ხუდონჰესის პროექტი, რომელიც მე-20 საუკუნეში აქტიურად განიხილებოდა 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალურობას. მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში გიგანტური ჰესის მშენებლობას უამრავი მოწინააღმდეგე, თუ მომხრე ყავს. ინტერესთა სფერო ყოველ მათგანს განსხვავებული აქვს და სუბიექტური თუ ობიექტური არგუმენტებით გაჯერებული ფაქტები გარკვეულ აზრს უქმის საზოგადოებას. ,,თბილისი თაიმსის“ მიზანია საზოგადოებას ობიექტური არგუმენტები შესთავაზოს და ფაქტით დაინტერესებულ ადამიანებს რეალობა დაანახოს. ამ მიზნით, ხუდონჰესის გარშემო შექმნილ ფაქტებზე გეოგრაფი რომან მაისურაძე გვესაუბრა.
რას ეტყოდით საზოგადოებას ეგრეთწოდებულ ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით?
ჩემი შეხედულებით, რადგანაც ხუდონის საკითხებს ვადევნებ თვალყურს, ერთი მხარე ამბობს უნდა აშენდეს, მეორე მხარე ამბობს არ უნდა აშენდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ქართველები ერთი საზოგადოება ვართ და მხარეების დაყოფა და მათი ერთმანეთთან დატაკება, რაც ინტერესთა კონფლიქტიდანაა გამომდინარე, არაა მართებული! გარდა ამისა ჯერ არ არის დაკონკრეტებული რას ნიშნავს აშენდეს და რას ნიშნავს არ აშენდეს. ის ადამიანები ვინც ამბობენ, რომ უნდა აშენდეს რას გულისხმობენ ამაში, რა კომპრომისზე არიან წამსვლელები და ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდა აშენდეს რას გულისხმობენ ამ მოსაზრებაში.
ზოგადად ქვეყანაში რომელიმე ობიექტის აშენება და რომელიღაც სექტორის განვითარება, რომ აუცილებელია და ადამიანების კონსტრუქციული ნაწილი ამას აქცევს კიდეც ყურადღებას ამაზე არაა კამათი. საქმე ცოტა სხვა საკითხშია! რა ფორმით აშენდეს? ამ შემთხვევაში, როგორ უნდა იქნას გათვალისწინებული ბუნების და საზოგადოების ინტერესები ისე, რომ არ დაზარალდეს არც ქვეყნის ეკონომიკა, არც ქვეყნის მოსახლეობა! განსაკუთრებით კი იმ კუთხის მოსახლეობა, რომელსაც ეს პროექტი უშუალოდ ეხება! ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი კონცეფცია მდგრადი განვითარებისა, რომელიც უნდა იყოს დაცული. ეს აუცილებელია! თუკი ჩვენ გვაქვს მომავალში ცივილურ და განვითარებულ ერთა რიგებში ყოფნის პრეტენზია.
როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება მსგავს საკითხებში?
მიმდინარეობს პროექტის წარმოდგენილი სახით განხორციელების აშკარა ლობირება და მოსახლეობაზე ზეწოლა, მათ შორის საინფორმაციო. საინფორმაციო საშუალებებით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თურმე ჩვენ არ ვართ ერთადერთები და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა სხვაგანაც ძალიან აქტუალურია და ხშირად მოჰყავთ ავსტრიის, შვეიცარიის და სხვა ასეთი მთიანი ქვეყნების მაგალითები. სადაც კარდინალურად განსხვავებული სურათია საქართველოსთან შედარებით. მაგალითად ნაგებობის სიმყარე ერთი საკითხია, ამის გარდა ზედაპირულად არის მოყვანილი მაგალითები იმის გაუთვალისწინებლად, თუ სად შენდება ჰიდროელექტრონაგებობა და რა რაოდენობით წყლის დაგუბებას გეგმავენ. აღნიშნულ ქვეყნებში მსგავსი ნაგებობები აშენდა გასული რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში. მათი აგება მოხდა მდინარეთა ზედა წელში, სადაც ქანებიც უფრო მტკიცეა მოსახლეობა თავიანთი მიწის ფონდის და საცხოვრებლებით სადაც არაა განლაგებული! და ამ შემთხვევაშიც ყველგან იყო გათვალისწინებული და ფაქტად რჩება ის, რომ არც ერთი მოსახლე არ აყრილა და არ გადასახლებულა საკუთარი მშობლიური მიწიდან, მით უმეტეს ეს არსად არავის ძალის გამოყენებით არ გაუკეთებია! მეორე – არსად არ არის იმ მასის წყალი თავმოყრილი, რომ რაიმე კატასტროფის შემთხვევაში დასახლებაში ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს. მესამე – როდესაც განიხილავენ ჰიდროელექტროსადგურს საზოგადოებას ესაუბრებიან მეგავატების და კილოვატების ენით. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს ჰიდროელექტროსადგური არის 802 მეგავატი სიმძლავრის, ამ შემთხვევაში ისინი გულისხმობენ იმ მაქსიმალურ ხარჯს, რომელიც მდინარე ენგურზე შეიძლება იყოს. სინამდვილეში ეს ხარჯი შეიძლება იყოს 50 ან 100 წელიწადში ერთხელ. ზოგადად ეს 270 მ3/წმ გახლავთ ის წყლის მასა, რომელიც ჩვეულებრივ წყალუხვობის დროს ახასიათებს ენგურს. რეალურად როდესაც ჰიდროელექტროსადგური მუშაობს, ამ სიმძლავრეს ვერ მივიღებთ.
საიდან იღებს სათავეს ხუდონჰესის მშენებლობის იდეა?
ტოპონიმი ხუდონი, ეს არის ამჟამად დაძირული წყალსაცავის ქვეშ მოქცეული ნასოფლარი. ეს ტერმინი ენგურჰესის დასრულების დროს შემოიტანეს, მაშინ როდესაც ვერ ასრულებდნენ ენგურჰესს და სჭირდებოდათ დამატებითი თანხები. როგორც „მავანნი“ ამბობენ, ეს თანხები იყო კომუნისტების დროს გაფლანგული და ეს პროექტი ჭირდებოდათ ენგურჰესის დასამთავრებლად. შემდეგ, როდესაც დააკლდებოდათ ხუდონის დასამთავრებლად თანხები იყო მეორე გეგმა, ეგრეთწოდებული ,,ტობარჰესი-1“. ,,ტობარჰესი 1“-დან საბჭოთა მანეთებს გადაისროდნენ ხუდონის დასასრულებლად და შემდეგ დაიწყებდნენ ეგრეთწოდებული ,,ტობარჰესი-2“-ის მშენებლობას და ამით დაასრულებდნენ ტობარჰეს 1-ს. ამას მოყვებოდა ,,ფარჰესი-1“ და ,,ფარჰესი-2“. შემდეგ ძველ ხალხურ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ ან ძაღლი მოკვდებოდა, ან ძაღლის პატრონი. ფაქტობრივად თითო ასეთი კაშხალის მშენებლობას დასჭირდებოდა მინიმუმ 5-დან 10-წლამდე და წარმოვიდგინოთ: ხუდონი, ტობარი-1, ტობარი-2, ფარესესი-1, ფარესესი-2. გამოვიდა 5 დამატებითი კაშხალი და მათ შორის ხაიშის რაღაც ჰესი. ასეთი იყო მონახაზი, სულ 6 ჰესი. სულ გამოდიოდა 50-დან 60-წლამდე სამუშაო და ამაზე ხელისმომწერი და პასუხისმგებელი პირი, ვინც ენგურჰესთან დაკავშირებით იყო ჩართული ამ საქმეში ამ დროს შეიძლება ცოცხალი აღარც ყოფილიყო. ამაზე პასუხისმგებელი არავინ დარჩებოდა და სახელმწიფო იძულებული გახდებოდა ეპატიებინა.
ძალიან მიკვირს იმ ხალხის ვინც ამბობს, რომ ამდენი საბჭოთა მანეთია დახარჯული ამ საქმეში და ეს თანხა ხომ არის საბჭოთა ხელისუფლების დახარჯული? რატომ აწუხებს ამ ხალხს ეს დახარჯული თანხები, როდესაც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთია? და მათ თუ რუსეთის დანახარჯი აწუხებთ მაშასადამე ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ესენი თავიანთი შინაგანი მრწამსით არიან უფრო მეტად საბჭოთა მოქალაქეები და საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობენ უფრო რუსეთის, ვიდრე ქართული სახელმწიფოს ინტერესის მიმართ.
მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ტერიტორია ესაზღვრება აფხაზეთის მხარეს. სხვათაშორის ჯვრის წყალსაცავმა მთლიანად მოწყვიტა და გადაკეტა ენგურის მარჯვენა სანაპირო. ამ სოფლების აყრა და დაცარიელება გამოიწვია ამ ყველაფერმა და შემორჩა რამდენიმე სოფელი რომლებიც უკავშირდება ისევ და ისევ ხაიშს. თუკი მოხდება ამ ყველაფრის დატბორვა ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სოფლები აღმოჩნდება მთლიანად მოწყვეტილი გარესამყაროს და კომუნიკაციას, მოსახლეობა კი იძულებული გახდება, რომ აღნიშნული სოფლები მიატოვოს.
ხაიშის გარდა რა ტერიტორიას ექმნება საფრთხე ხუდონჰესთან დაკავშირებით?
ხაიში არაა მხოლოდ დასახლება. ხაიშურას ხეობაში ოთხი სოფელია: ზედა წირმინდი, ქვედა წირმინდი, ქვედა ვედი და ზედა ვედი. კიდევ რამდენიმე სოფელი: იდლიანი, სკორმეთი, ნარყორვალი, ლაბურცხილა, ჩეკდერი, შემდეგ სოფელი ტობარი, რომელიც თითქმის დაცარიელებულია. ტობარს ზემოთ მდებარე სოფლები: ჯორკვალი, ქვემო იფარი და საკმაოდ დიდი ჭუბერის თემი. რომლებიც ნებისმიერი თავისი ყოფითი საქმიანობისთვის, ეს იქნება სკოლა, საავადმყოფი, აფთიაქი, მაღაზიები, გზასთან კომუნიკაცია და ა.შ. თავს იყრის ერთ შემკრებ ცენტრში – ხაიშში. ფაქტობრივად ხაიში არის ბალს ქვედა სვანეთის და ბეჩოს ქვემოთ მდებარე ტერიტორიების (რომელიც მესტიას არის მოშორებული) გამაერთიანებელი, შემკრები, საკვანძო ცენტრი. ანუ გეოგრაფიულად ეს არის ამ ტერიტორიის ცენტრი, როელთანაც სოციალურად, ეკონომიკურად და არსებობით დაკავშირებულია ყველა მოსახლე. თუ ეს დაიცალა, რჩება ჩიხიად ქცეული რამოდენიმე მცირე დასახლება მდინარე ხაიშურას ხეობაში. რჩება ჩიხში გადაღმა ტერიტორიები უშველებელი წყლის ზღუდით. გზას გამოკიდებული, ცალკე წერტილებად რჩება სოფლები: ქვედა იფარი, ჯორკვალი, ხელრა. ჩიხად და ჩაკეტილ ხეობად გადაიქცევა ჭუბერის ხეობა საკმაოდ ბევრი სოფლით.
რა ეკონომიკურ და სოციალურ საფრთხეებს ხედავთ ტერიტორიის დატბორვის შემთხვევაში ახლომდებარე სოფლებში?
დადგება განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის და საქონლის მიწოდების საკითხი და რასაკვირველია იქნება კომუნიკაციის პრობლემა. ეს ხალხი აღმოჩნდება ამ ყველაფრისგან მოწყვეტილი. შემდეგ ზოგიერთი დემაგოგი და პროვოკატორი იტყვის, რომ ყველაფერს გააკეთებენ. მაგრამ 2014 წელია, ეკონომიკა თავისუფალია, თუკი ეკონომიკა სივრცეს და ბაზარს არეგულირებს, ვერავინ ვერ აიძულებს, ექიმს, პედაგოგს, რომელიმე ბიზნესმენს, თუკი არ აქვს მოგება და არ უღირს, წავიდეს და იქ საკუთარი საქმიანობა აწარმოოს. გამოდის, რომ საქმე ეხება იქ რაიმე საქონლის ატანას და რეალიზაციის მიზნით სოფელ-სოფელ ჩამოტარებას. თუკი შემოტანილი საქონლის რეალიზაცია დღეს ხდება ხაიშიდან, ხვალ ნებისმიერ ფინანსურ ჯგუფს მოუწევს ირბინოს სოფელ-სოფელ და ატაროს საქონელი, რაც დიდი დანახარჯია და ბაზრიდან და მომგებიანობიდან გამომდინარე არარეალური. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ეს ეკონომიკურად წამგებიანია. რაც მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ საჭირო ინფრასტრუქტურის და საქონლის არარსებობას გამოიწვევს და მათ საბოლოოდ მიგრაციისაკენ უბიძგებს. რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა თითოეულ სოფელში სკოლის გახსნა და სხვა სახის საგანმანათლებლო ობიექტის არსებობა, ეს ყოველივე ამდენი ხნის განავლობაში რატომ არ მოხდა? იმიტომ, რომ გარედან არ ყოფილა დაინტერესება, არ ყოფილა ამის ძალისხმევა! მაშინ ვინ იქნება ამის გარანტი, რომ ყოველივე მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად მოხდება? რა თქმაუნდა არავინ. თუკი რაიმე ქმედება იქნა წამოწყებული ეს არ იქნება ბუნებრივი ლოკალური ცენტრის სახით, ეს იქნება ერთჯერადი, ხელოვნური, მოსაჩვენებელი და როცა სხვა მთავრობა მოვა შეიძლება თქვას, რომ მე არ მჭირდება იქ ვაფინანსებდე პედაგოგს, რომელსაც ორი ან სამი მოსწავლე ყავს. ანალოგიური სიტუაცია იქნება ჯანდაცვის ობიექტზე, აფთიაქზე და ასე შემდეგ.
როდესაც საუბარია მიწის რაოდენობაზე საინტერესოა, რომ გამოყენებადი ტერიტორია დასახლებებისთვის არის 1233 ჰექტარზე მეტი, ამას თან ახლავს სახნავი ტერიტორიები, მაღალ მთის სათიბ-საძოვრები 22600 ჰექტარზე მეტია, სათიბ-საძოვრები 15 000 ჰექტარზე მეტია. მდელოები, რომლებიც საძოვრებად შეიძლება გამოიყენონ 2239 ჰექტარია. ამის გარდა აქ არის ძალიან კარგი ტყეები. უნიკალური ეკოსისტემა. ტყეები არის მაღალკონსერვაციული, თითქმის ხელუხლებელია. გარემოს აქვს უნიკალური აღმდგენი და გამაჯანსაღებელი ფუნქცია. ამ ტერიტორიას მერქნის მოპოვების მიზნით არავინ გაიმეტებს. შეიძლება იყოს მხოლოდ სანიტარული და მოვლითი ჭრები. შეიძლება იყოს გამოყენებული მისი ტურისტული, გარემოს აღდგენითი, რეკრეაციული და ასე შემდეგ ფუნქციები.
მათ ვინც აქედან უნდა გადაასახლონ, ართმევენ არა თუ მხოლოდ საცხოვრებელს, არამედ ყველა იმ რესურსით სარგებლობის უფლებას, რომელსაც ტრადიციულად მათი წინაპრები მიდევდნენ. აქედან გამომდინარე ეკონომიკურადაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვინაიდან, როგორც ავღნიშნე მათ საკარმიდამოს გარდა, ამ ტერიტორიის სათიბ-საძოვარს და კიდე იმ არაპირდაპირი მოხმარების რესურს ართმევენ, რომელთაც სხვა ტერიტორიაზე ვერანაირად ვერ გამოუყოფენ. გასათვალისწინებალია არსებული გამოცდილებაც, რომ წარსულში სვანეთიოდან გადასახლებულმა ეკომიგრანტებმა ვერც ერთ სხვა ტერიტორიაზე ვერ მოახერხეს ბოლომდე ადაპტირება და თავიანთ პირვანდელ საცხოვრისთან ოდნავ მიახლოებული პირობების შექმნაც კი.
საინტერესოა, რომ ევროპაში სოციოლოგები, ეკონომგეოგრაფები და ისტორიკოსები ერთად, კომბინირებული ჯგუფების სახით მუშაობენ და დასახლების ოპტიმიზაციას სწავლობენ. ეს იმიტომ, რომ საუკუნოვანი გამოცდილება, საუკუნეობრივი ჩამოყალიბებული სურათი, თუ რატომ გაჩნდა აქ დასახლება და რა ჰქონდა მას საფუძვლად, ეს არაა უბრალო საკითხი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ავიღებ და სხვაგან ჩაგასახლებ, მერე კი, როგორც გინდა ისე მოიქეცი.
რა საშიშროებები შეიძლება გამოიკვეთოს გარკვეული დროის განმავლობაში?
საინტერესოა მეწყრები, სელური ნაკადები რა მხრიდან შეუტევს წყალსაცავს. ყოველ მხრივ არის მაღალი რისკი, რომ ნაკადები პერიოდულად ჩაიღვრება და წყლის მოქმედებაზე გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს. ქარის მოძრაობის შედეგად აგრეთვე შესაძლებელია ტალღამ სხვა მიმართულებით წაიღოს წყლის მასა რაც კარგ შედეგს არ მოგვიტანს. რაც შეეხება ღვარცოფს, შეიძლება ამის შედეგად კაშხლის გარღვევა რაც დიდ კატასტროფას გამოიწვევს. შეიძლება ეს მოხდეს რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ თუ მოხდა ერთი ამ ერთს საშინელი შედეგი ექნება. თუ 10 წელი გავიდა და არაფერი მოხდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებობს იმის გარანტია, რომ შემდეგაც არაფერი მოხდება.
როდესაც ხუდონის ზემოთ მდებარე ტერიტორიებს ვსწავლობთ მივალთ იქამდე, რომ მის ზედა ნაწილებში, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არ იტბორება და თუ ერთი კაშხლის დონეზე მოხდა ლოკალიზება რა ბედი ელის დანარჩენ ტერიტორიებს? სვანეთი მცირემიწიანი რეგიონია ისევე, როგორც მთიანი სამეგრელო, ხევსურეთი, მთიულეთი, რაჭა და ზემო იმერეთი. წყლიანობის მიხედვით ენგურიც და მისი შენაკადებიც საკმაოდ წყალუხვი მდინარეებია. ძირითადად სვანეთში მიწის ფონდი განლაგებულია დელუვიურ შლეიფებზე და მდინარეულ ჭალებზე. დღესდღეობით ეს ტერიტორიები არის მკვეთრად გამოკვეთილი და ასეთ ტერუარებზე არის განლაგებული ძირითადი დასახლებები. როდესაც წყლის მასა შესართავსა და სათავეს შორის გარკვეულ პროფილს გამოიმუშავებს და როდესაც ეროზიის ბაზისი იწევს მაღლა, წყლის პოტენციური დამანგრეველი ენერგია მიემართება სრულიად სხვა მიმართულებით არა სიღრმისკენ, არამედ ჰორიზონტალურად. ეს იმას ნიშნავს, რომ ხეობის კიდევ უფრო ჩაჭრის ნაცვლად მდინარე შეუტევს გვერდითა ფერდობებს და გაძლიერდება წყლის დამანგრეველი მოქმედება ტერუარების და სავარგულების მიმართულებით სადაც არის ძირითადი მოსახლეობა განლაგებული და სადაც ძირითადი მიწის ნაკვეთები მდებარეობს. მეორე შემთხვევაში წყლის ჭარბი მასა მეწყრების შედარებით გააქტიურებისა და მდინარის დამანგრეველი მოქმედების ფონზე გვაძლევს იმ შედეგს, რომ მოსახლეობა კარგავს დიდი რაოდენობით მიწის ნაკვეთს და მოსახლეობა მოხვდება ეკომიგრანტების რიცხვში.
რა ალტერნატიულ შესაძლებლობებს სთავაზობთ სახელმწიფოს?
საქართველოში ენერგოსექტორის დიდი ნაწილი გასული ათი წლის განმავლობაში იქნა პრივატიზირებული. ძირითადად ინვესტორები რუსული კომპანიები აღმოჩნდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე შეიძლება გვქონდეს ეკონომიკურ ანექსიასთან და უკანა კარიდან შემოპარულ ოკუპაციასთან. რაც შეეხება არგუმენტებს, ვცდილობ არ ვიყო ტენდენციური თუ აქ მოხდება ვარდნიჰესის კასკადების მშენებლობა, სადაც მოსახლეობის აყრა და გადასახლება საჭირო არ გახდება და ამავდროულად ჭარბი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდება. პირველი კაშხალი, რომელიც არ დატბორავს მოსახლეობას შეიძლება საკმაოდ მძლავრი იყოს, ამას გარდა ვარდნიჰესის შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ მძლავრ სისტემასთან გვქონდეს საქმე და პირიქით გამოვიმუშაოთ ენერგია, რომელიც მოსახლეობას ცუდად არ შეეხება და მივიღებთ ენერგიას, რომელიც გაყიდვადიც იქნება! მეტი მოსახლეობა ისარგებლებს და ბევრი ადამიანიც ჩაერთვება და დასაქმდება, ამას გარდა მოსახლეობის ინტერესიც არ იქნება დარღვეული და უფრო მოკლე პერიოდში განსახორციელებელიც იქნება რაც შეიძლება მცირე დანახარჯით. ამ გზით წასვლა იქნებოდა კონსესუსი, გარკვეული ინტერესთა კონფლიქტის დარეგულირებისა და მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გზა. ძალიან მიკვირს, თუკი არის კონსტრუქციული დაინტერესებული მხარე, რატომ არ მუშაობენ ამ მიმართულებით. რასაც ბოლო დროს ვუკვირდები და ვუყურებ ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს უფლებამოსილების გადაჭარბებას იქიდან გამომდინარე, რომ ენერგეტიკის სამინისტროს სამართლებრივი უფლება არ აქვს ტერიტორიის რომელიმე ერთეულზე თავის გავლენას ავრცელებდეს და არ აქვს უფლება მოსახლეობის კერძო საკუთრების აღწერა, აზომვა აწარმოოს.
ენერგეტიკის სამინისტრო თუ აწარმოებს მოლაპარაკებას კომპეტენტურ მეცნიერებთან და რა ნიშნით ხდება მათი შერჩევა?
როდესაც ენერგეტიკის სამინისტროს პოზიციას ვხედავ შესაძლებელია აქვთ ურთიერთობა ამ მეცნიერებთან თუმცა არ აქვთ თანაბარი, გახსნილი, ნეიტრალურად პრობლემების გადაწყვეტის კუთხით ურთიერთობა. ენერგეტიკის სამინისტრო თავის გვერდში იყენებს იმ აკადემიურ წრეს, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულია ასეთი გრანდიოზული სამუშაოს წარმოებით. ძირითადად ტექნოკრატიული კატეგორიიის წრე. არსებობს მეცნიერთა გარკვეული კატეგორია, ტექნიკური დარგის პროფილის, რომელთაც უფრო ახასიათებთ ტექნოკრატიულობა და არ არიან ჩახედულნი (ან არ ანიჭებენ შესაბამის მნიშვნელობას) სოციალურ, გარემოს დაცვით, კულტურული მემკვიდრეობის და სამხედრო სტრატეგიულ საკითხებში. ბევრ მათგანს აქვს კავშირი ძველ საბჭოთა პერიოდიდან წამოსულ წრეებთან, აქედან გამომდინარე ფარული ზეწოლები შესაძლოა, რომ საკმაოდ ძლიერია. აქედან გამომდინარე, ისინი ასე სახალხოდ ვერ გამოიტანენ ობიექტურ დასკვნას. სამინისტროში როგორც ჩანს, არ დამდგარა ისეთი საკითხი, რომ ამ საკითხზე პირდაპირ ნეიტრალური და დამოუკიდებელი შეფასების და მოსმენის ნება ყოფილიყოს, რომ დასვან კითხვა შეიძლება, თუ არ შეიძლება. რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც ჰოლანდიური ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული, გავეცანი ამ დოკუმენტს, საკმაოდ კარგად, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სამუშაოების დაწყება და წარმოება დღევანდელი არსებული სიტუაციიდან არანაირად არ არის მიზანშეწონილი. აქ არის საუბარი ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, წყლის მარაგებზე, მყინვარების მასების დნობაზე, რომ კლებადია წყლის რესურსი და შეიძლება დაგვრჩეს ცარიელი წყალსაცავი. აქ არის საუბარი ხალხის ეთნიკურ ჯგუფზეც, რომელიც არის უნიკალური კულტურის, ნიშან-თვისებების, მატერიალური თუ არამატერიალური მემკვიდრეობის მატარებელი. აქედან გამომდინარე სხვანაირი დაცვა და სხვა სახის ყურადღება ესაჭიროება. ეკონომიკურ მხარეს რაც შეეხება პირდაპირ არ ჰქონდა წარმოდგენილი, თუ რატომ არის დაინტერესებული ქართული მხარე, რომ ნამდვილად არის ქვეყნისთვის მომგებიანი ეს პროექტი. დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა კონფერენცია სადაც მოწვეული იყო სხვადასხვა სექტორი, რომ ყველაფერი ყოფილიყო გამჭვირვალე და დემოკრატიული, თუმცა ენერგეტიკის სამინისტრო არ გამოცხადდა. სამაგიეროდ კარგია, რომ ესწრებოდა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ყოველივე მოისმინა და ამ საკითხის შესახებ ინტერესი და გულისხმიერება გამოიჩინა. ესწრებოდა გარემოს დაცვის მინისტრი და მისი მოადგილეებიც, რომლებიც გაეცნენ ყოველივეს და ისინი არ არიან რაღაცით დაინტერესებულნი და არიან ობიექტურნი.
რეალურად ასეთ დისკუსიებში გამოტანილი სამართლიანი აზრი იქნება საბოლოო ჯამში ის შედეგი, რამაც შეიძლება ცივილური დამოკიდებულებით და კონსტრუქციული მიდგომით დადებით შედეგებამდე მიგვიყვანოს. რაც მდგომარეობს მოსახლეობის და მათი საცხოვრებლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავიდან აცილებაში და მდგრადი გავნითარების პრინციპების დაცვით ენერგოსექტორის და ქვეყნის ეკონმიკის განვითარებაში.
18.03.14
გიორგი ჩუბინიძე