ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ინდივიდუალურობა გულისხმობს კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელ სურვილებს, ინტერესებს, პრინციპებს, აზროვნებას, ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ნიშნებს, შეხედულებებს, აზრებსა და უამრავ სხვას. თითოეულ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება და იგი თავად განსაზღვრავს, რა არის ან არ არის მისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო, საჭირო, მოსაწონი, მიუღებელი და ა.შ. არსებობს ბევრი რამ, რაც ჩვენი სიცოცხლის ხარისხსა თუ ხანგრძლივობას განაპირობებს. ზოგისთვს „მიზანი ამართლებს საშუალებას“,ზოგერთი კი თავის პრინციპებს არასდროს უღალატებს; ვხვდებით ე.წ. მაქსიმალისტებსა და მინიმალისტებს, ერთგულებსა და მოღალატეებს, სამართლიანებსა და უსამართლოებს, კეთილებსა და ბოროტებს და თითოეული მათგანისთვის შეფასების სხვადასხვაგვარი სისტემაა დამახასიათებელი. ვისთვის ოჯახი და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვისთვის ფული და კარიერა… ყველა მათგანს სიცოცხლის სიყვარული და ბედნიერებისკენ სწრაფვა აერთიანებს. ჩვენ ვიბრძვით ყოველი დღისთვის, მომავლისთვის და ამისთვის ბევრი რამ გვჭირდება. ადამიანის სურვლები უსაზღვროა, თუმცა ამ დაუსრულებელ ჩამონათვალში არსებობს ერთი რამ, რაზეც უარის თქმა დანარჩენ ყველაფერზე უარის თქმასაც ნიშნავს -ეს ჯანმრთელობაა.
დამეთანხმებით, რომ ჯანმრთელობის დაკარგვისთანავე უფასურდება ფულიც, კარიერაც, კომფრტიც – ყველა ის სურვილი, რაც ასე მიზანდასახულსა და მონდომებულს გვხდის. მთელ ჩვენს ძალასა და ენერგიას, ფინანსურ ხარჯებსა და დროს გამოჯანმრთელებისკენ მივმართავთ და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ყველაფრის გაკეთებას ვცდილობთ. მივდივართ ექიმთან, ვიტარებთ გამოკვლევებს, ვსვამთ წამლებს, ვმკურნალობთ და სასურველი შედეგის მიღწევას ვიმედოვნებთ. თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, ჩვენი პირადი ბედნიერებაც აღარ იარსებებს…
ჩვენს ჯანმრთელობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს – გარემო, ბაქტერიები, ინფექციები, რომლებიც ჩვენს იმუნიტეტს აზიანებენ. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერიდოთ ყველანაირ საფრთხეს და დავიცვათ სისუფთავე. თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც ჩვენი ჯანმრთელობა სულაც არ არის ჩვენს ხელში და მასზე სრულიად სხვა ადამიანები მოქმედებენ. მაგალითად, კვების ობიექტებში ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ შემოთავაზებულ სადილში გამოყენებული ინგრედიენტების სისუფთავესა თუ უვნებლობას – მომსახურე პერსონალს ან ვენდობით ან არა.
ჩვენი ჯანმრთელობისთვის ასევე დიდი საფრთხის შექმნა შეუძლია სილამაზის სალონს – ადგილს, რომელიც ჩვენს უკეთეს განწყობასთან და სილამაზესთან ასოცირდება. სანიტარული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, სილამაზის სალონში შემოთავაზებული სხვადასხვა მომსახურება, შეიძლება, მრავალი დაავადებისა თუ ინფექციის გადაცემის წყაროდ იქცეს. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ამ მხრივ სქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და საჭირო სტანდარტებს სილამაზის ცენტრების მცირე რაოდენობა თუ აკმაყოფილებს. სალონებს ყველა ვსტუმრობთ და ინფიცირების შანსი თითოეული ჩვენგანის შემთხვევაში არსებობს. სწორედ ამიტომ, The Tbilisi Times ამ საკითხით დაინტერესდა. ჩვენ კომპეტენტურ ადამიანებს ვესაუბრეთ იმისთვის, რომ თქვენთვის რეალურ საფრთხესთან ერთად, პრევენციის გზებიც გვეჩვენებინა და მეტი ინფორმაცია მოგვეწოდებინა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენივე ჯანმრთელობას.
პირველ რიგში, დავინტერესდი იმით, თუ როგორ იხსნება სალონი ჩვენს ქვეყანაში. ნამდვილად მეგონა, რომ არსებობდა გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგაც სალონის მოქმედების ნებართვა გაიცემოდა. აღმოჩნდა, რომ ამჟამად არ არსებობს არანაირი რეგულაცია – საკმარისია საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, შემოსავლების სამსახურში გადასახადების გადახდაზე შეთანხმება და თქვენ საქმიანობის დაწყება შეგიძლიათ. არავინ მოვა და შეამოწმებს გაქვთ თუ არა ხელსაწყოების სტერილიზაციისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატები, იცავთ თუ არა ჰიგიენის ნორმებს, კეთილსინდისიერად მოღვაწეობთ თუ არა…უნდა აღინიშნოს, რომ არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უკვე დაწყებულია კვლევები და სამომავლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებიც იგეგმება. რა თქმა უნდა, გარკვეული მოთხოვნების დამკვიდრება მისასალმებელია, რადგანაც ეს, თავისთავად, ასობით გადარჩენილ სიცოცხლესაც ნიშნავს. საოცარია, რომ აქამდე მსავსი კანონი არ არსებობდა.
სწორედ აღნიშნულ კვლევასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით“თბილისი თაიმსი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროს რამაზ ურუშაძეს ესაუბრა:
„სილამაზის სალონში არსებობს კანის დაავადებების ან ორგანიზმის სხვა უფრო სერიოზული ინფექციის გადაცემის შანსი, თუმცა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური არის C ჰეპატიტი. ეს დაავადებები გარკვეული გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ერთი მომხმარებლისგან ან სულაც მომსახურე პერსონალისგან მეორე მომხმარებელს გადაეცემა. თუ დაწესებულებებში არ არის დაცული გარკვეული ნორმები, სათანადო ინსტრუმენტების მოხმარებისა და დამუშავების წესები, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების დიდი საფრთხე არსებობს.
სილამაზის სალონში ჰიგიენის ნორმების დაცვა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში არ შედიოდა. თუმცა არსებული სიტუაცია შეფასდა და მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სალონების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწორედ ახლა ჩატარდა. ამ პროცესში ჩართული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურები, რომლებიც, ფაქტობრვად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციის ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ჩვენს ინსტიტუციასთან (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან) თანამშრომლობენ. მათთან თანამშრომლობის შედეგად, ჩატარდა გამოკითხვა, რომელიც ნებაყოფლობითი იყო. ჩვენი წარმომადგენლები მიდიოდნენ რესპოდენთტან, უსვამდნენ კითხვებს, ავსებდნენ სხვადასხვა ტიპის კითხვარებს და სალონში არსებულ პირობებს ვიზუალურადაც ათვალიერებდნენ. ამ ინიციატივის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტი ობიექტი გამოიკითხა. ეს კვლევა ჩატარდა იმ მიზნით, რომ ზოგიერთი ნორმა თუ მოთხოვნა, დროის ფაქტორის გათვალისწინებით, მოძველდა, ზოგს განახლება სჭირდება,ზოგს გამკაცრება და ა.შ. შევისწავლეთ სილამაზის სალონები, სადაც კეთდება მანიკური, პედიკური, ეპილაცია, პირსინგი, ტატუ და ა.შ. კვლევა საკმაოდ მოცულობითი იყო. მიღებული ინფორმაცია ახლა მუშავდება და სამინისტროს დონეზე განიხილება. საბოლოოდ, მიმართულებების მიხედვით, გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება და, ალბათ, შესაბამის უწყებებსა და სამსახურებს შედარებით განახლებული ან სრულიან ახალი რეგულაციების შემუშავება დაევალებათ. ამ რეგულაციების შესრულება კი სავალდებულო იქნება. რაც შეეხება მათ, ვინც კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის დამსჯელი ორგანიზაცია და მას მხოლოდ შესაბამისი მდგომარეობისა და ფაქტების კონსტატაცია შეუძლია. თუმცა, სამინისტო არც ამას დატოვებს უყურადღებოდ, რადგანაც ეს მოსახლეობის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. უახლოეს მომავალში დაინერგება ახალი მოთხოვნები, მოხსენებული იქნება ის დაწესებულებები, რომელთაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე. შემდეგ, ალბათ, განისაზღვრება ის უწყება თუ სამინისტრო, რომელიც ამ შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს. შეიძლება გაიცეს ლიცენზია, რომელშიც ეწერება, რომ პერიოდულად მოხდება სალონის მონიტორინგი და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევისთვიის გარკვეული სანქცია შემუშავდება.
სილამაზის სალონებში გამოყენებული იარაღების დეზინფექციისთვის სპეციალური სასტერილიზაციო აპარატურა არსებობს. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ესმით სილამაზის სალონებს ამ დანადგარების მნიშვნელობა და დანიშნულებისამებრ იყენებენ თუ არა მათ. სტერილიზაციის დროს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება და სპეციფიური ცოდნაცაა საჭირო. თუმცა, პირველ რიგში, კეთილსინდისიერად მოქმედებაა აღსანიშნავი. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს კიდეც აპარატი, მაგრამ არ იყენებდეს. ყველა მომხმარებელს აქვს უფლება,ნახოს სტერილიზებულია თუ არა ის ხელსაწყოები, რომელთაც სალონში იყენებენ. ასევე უფლება აქვს, რომ მაგალითად, ტატუს ან პირსნგის გაკეთების დროს ერთჯერადი საჩხვლეტის გამოყენება მოითხოვოს და ა.შ.“
იმის გასარკვევად, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სილამაზის სალონი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ, ჩვეულებრივმა მომხმარებლებმა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი სხვადასხვა დაავადებით ინფიცირებისგან, „თბილისი თაიმსი“ საქართველოს სალონების ეროვნულ ფედერაციას დაუკავშირდა. ფედერაციის საქმიანობაა საქართველოში მოქმედი დალაქების, ვიზაჟისტებისა და მანიკურ-პედიკურის სპეციალისტების საერთაშორისო პროექტებში ჩართვა, მათთვის თანამედროვე ტენდენციებისა და სტანდარტების გაცნობა, შიდა ოლიმპიადების ჩატარება და ა.შ. ისინი მსურველებს საჭირო კონსულტაცას უწევენ და ტრენინგებსაც ატარებენ. მე მის პრეზიდენტს, თამუნა შარაშენიძეს ვესაუბრე:
„ყველამ, ვისაც ამ ბიზნესის წამოწყება სურს, მოღვაწეობა სწორედ საჭირო ნორმების შესწავლით უნდა დაიწყოს. არსებობს მრავალი სტანდარტი, თუნდაც განათება, მაგრამ, ჩვენ შემხვევაში, საუბარი მხოლოდ ჰიგიენისა და სტერილიზაციის ნორმებზეა. უკვე არსებული სალონი კი თავიდან უნდა აღიჭურვოს იმისთვის, რომ ამ ნორმებს შეესაბამებოდეს. ამაში დიდი სახათაბალო არაფერი არაა. თუ, ვთქვათ, სილამაზის სალონის წარმომადგენლებმა არ იციან, როგორ და რანაირად მოიქცნენ, ჩვენ მზად ვართ, რომ მათ ნებისმიერი კონსულტაცია გავუწიოთ. ძალიან ბევრი პროფესიონალური ნიუანსია, რომელსაც ასე ვერ ჩამოვაყალიბებ, მაგრამ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაგვიკავშირდეს და ჩვენ სიამოვნებით დავეხმარებით.
რაც შეეხება ახლა არსებულ სიტუაციას, მართლა ძალიან რთულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ჯანდაცვის სამინისტრომ მონიტრინგი ტყუილად არ დაიწყო, რადგანაც ქალაქის სალონების, ალბათ, 80 პროცენტი საჭირო სტანდარტებს არ ცნობს და არ იცის. თქვენ წარმოიდგინეთ, პედიკური-მანიკურის ისეთ პოპულარულ სპეციალისტებთან, რომლებიც თითქმის მთელ თბილისს ემსახურებიან, ეს სტანდარტები საერთოდ არ არის დაცული, ბევრგან არ არის სასტერილიზაციო მოწყობილობა და ა.შ. სტანდარტია, რომ ხელსაწყომ სტერილიზაციის 3 ეტაპი უნდა გაიაროს, მას სჭირდება სპეცილური ხსნარი და დანადგარი. ის მრგვალი რაღაც, რაშიც მანიკურის გაკეთების დროს ხელსაწყოები უდევთ ხოლმე არ არის სასტერილიზაციო დანადგარი. ეს არის კვარცი – სტერილური იარაღების შემნახველი და სალონები მას იყენებენ ისე, როგორც სტერილიზაციის აპარატს, რომელიც საერთოდ არ არის ეფექტური, მითუმეტეს C და B ჰეპატიტის შემთხვევაში. C და B ჰეპატიტები უნდა დამუშავდეს სამედიცინო კუთხით, ანუ იმ სტერილიზაციის ნორმებით, რაც არსებობს – ხსნარებით, ავტოკლავირებით, სხვადასხვა ეტაპებით და ეს ვირუსები მხოლოდ ამის შემდეგ მოკვდება. რაც შეეხება შიდსის ვირუსს, ის ჰაერში შეხებისას უკვე კვდება და შეიძლება, ამ გზთ არ გადაეცეს. ამის ისეთი მაღალი საშიშროება არ არსებობს, მაგრამ C და B ჰეპატიტის და კიდევ სხვა დაავადებების შემთხვევაში გავრცელების საშიშროება ძლიან მაღალია. სასტერილიზაციო აპარატის მრავალი სახეობა არსებობს. მაგალითად, მრავალნაირი ავტოკლავს შევხვდებით, თუმცა მთავარია, რომ სალონში იყოს ეს მოწყობილობა, ძვირიანი იქნება თუ იაფიანი, მნიშვნელობა არ აქვს.
არსებობს სტერილიზაციის 3 ეტაპი, რომელსაც სპეციალური ხსნარები სჭირდება და სალონი ამით აღჭურვლი უნდა იყოს. სტერილიზაციის ბოლო ეტაპზე იარაღები სპეციალურ შეფუთვაში თავსდება და ის ჰერმეტულადაა დახურული. შეფუთვა მომხმარებლის თვალწინ უნდა გაიხსნას. რაც შეეხება თმის პირსახოცს, ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს. სასტერილიზაციო აპარატები არ არის რაღაც განსაკუთრებულ თანხებთან დაკავშრებული. ავტოკლავი დაახლოებით 400-500 ლარი ღირს. ზოგიერთი ხსნარი შეიძლება, 200 ლარიღირდეს, მაგრამ ნახევარი წელი ყიდვა აღარ იყოს საჭირო. ზოგიერთი 50 ლარიც ღირს, თუმცა 2 თვეში მარაგი გასაახლებელია. ეს ყველაფერი გაზავების პრინციპთანაა დაკავშირებული და სალონის მფლობელის არჩევანზეა დამოკიდებული, რომელს შეიძენს.
სასტაერილიზაციო სისტემის გამართვას მაქსიმუმ 1000 ლარი ეყოფა, შეიძლება, ამდენიც არ დაიხარჯოს. რა თქმა უნდა, სალონში იარაღების რამდენიმე ნაკრები უნდა იყოს. ორი ნაკრები არ არის საკმარისი. სტერილიზაციის ყველა ეტაპის გავლას, დაახლოებით, საათნახევარი სჭირდება და თუ სპეციალისტს ერთი მომხმარებლის შემდეგ, მეორე ელოდება, ორი ნაკრები არაფერში ეყოფა. მოკლედ, ერთი მთავარი პრობლემა იკვეთება – რამდენედ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, სხვა ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე შენს ჯიბეს არ უნდა გაუფრთხლლდე. სალონის სტუმარმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რამდენად სუფთაა სავარცხელი. სავარცხელსაც აქვს თავისი სტერილიზატორი, რომელიც ყოველი ახალი მომხმარებლის დროს უნდა გამოიყენებოდეს. ამ შემთხვევაში კანის სოკოს გადადების რისკი არსებობს.
ჩვენთან დიდი პრობლემაა ის, რომ თმებით სავსე სვარცხელს იყენებენ. უნდა დავაკვირდეთ, რომ პირსახოცი, რომელსაც გამოიყენებენ გასარეცხად უნდა წაიღონ. რაც შეეხება მანიკური/პედიკურის კაბინეტს, როდესაც მომხმარებლის თვალწინ უკვე ჰერმეტუდლად დახურული შეუთვა იხსნება, ვხვდებით რომ ის სუფთაა. შეგიძლიათ, თავადაც იკითხოთ, მარტო კვარცი აქვთ თუ სხვა რამითაც ხდება ხელსაწყოების დამუშავება. თუ მარტო კვარცით ხდება, ესე იგი ეს ხელსაწყოები არ არის სანდო.“ არასწორი სტერილიზაციის გზით გადამდები დაავადებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად სამედიცინო სფეროსაც მივმართე და სპეციალისტებს – ინფექციონისტსა და დერმატოლოგს გავესაუბრე.
“სალონში მანიკურის და პედიკურის გაკეთება, ასევე სხვა პროცედურების ჩატარება საშიშია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ არის დაცული ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესები. საშიშია ისეთი პროცედურები, რომლის დროსაც კანის საფარველის დაზიანების შანსი არსებობს. ზემოთაღნიშნული პროცედურების გარდა, ასეთია ტატუირება. რომლის დროსაც უსაფრთხოების ნორმები განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული, რადგან ნემსს უშუალო კონტაქტი აქვს სისხლთან. დაავადებები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს არასათანადოდ სტერილიზებული, საერთო მოხმარების ხელსაწყოების საშუალებით არის B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, შიდსი. ასევე სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციები.
ნებისმიერი პროცედურა უსაფრთხოა იმ შემთხვევაში, თუ ხელსაწყოები იქნება სტერილიზებული. სამწუხაროდ, ბევრ სალონში არ არის სათანადო სტერილიზაციის სისტემა. ამიტომ უმჯობესია, რომ ქალბატონებსა და მამაკაცებს, რომლებიც სტუმრობენ სალონებს, ჰქონდეთ საკუთარი ხელსაწყოები მანიკურისთვის, რომელსაც თავად მიიტანენ სალონში. პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ კი სპირტით გაწმენდენ. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელსაწყოებით სხვა პიროვნება არ სარგებლობს, ეს პროცედურა სრულიად საკმაირისია. ჩემი, როგორც ექიმის რჩევა იქნება, რომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ სალონში იყოს სისუფთავე. ასევე სპეციალისტმა პროცედურის წინ უნდა დაიბანოს ხელები. თუ საერთო ხელსაწყოს იყენებთ მანიკურისთვის, არ მოგერიდოთ და აუცილებლად იკითხეთ, რა მეთოდით კეთდება სტერილიზაცია და ახალი გასტერილებულია თუ არა ხელსაწყოები.”
„სალონებში სხვადასხვა მომსახურების დროს ყველაზე სარისკო B ჰეპატიტით დაავადებაა, თუმცა ასევე აღსანიშნავია C ჰეპატიტი და აივ ინფექცია. ამ სამი დაავადებით ინფიცირებაა ყველაზე საშიში. თუმცა ვირუსული ინფექციების გარდა, შეიძლება, სხვა სახის დაზიანებაც მოხდეს, ადგილობრივად დაჩირქდეს და შემდგომ გართულდეს. ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც სასტერილიზაციო ნორმები არ არის დაცული და იარაღები კარგად არ მუშავდება. არსებობს პეციალური მეთოდები თუ ხსნარები, რომლებიც სტერილიზაციის დროს გამოიყენება. საჭიროა, რომ ინსტრუმენტები კარგად გაირეცხოს და მოთავსდეს ხსნარში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ამ ხსნარში უნდა იყოს, შემდეგ კი სპეციალურ აპარატში უნდა გაჩერდეს და თერმულად დამუშავდეს. თუმცა, დღეს მე არ ვიცი არცერთი სალონი, სადაც ამ წესებს ზედმიწევნით იცავენ.
მომხმარებლისთვის ჩემი ერთადერთი რჩევა არის ის, რომ ყველას ჰქონდეს თავისი იარაღი – ეს არის 100 პროცენტიანი დაცვა იმისგან, რომ ჩვენ მსგავსი დაავადებები არ დაგვემართება. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით, რამდენად კეთილსინდისიერად იქცევა მომუშავე პერსონალი და ხდება თუ არა ხელსაწყოების სტერილიზაცია. ჩვენ მირ ჩვენივე ხელსაწყოების მექანიკური გაწმენდა აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ისინი ინფექციებისგან დავიცვათ. როცა ვიცით, რომ ჯანმრთელები ვართ, მას ზედმეტი დამუშავება აღარ სჭრირდება, მთავარია, ჩვენ გარდა არავინ გამოიყენოს.“
მასალა მოამზადა
თეა ღვინაძემ