ნიუ-იორკის ქართული თეტრის შესახებ უკვე ბევრი გვსმენია. ამ თეატრს ქმნიან ამერიკაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც მასთან ერთად პატარა საქართველოსაც ქმნიან. აქ დადგმული სპექტაკლები დიდი წარმატებით მიმდინარეობს და დიდ აღტაცებას იწვევს. „თბილისი თაიმსი“ ერთ-ერთ მსახიობს წარმოგიჩენთ და გაგაცნობთ. თეატრსა და ამერიკულ ცხოვრებაზე ირინა ჩინაშვილი გვესაუბრება.
ირინა ჩინაშვილი: პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის. უკვე 9 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ, მყავს მეუღლე ილია შარიქაძე და პატარა მარიამი, რომელიც მარიამობას 4 წლის გახდება. რაც შეეხება ამერიკაში ჩემს საქმიანობას, ამჟამად ვსწავლობ GIU-ში მაგისტრატურაზე ბიზნეს მენეჯერის სპეციალობით. ეს ქვეყანა გაძლევს ყველანაირ შესაძლებლობას, რომ მიაღწიო დასახულ მიზანს. ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკებები საკმაოდ დიდ კომპანიასთან ევროპაში, რომელსაც ძალიან საინტერესო შემოთავაზებები აქვს, ასე რომ, ვფიქრობ მეტად საინტერესო ეტაპი დგას ჩემს ცხოვრებაში.
გვიამბეთ ნიუ-იორკის ქართული თეატრის და თქვენი საქმიანობის შესახებ.
ჩემთვის ესეც ერთგვარი გამოცდილებაა. როგორც იცით, მე დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, ბატონ რეზო ჩხეიძის სახელოსნო. ვისარგებლებ შემთხვევით და მას უდიდეს მადლობას გადავუხდი იმ საოცარი წლებისათვის რაც მან მაჩუქა, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული სტუდენტობის წლები მთელი ჩვენი ჯგუფისთვის დაუვიწყარია. ყოველ დღეს მასთან გატარებულს დიდი სიყვარულითა და უდიდესი მადლიერებით ვიხსენებ. ბატონ რეზოსთან ძირითადად კინო გადაღებები გვქონდა. მის ფილმში “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი” შევასრულე ტერორისტის როლი და ჩემდა საბედნიეროდ ვმუშაობდი ისეთ დიდ მსახიობებთან როგორებიც არიან ბატონი გივი ბერიკაშვილი, ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქალბატონი ლიდია შუქშინა და ქალბატონი ხათუნა იოსელიანი. როდესაც პირველად მივიღე შემოთავაზება ნიუ-იორკის ქართულ თეატრში მიმეღო მონაწილეობა ერთ-ერთ სპეკტაკლში, ეს ჩემთვის ერთგვარი გამოცდაც იყო და იმ მონატრების შევსებაც, რაც ასე მაკლდა. ასე რომ დავთანხმდი დიდი სიამოვნებით.
როგორც ვიცი ნიუ-იორკის ქართული თეატრის სპექტაკლები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. თქვენ რომელ სპექტაკლებში ხართ დაკავებული და რა როლები გერგოთ?
ქალბატონმა ხათუნა იოსელიანმა შემომთავაზა გამომძიებლის როლი სპეკტაკლში “თეთრი ბაირაღები.” არაჩვეულებრივად საინტერესო იყო ქალბატონ ხათუნასთან და მთელ შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობა. ასევე დიდი მადობა მინდა ქალბატონ ხათუნას გადავუხადო ასეთი საინტერესო ვერსიის შექმნისათვის და ასეთი ნდობისათვის. როგორც მოგეხსენებათ ორიგინალ პიესაში ორივე გამომძიებელი მამაკაცია, ჩვენს სპეკტაკლში ორი სრულიად განსხვავებული გამომძიებელი ქალია და ორივე როლს მე ვასრულებ. რამდენიმე თვის წინ ქალბატონმა ლიკა სირელსონმა შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო სპექტაკლში ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, სადაც ერთ-ერთ შინაბერას ვთამაშობდი. ქალბატონი ლიკა მაქსიმალურად ცდილობს თავისუფლება მიანჭოს მსახიობს ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა მასთან მუშაობა. როცა იღებ ნანატრ აპლოდისმენტებს, უამრავ თაიგულს, საოცრად თბილ სიტყვებს და ხალხის დიდ სიყვარულს, ეს არის მსახიობისთვის ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება. წინ კიდევ უამრავი გეგმები გვაქვს და იმედია წარმატებით განვახორციელებთ.
ხშირად ჩამოდიხართ თუ არა და უკავშირდება თუ არა თქვენი გეგმები საქართველოს?
სამშობლოში თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ და რასაკვირველია მინდა დაბრუნება, მაგრამ ვერ გეტყვით ეს მალე მოხდება თუ არა. რაც შეეხება კარიერის გაგრძელებას საქართველოში ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. მსახიობი რეჟისორზეა დამოკიდებული და თუ საინტერესო შემოთავაზება მექნება დიდი სიამოვნებით დავთანხმდები. მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს მეორე პროფესიაში სადისერტაციო ნაშრომზე ვიწყებ მუშაობას და სიმართლე გითხრათ, ამჟამად მთელი ჩემი დრო სწავლისკენ მაქვს მიმართული. თუმცა ჩემი სამომავლო გეგმები ჩემს სამშობლოს უკავშირდება და სწორედ ამიტომ ავირჩიე მეორე პროფესია.
გსურთ თუ არა სამშობლოში დაბრუნება და თქვენი კარიერის აქ გაგრძელება?
არ მგონია ამის საქართველოშოი გაგრძელების აუცილებლობა იყოს. საქართველოში იმდენი საინტერესო თეატრია, მათ ჭირდებათ ხელშეწყობა. ნიუ-იორკის თეატრი სამშობლოს სიყვარულით და მონატრებით არის შექმნილი რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლიკა სირელსონს და მის მეუღლეს ბატონ ვიქტორ სირელსონს. ისინი საოცარი სიყვარულით და რუდუნებით აკეთებენ ამ დიდ საქმეს. უამრავ ადამიანს ჩუქნიან ბედნიერებას და სიხარულს. ბავშვებს უნერგავენ საქართველოს სიყვარულს. მერწმუნეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქაური ბავშვებისთვის, რადგან არ დაივიწყონ მშობლიური ენა და არ დაშორდნენ სამშობლოს.
თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კულტურა და რა მდგომარეობაში არიან ხელოვანები?
ძნელია შორიდან ამაზე საუბარი. მაგრამ ჩემი აზრით სანამ სახელმწიფო არ გაიაზრებს, რომ კულტურა ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ შორს ვერ წავალთ. კულტურას სჭირდება მეტი ხელშეწყობა. ეს არის ჩვენი განძი. ეს არის ის რითიც განვსხვავდებით ყველასგან. ეს არის სწორედ ის რაც გადაარჩენს ერს და რითიც დიდი სიამაყით წარსდგები ნებისმიერ ქვეყანაში. უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის ნიჭიერი ადამიანი გვყავს და მთავარია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ფინანსურად და ახალგაზრდებს მისცეს საშუალება ცოდნის გაღრმავების და გამოცდილების შეძენის. ქართველები უდიდესი კულტურის მქონე ერი ვართ და ამ კულტურას ჭირდება მუდმივი ზრუნვა და განვითარება.
რა გეგმები გაქვთ სამსახიობო ხელოვნებაში?
ეს არის ქვეყანა, სადაც ოცნებები ხდება. ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევითმა შეხვედრად შეიძლება მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. სწორედ ასეთი შემთხვევის წყალობით მივიღე ძალიან საინტერესო შემოთავაზება საკმაოდ დიდ პროექტში, რომელიც შემდეგი წლისათვის იგეგმება და სერიოზული ნაბიჯი იქნება ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში.
რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს საქართველოში?
სანამ ადამიანი არ გამოცდის ემიგრანტობას, მანამდე ვერ იგრძნობს იმ დიდ სიყვარულს რაც სამშობლოსადმი, მეგობრებისადმი და საერთოდ ადამიანებისადმი გააჩნია. მე მჯერა, რომ ადამიანი სიყვარულისთვის არის დაბადებული და ჩვენ სწორედ ეს გრძნობა გადაგვარჩენს. ცუდი და კარგი ყველა ერშია, მთავარია ადამიანობა არ დავკარგოთ. სიყვარული გაიძულებს იზრუნო და როცა ერთმანეთზე ვიზრუნებთ, მაშინ თავისთავად ჩვენს სამშობლოზეც ვიზრუნებთ და ეს სიყვარული ნამდვილად ფეხზე დააყენებს ჩვენს საქართველოს. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ.
03.07.14
გიორგი ჩუბინიძე