულიად საკმარისია, რათა მეფემ შეასრულოს ის ფუნქციები, რასაც ასრულებს პრეზიდენტი.
გარდა ამისა, ქართველი მეფე იქნება კავკასიის ლიდერი, კავკასიელი ხალხების თავისუფლების მცველი. მეფის ფიგურა მნიშვნელოვანია ქართული ეკლესიისთვისაც (მეფე ეკლესიის ნაწილად ითვლება); ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რადგან ის ითვლება სასამართლოს ხელმძღვანელად და ყველა ადამიანის უფლებადამცველად.
გვიამბეთ ამჟამად არსებულ სამეფო ოჯახებზე. რამდენად ლეგიტიმურია მათი პრეტენზია სამეფო ტახტის დასაკავებლად?
დღეს ბაგრატიონების 4 შტოა შემორჩენილი. ამბობენ, რომ არის მეხუთეც, თუმცა ეს არაა დადასტურებული. იმ შტოში ამჟამად მხოლოდ ქალები შემორჩენ, მაგრამ ქართული ტრადიციის მიხედვით, გვარი ქალით არ გადადის, დემოკრატიული ტრადიციის მიხედვით კი გადადის ქალის გვარი და ვისაც როგორ სურს, ისე მოიქცეს. თუმცა სინამდვილეში მემკვიდრეობა ვერ გადავა, ტრადიციული თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ დღეს ბაგრატიონთა ოთხი შტოა. აქედან ერთია ბაგრატიონ-გრუზინსკების შტო, რომელთაგანაც ორი ოჯახია შემორჩენილი, ესენია ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი და ევგენი ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს.
ბაგრატიონ-მუხრანელები გაცილებით მეტნი არიან. ყველაზე მეტნი დავითიშვილები არიან, შემდეგ კი სწორედ მუხრანელები. აგრეთვე იმერეთში არის იმერელი ბაგრატიონების ერთი ოჯახი. კიდევ უამრავია ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი, თუმცა ეს შეიძლება ფსევდონიმად აიღო ვინმემ ან დედის, ან ბებიის გვარი დაიწერა.
ამჟამად წარმოდგენილი ორი გააქტიურებული შტოდან, ბაგრატიონ-გრუზინსკებიდან და ბაგრატიონ-მუხრანელებიდან, რომლის კანდიდატურაა უფრო ლეგიტიმური?
აქ საქმე ძალიან რთულადაა. ერთი შტო (დავითიშვილები) არავის ეკამათება და არავის აცხადებს საკუთარი შტოდან სამეფო ტახტის კანდიდატად და პრეტენდენტად. მაგრამ იმერლებს, მუხრანელებსა და გრუზინსკებს შორის არის კამათი. დიდი ხნის განმავლობაში გაერთიანების სხვადასხვა ფორმულებზე ვმუშაობდით, რათა ეს კამათი დასრულებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დამთავრებულა და, გარკვეულწილად, ამ კამათმა გამოიწვია დავითისა და ანას ოჯახის დანგრევაც (ალბათ სხვა მიზეზების გამოც, მაგრამ ერთ-ერთი მოტივი, ალბათ ესეც იყო).
ქართლ-კახეთის ბოლო მეფე იყო გიორგი XII. ისტორიკოსი ნიკო ჯავახიშვილი ამბობს, რომ ქართლ-კახეთში ბოლო მეფე იყო გრიგოლი I, რომელიც აჯანყებულებმა გამოაცხადეს მეფედ, თუმცა ოფიციალურად ითვლება, რომ ბოლო მეფე იყო გიორგი XII, რომლის მემკვიდრეცაა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი.
მაგრამ გიორგი XII არ ფლობდა იმერეთს, ამიტომ იმერეთის ბაგრატიონები ამბობენ, რომ იმერეთის ტახტის მემკვიდრეები ვართ ჩვენ და ნუგზარ ბაგრატიონი სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრე არ არისო. თუმცა ისინი ასევე ამბობენ, რომ საქართველოს სამეფო ტახტზე პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ გვაღიარებენ, მაშინ ჩვენც ვაღიარებთო, და აპირებენ მომავალში ბავშვის, უფლისწულ გიორგის აღიარებას.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ვიცით, რომ არის ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი, რომელიც არის გიორგი XII-ის შთამომავალი, აგრეთვე ქართლში არიან ბაგრატიონ-მუხრანელები, რომელთაც პრეტენზია აქვთ სამეფო ტახტზე. ისინი აცხადებენ ქართლის შტოს მემკვიდრეობაზე პრეტენზიას და პრინციპში ეს ასეცაა, რადგან ქართლის ბაგრატიონების მეფეების შტო 1919 წელს შეწყდა, ისინი იყვნენ ვახტანგ VI-ის შთამომავლები. ვახტანგ V-ისა და ვახტანგ VI-ის შთამომავლები ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის წინაპრებს არ სცნობდენ ტფილისის, ქართლის ტახტის მემკვიდრეებად. რაღაც შეთქმულებებიც იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით… თუმცა ეს თემა ძალიან შორს წაგვიყვანს. მათი გარდაცვალების შემდეგ მუხრანბატოენები ამბობენ, რომ გახდნენ მათი მემკვიდრეები. რეალურად, მუხრანელები უფრო უფროსი შტოა, ვიდრე გრუზინსკები, იმიტომ, რომ მუხრანელები არიან საქართველოს ბოლო დიდი ხელმწიფის, ალექსანდრე I დიდის მეორე შვილის შთამომავლები. პირველ შვილს შთამომავლობა არ დარჩენია. გრუზინსკები კი არიან მესამე შვილის შთამომავლები, ანუ მუხრანელები უფრო წინ არიან და უფროსი შტოა. მაგრამ რადგან ახლანდელი გრუზინსკები ბოლოს მეფობდნენ ქართლ-კახეთში, თითქოს ისინი წინ უნდა იყვნენ, თუმცა აქ მემკვიდრეობის საკითხი გადმოდის ისევ წინ, ანუ გადავა თუ არა ქალით მემკვიდრეობა.
არის კიდევ უამრავი საკითხი, რაზეც იმართება კამათი. მაგალითად, 2006 წელს ბაგრატიონთა სახლმა მიიღო მემორანდუმი და ბაგრატიონების ნაწილმა ხელი მოაწერა. მემორანდუმში წერია, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არის მთელი საქართველოს ტახტის მემკვიდრე. ახლახანს შეიქმნა ახალი მემორანდუმი, სადაც იმერლებმა და მუხრანელებმა, თავისი შტოების სახელით მოაწერეს ხელი – ჩვენ იმ მემორანდუმს არ ვცნობთო. სწორედ ამ დაპირისპირებების აღმოსაფხვრელად მუშაობდა სამეფო კლუბი, რომლის სპიკერიც მე გახლავართ.
შევიმუშავეთ გაერთიანების რამდენიმე ფორმულა, მაგრამ მთავარია ,,არ ჩამქოლავ, არ ჩაგქოლავ“, ,,შეეცდები ჩემს ჩაქოლვას? არაფერში შეგეპუები“. ამის საპირისპიროა „პატივს მცემ, პატივს გცემ“, „დამაფასებ, დაგაფასებ“ – ესაა ადამიანთა შორის ურთიერთობის უმთავრესი პრინციპი. რომელიც, სამწუხაროდ, ირღვევა და ამის გამოა კამათი აღნიშნულ შტოებს შორის.
იმ მხარის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ იმერელი ბაგრატიონები გამოეცხადებინათ უკანონოდ შობილებად, „უბრალო აზნაურებად“ თუ „უბრალო თავადებად“, გამოდიოდნენ იმერლების იდეურ „ჩამქოლებად“. იმერლებმაც არაფერი დაუთმეს და ვფიქრობ, რომ არც ქონდათ დასათმობი, იმიტომ, რომ ყველა არსებული ბაგრატიონი არის უკანონოდ შობილი, დავით ულუს შთამომავალი. ის იყო ძალიან კარგი ხელმწიფე და შესანიშნავი შთამომავლობა მოგვცა, მათ შორის – უამრავი წმინდანი. ამიტომ სამეფო კლუბი ყოველთვის ცდილობდა, რომ რაღაც ფორმულა შეგვემუშავებინა და საბოლოო ჯამში, მივედით იმ დასკვნამდე, რომ დაგვექორწინებინა ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენელი. ეს იდეა ეკუთვნოდა ლერი სიხარულიძეს, რომელიც სამეფო კლუბის წევრი იყო. სწორედ ის ფიქრობდა ამაზე ძალიან დიდი ხანი, როდესაც ჯერ კიდევ სულ პატარები იყვნენ ანა ბაგრატიონიც და დავით ბაგრატიონიც. ამ კაცის ,,პროექტი“ ჩვენ ავამუშავეთ, პატრიარქმაც მოიწონა ეს იდეა და დააგვირგვინა მათი დაქორწინებით, მიზანი – ამ ორ შტოს შორის უნდა დასრულებულიყო კამათი, მაგრამ ეს კამათი არ შემწყდარა. მე, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა პირდაპირ და მივმართო მკითხველს, თქვენ რომ გაათხოვოთ ქალიშვილი და სიძეს მუდმივად უწოდებდეთ ,,ზედ სიძეს“ და მოიხსენიებდეთ როგორც უფრო დაბალი რანგის ადამიანს, ის ხომ განაწყენდება? ოჯახში გაჩნდება დაძაბულობა და შესაძლოა დაინგრეს კიდეც. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის კანცელარია მუდმივად, განუწყვეტლივ აცხადებდა თავის სიძეს უბრალო თავადად და საკუთარ თავს – ნუგზარის შტოს სამეფო შთამომავლად და იმერელ ბაგრატიონებსაც უკანონოდ შობილებად. ამან გამოიწვია ძალიან დიდი დაპირისპირება. მოკლედ, პატრიარქის დაგვირგვინებული საქმე, მიზნით, რომ შეწყვეტილიყო კამათი, ჩაიშალა. ამის გამო პატრიარქი არის ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული.
ნუგზარ ბაგრატიონი აცხადებდა, რომ მისი შვილიშვილი მხოლოდ დედის მხრიდან მიიღებდა მემკვიდრეობას, მაგრამ ეს მიუღებელია მუხრანელების მთელი შტოსათვის და იმერლებისთვისაც. სრული ლეგიტიმაცია რომ ჰქონდეს დავითისა და ანას ვაჟს და დამთავრდეს ყოველგვარი კამათი, იმერლები, ალბათ, მომავალში დაწერენ, რომ ეს ბავშვი არის ტახტის მემკვიდრე, მაგრამ უნდა შეწყდეს იმერელი ბაგრატიონების შეურაცხყოფა. უნდა შეწყდეს მათი „ბუშებად“ და „უკანონოებად“ გამოცხადება. სწორედ ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა ქართველებისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ოჯახი ძალიან კარგი ოჯახია და კარგი ბაგრატიონები არიან, რომლებიც არიან იმერეთის სამეფოს მემკვიდრეები და არ აცხადებენ იმერეთის სამეფოს გამოყოფაზე პრეტენზიას. თუ ქართველი ხალხი მოინდომებს და მონარქიას აღადგენს, ისინი გადასცემენ მემკვიდრეობას აღმოსავლეთის უპირველეს კანდიდატს. თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა, ვინაიდან მათ, როგორც გითხარით, ჯეროვნად არ აფასებენ…
ვერავინ უარყოფს, რომ დღეისათვის ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, მაგრამ ქართული ლეგიტიმიზმის მიხედვით, გვინდა თუ არ გვინდა, მემკვიდრეობა არ გადადის ქალზე. სწორედ ამაზეა გაცხოველებული კამათი. აქ თამარ მეფისა და რუსუდან მეფის მაგალითების მოყვანა არ შეიძლება. თამარ მეფე ტახტზე ძალადობით აიყვანა ძმისშვილის მკვლელმა მამამისმა. ის მამამ, მეფემ, გიორგი მესამემ აიყვანა ტახტზე, ამის წინ კი მოაკვლევინა საკუთარი ძმის შვილი და თავისი ასული ამგვარად გაამეფა. არადა სიტყვა ჰქონდა დადებული, რომ როცა გაიზრდებოდა ძმისწული, დემნა, მას გადასცემდა ტახტს… ეს არ შეასრულა.
სანამ თამარ მეფეს ქმრად გვარად ბაგრატიონი არ მოუყვანეს, პირველი ქმრისგან შვილი არ მიეცა. რადგან ამ ტახტზე სხვა გვარი ვერ დაჯდება, მამაკაცის გვარით ვერ გაგრძელდება, უფალი არ დაუშვებს. რაც შეეხება რუსუდანს, ის დროებითი მეფე იყო, რადგან მას მომაკვდავმა ძმამ, იმპერატორმა ლაშა-გიორგიმ დაუტოვა ანდერძი – იმეფე ცოტა ხანს და როცა ჩემი ვაჟი გაიზრდება, გაამეფეო. რუსუდანმა უგულებელყო ძმის ანდერძი, მოინდომა ძმისშვილის მოკვლა, რაც წყაროებში წერია და თავის შვილის გამეფება. მოინდომა, თუმცა მისი ძმისშვილი გადარჩა, უფალმა შემოინახა გვარის გასაგრძელებლად. შემდეგ რუსუდან მეფის შთამომავლები ატარებდნენ ბაგრატიონის გვარს მხოლოდ სამი-ოთხი თაობა, შემდგომ ან შეწყდნენ, ან გვარი წაართვეს. ასე რომ, გამორიცხულია ბაგრატიონთა გვარი ქალით გადავიდეს. ეს არ ყოფილა არც ძველი აღთქმის პერიოდში და არც საქართველოს ისტორიაში. თამარისა და რუსუდანის შვილებს იმიტომ ეწოდებათ თამარის თუ რუსუდანის ძეები, რომ დედები მონარქები იყვნენ, ახლა კი ამგვარი რამ არ არის, მეფე არ გვყავს.
ჩემი ინიციატივით, შევეცადეთ, რომ გიორგი უფლისწული გამოცხადებულიყო დავითისა და ანას ძედ, რადგან ორივე შტოს ღირსება დაკმაყოფილებული ყოფილიყო. ეს ჩემი მოფიქრებულია და სწორედ ასე დამკვიდრდა, მაგრამ კამათი ვერც ამან შეაჩერა. ეს ყოველივე, პირველ რიგში, მიმართულია პატრიარქის წინააღმდეგ, შემდეგ – მონარქიის წინააღმდეგ (ამან მონარქიის იდეის დისკრედიტაცია გამოიწვია), ასევე მიმართულია ამ პატარა ბავშვის წინააღმდეგ. როცა გაიზრდება, რას იტყვის? რომელი ქართველი იტყვის, რომ ჩემი მამის გვარი არ ვარგა და დედის გვარია მხოლოდ კარგიო? თუ იტყვის, რად გვინდა ასეთი ქართველი?! ეს ბავშვი რომ გაიზრდება და თქვას, მამაჩემის შტო დაბალი რანგისააო, მოგვეწონება ეს ამბავი?!
ამ ბავშვს რა პასუხს გასცემენ მომავალში? არ უნდა გავითვალისწინოთ მისი ინტერესები?
ამიტომ მე ვამბობ, რომ ეს ბავშვი არის ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა შტოების გამაერთიანებელი. მომავალში ის მიიღებს იმერეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს, აფხაზეთის მემკვიდრეობასაც და იქნება გამაერთიანებელი სრულიად საქართველოს დინასტიისა. მისი პაპა, მამა და დედა კი დავაფასოთ ჯეროვნად, ნურც ერთზე ნუ ვიტყვით აუგს.
კითხვის პასუხად კი გეტყვით, გიორგი უფლისწულია ყველაზე უმთავრესი პრეტენდენტი სამეფო ტახტისა!
როგორ ფიქრობთ, რატომ აქვს საზოგადოების ნაწილს მონარქიისადმი უარყოფითი განწყობა?
ეს იმიტომ, რომ ზოგს ჰგონია, მონარქია იქნება ადამიანებს შორის უფსკრულის გამჩენი, მოხდება დიფერენცირება თავად-აზნაურთა შთამომავლებისა და გლეხების შთამომავლებს შორის, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები არ ვფიქრობთ არისტოკრატიულ მონარქიაზე. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ასე ფიქრობენ და ამას ითხოვენ. ჩვენ ვფიქრობთ სახალხო, ანუ ჰორიზონტალურ მონარქიაზე, ანუ მეფე და არავითარი იერარქია! ამიტომ უნდა იყოს თანხების შეზღუდულად გამოყენება და არავითარი პომპეზურობა.
მოკლედ, ხალხი გადაწყვეტს ამ საკითხსაც. როგორსაც ერი მოინდომებს, იმგვარ მონარქიას დაამკვიდრებს…
ბოლო დროს ბაგრატიონთა მხრიდან ხშირად გვესმის რაინდთა კურთხევის ან სხვა დაჯილდოებების ცერემონიალების შესახებ. რას ნიშნავს ეს და საჭიროა თუ არა?
მე დიდად არ მაღიზიანებს ამგვარი ცერემონიები. თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს ეს არ მოსწონს. ამბობენ, მაგალითად, რაში დასჭირდებოდა რაინდად კურთხევა მერაბ კოსტავას ან ზვიად გამსახურდიას? რაინდად ან გმირად ადამიანი შეიძლება საზოგადოებამ გამოაცხადოს ან სახელმწიფომ. ბრიტანეთში, როდესაც ამას აკეთებს ბრიტანეთის დედოფალი, ამას ის სახელმწიფოს სახელით აკეთებს. ესენი კი სახელმწიფოს სათავეში ჯერ არ არიან, – ასე ფიქრობს ბევრი.
ჩემი აზრით კი, ამას საზოგადოება უბრალოდ უნდა მიუდგეს. თუ ცერემონიალების ჩატარება უნდათ, დაე ჩაატარონ. თუ ჩვენს უფლებებს რაიმე არ არღვევს, თუ ვინმე კანონს არ არღვევს, რა პრობლემაა? ჩაატაროს ცერემონია.
რას კეთდება დღეს იმისათვის, რომ საზოგადოება მონარქიისადმი დადებითად განეწყოს და იყოს მეტად ინფორმირებული?
ამისათვის სულ რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ჩვენ, სამეფო კლუბმა, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ.
ახლა ვამუშავებთ ვებგვერდს – georoyal.ge, ვეძებთ სპონსორს. ამ გვერდზე რამდენიმე ავტორი ვმუშაობთ. ჩვენ ვქმნით აგრეთვე პროექტებს, ასე მაგალითად, მომავალში ადამიანებს, რომელთაც უნდათ მონარქია, შევთავაზებთ აირჩიონ ან არისტოკრატიული მონარქია, ან სახალხო მონარქია, ჩვენ მათ დავუდებთ ორ პროექტს და მოსახლეობაც იმას აირჩევს, რომელიც უნდა. ეს კი რეფერენდუმის გადასაწყვეტია. ჩვენ შევიმუშავეთ პროექტები, თუ როგორი ტიტული უნდა ჰქონდეს მეფეს. შეიძლება მონარქია არ დამყარდეს საქართველოში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს მომავალზე. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ ძიებაში და მზად ყოველგვარი გამოწვევისათვის. მოვა დრო და შევთავაზებთ ამ ყოველივეს საზოგადოებას, თუ უნდათ მონარქია, მიიღებენ, თუ არ ენდომებათ – არა.
მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორიც: მონარქიის აღდგენა რეფერენდუმის გარეშე არ მოხდება, მაგრამ რეფერენდუმის დროს თუ მხოლოდ 51%-ით იქნა არჩეული მონარქია და თან იმ ვითარებაში, რომ დიდმა ნაწილმა არ მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, ეს არ იქნება სრული ლეგიტიმაცია, მთელმა ერმა უნდა მოინდომოს, აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მონარქია ყველასი უნდა იყოს.
16.01.14
გიორგი ჩუბინიძე