ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, საზოგადოება შეძრა. სოციალურ ქსელში დაღუპულებს ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.
დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდა ქალი ვერიკო ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი, არიანა.ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ძმა, დავით ვანიშვილი ავრცელებს.
„აღარ მყავს არც და და არც დისშვილი არიანა… ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის…“ – წერს ის.
მომხდარის შესახებ ვრცელდება ცნობები არიანას თანაკლასელებისა და ახლობლების ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვების შესახებაც.
,,ღმერთო რატომ. სად წახვედი ჩვენო პატარა გოგოო? ყველაზე მხიარულო და ყველაზე საყვარელო. ვერ ვიჯერებ არიანა რომ აღარ იკაშკაშებ კლასში და აღარ გაამხიარულებ მთელ სკოლას. გვიყვარხარ არიანა ძალიან გვიყვარხარ”
შეგახსენებთ, რომ აფეთქება 19 ნოემბერს, დილით, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. აფეთქების შედეგად სადარბაზოს ნაწილი ჩამოინგრა.
მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
სამაშველო ოპერაციის დროს კი სამი წლის თაია ცოცხალი გამოიყვანეს.











