სულ რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო შეძრა საფრანგეთში მომხდარმა ტერაქტებმა. არაერთი პოლიტიკოსი, ექსპერტი თუ რიგითი მოქალაქე აცხადებდა, რომ თავდასხმა საფრანგეთზე ნიშნავდა „ისლამური დაჯგუფებების“ მხრიდან დემოკრატიულ ქვეყნებზე თავდასხმას. დღემდე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ძალთა გადათამაშების შესახებ.
პარიზში მომხდარ ტერაქტებზე, მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე, დასავლთსა და საქართველო შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე, ევროპასთან უვიზო რეჟიმის პერსპექტივებზე, The Tbilisi Times გერმანიაში მოღვაწე პოლიტოლოგი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელი ბიძინა ლებანიძე ესაუბრა.
პირველ რიგში, ბატონო ბიძინა, მინდა თქვენი შეხედულება გაგვაცნოთ მსოფლიოში მიმდინარე ტერაქტებთან დაკავშირებით. ნიშნავს თუ არა საფრანგეთზე თავდასხმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ომის გამოცხადებას, საფრანგეთში მომხდარი აფეთქებების შემდეგ რამდენად ქმედითუნარიანი ზომები განხორციელდა ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის ტერაქტებისგან დაცვის კუთხით. მოხდება თუ არა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ძალთა გადათამაშება?
– პარიზის ტერაქტების ყველა მონაწილე საფრანგეთის ან ბელგიის მოქალაქე იყო, რომლებიც ისლამურმა სახელმწიფომ „დაავერბოვკა“. ამიტომ საფრანგეთის ტერაქტები უპირველეს ყოვლისა შიდაევროპული პრობლემაა. ეს არის ევროპაში გაბატონებული მემარცხენე ე.წ. რეგრესული ლიბერალიზმის და ხელოვნურად მართული მულტიკულტურალიზმის კრახის ნათელი გამოვლინება. ათწლეულების მანძილზე, ხელოვნურად ხდებოდა მუსლიმი მოსახლეობის ინტეგრაციის პრობლემებზე თვალის დახუჭვა, სოციალური პროგრამებით პრობლემების გადაფარვა. ფაქტობრივად, აკრძალული იყო ამ პრობლემაზე მსჯელობაც კი ისლამოფობიის დაბრალების შიშით. შედეგად ევროპის ქვეყნებში გაჩნდნენ მიგრანტებით დასახლებული გეტოები, რომლებსაც ხშირად ევროპული ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლებები ვეღარ აკონტროლებენ და რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისის-ს და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, ახალი, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ტერაქტების მოსაწყობად. რაც შეეხება თავად ისლამურ სახელმწიფოს, იგი სირიის ომის ერთ-ერთი მხარეა, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები ებრძვიან. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ იგი ყველა მეთოდით დაიცავს თავს, მათ შორის ტერაქტების საშუალებით, ამაში არაფერი უცნაური არ არის. რაც შეეხება ევროპის ქმედუნარიანობას, ძალიან რთულია მსგავს პრობლემებთან გამკლავება, როდესაც ქვეყნის შიგნით გაქვს ფაქტობრივად არაკონტროლირებადი გეტოები. ამაზე, ევროპელ პოლიტიკოსებს თავის დროზე უნდა ეფიქრათ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენზე ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ევროპაში ტერორიზმის გაძლიერებას, თუმცა არა უშუალოდ ტერორიზმის საფრთხის გამო, არამედ რუსეთის ფაქტორის გამო, რომელიც შეეცდება ევროკავშირთან ანტიტერორისტული კოალიციის შექმნას და დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას, ეს კი ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მთავარი ტერორისტი რუსეთია. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ არ შეუერთდებიან არანაირ ანტიტერორისტულ კოალიციას რომლის წევრიც რუსეთი იქნება, თუმცა მეორეს მხრივ, საფრანგეთი მაგალითად, მხარს უჭერს მსგავსს კოალიციას.
ქართულ მედიში გავრცელდა ევროპარლამენტის მომხსენებლის, ანდრეი მამიკინის, მოსაზრება, რომ თუ საქართველო გამოიჩენს ლოიალურობას და მიიღებს იმ ემიგრანტებს, რომლებსაც თავიანთი სამშობლოს დატოვება მოუხდათ „ისლამური სახელმწიფოს“ აგრესიისგან თავის დასაცავად, მაშინ მას შეექმნება რეალური შანსი, მიიღოს უვიზო რეჟიმი. ეს ულტიმატუმი ხომ არ არის, თქვენი შეფასება როგორია?
– პირველ რიგში, სრულიად ცალსახად უნდა ითქვას, რომ არ არსებობს არანაირი კავშირი სირიელი მიგრანტების მიღებასა და უვიზო რეჟიმის პერსპექტივას შორის. თუ უვიზო რეჟიმს ვერ მივიღებთ, ეს იქნება უპირველეს ყოვლისა აუცილებელი რეფორმების ვერგატარების შედეგი და ასევე იმის ნიშანი, რომ ევროკავშირი უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობის მუშაობით და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით. თუმცა მეორეს მხრივ საქართველოს მთავრობას შეუძლია საკუთარი თავი კარგად გაიპიაროს დევნილების სიმბოლური რაოდენობის, თუნდაც რამდენიმე ათეული დევნილის მიღებით, მაგრამ დღევანდელ მთავრობას მსგავსი პიარ-ტრიუკები ნაკლებად ეხერხება. დარწმუნებული ვარ წინა ხელისუფლება მსგავს შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა.
ემიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით წარმოიშვა მოსაზრება მოსალოდნელ საშიშროებებზე, რომლებიც მათი შემოსვლის შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას. როგორ ფიქრობთ, რამდენად საფუძვლიანია საზოგადოების შიში, რომ სირიელი დევნილების შემოსვლის შემდეგ ჩვენს ქვეყანასაც შეიძლება ისლამური დაჯგუფებების მხრიდან რეალური საფრთხე დაემუქროს?
თუ ისლამური სახელმწიფო საქართველოში ტერაქტების მოწყობას გადაწყვეტს, ამას სირიელი დევნილების გარეშეც ადვილად მოახერხებენ. თუმცა საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ტერორისტული დაჯგუფებებისთვის, რომ თავიანთი რესურსი ჩვენზე ხარჯონ. არც სირიის კონფლიქტში ვართ ჩართული. ამიტომ ისლამურ სახელმწიფოს საქართველოში ტერაქტების მოწყობის მოტივაცია წესით არ უნდა ჰქონდეს. ამასთან, კიდევ ერთხელ ნათლად უნდა განვმარტოთ, რომ არავინ საქართველოს სირიელი ლტოლვილებიs მიღებას არ ავალდებულებს. თუ მივიღებთ იქნება ჩვენი კეთილი ნება, თუ არ მივიღებთ, არც ამით დაშავდება რამე.
ევროინტეგრაციაზე საუბრისას ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია გამოიწვევს მწვავე დემოგრაფიულ პრობლემებს ჩვენს ქვეყანაში. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? მაინტერესებს უვიზო მიმოსვლა კონკრეტულად რა სახის ევროპულ პერსპექტივას იძლევა?
– არამგონია დემოგრაფიული პრობლემები გამოიწვიოს. უვიზო რეჟიმი ძირითადად გულისხმობს, ტურისტული ვიზების გამარტივებას მოკლე და საშუალოვადიანი ვიზიტებისთვის. სწავლისთვის, ლეგალური სამუშაოსთვის ან სხვა სახის ხანგრძლივვადიანი ვიზიტებისთვის კვლავ ვიზები იქნება საჭირო. საბოლოო ჯამში თუნდაც ლეგალური სამუშაო ადგილის და სამუშაო ვიზის მოპოვება გაცილებით ურო მარტივი იქნება უვიზო რეჟიმის პირობებში, ვიდრე ეს დღეს არის. ამასთან, უვიზო რეჟიმის ამოქმედების პარალელურად, ევროკავშირი სავარაუდოდ უფრო მკაცრად მიუდგება „რეადმისიის ხელშეკრულების“ შესრულებას რაც გამოიწვევს დეპორტირებული არალეგალი ქართველების რიცხვის გაზრდას. საბოლოოდ, თვით საქართველოს მოქალაქეებიც ნაკლებად დაარღვევენ უვიზო მიმოსვლის წესებს საბუთების გაფუჭების შიშით. ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმოსვლის ნაკადის საგრძნობ გაზრდას, მაგრამ საქართველო მოსახლეობისგან ნამდვილად არ დაიცლება.
ბევრი პოლიტიკოსის მოსაზრება მოგვისმენია იმის შესახებ, რომ უვიზო მიმოსვლის მოთხოვნას სჯობს, ევროკავშირს პირდაპირი ინვესტიციები ვთხოვოთ ეკონომიკის სექტორში. თქვენი შეფასებით ქვეყნის შიგნით ევროპული სტანდარტების მისაღებად რა სახის დახმარება უნდა მოითხოვოს საქართველომ ევროკავშირისაგან?
– არ მესმის რატომ ეწინააღმდეგება ეს ორი ერთმანეთს. შეიძლება მოვითხოვოთ ერთიც და მეორეც. ამასთან ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ დღეს არსებული ურთიერთობის ფორმატით და უკრაინის მსგავსად უნდა მოვითხოვოთ ევროკავშირის რაც შეიძლება მეტ პროგრამაში ჩაბმა, მათ შორის ისეთ პროგრამებშიც, რომლებიც ცდება სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოებს და მხოლოდ ევროკავშირის წევრებისთვის არის გათვალისწინებული. ამის რესურსი დღეს გაცილებით დიდია ვიდრე თუნდაც სამიოთხი წლის წინ, თუმცა საქართველოს მთავრობა ამ მხრივ რატომღაც არ აქტიურობს. მაგალითისთვის, შეიძლება მოვითხოვოთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის ე.წ. სტრუქტურული ფონდების გააქტიურება, საიდანაც შეიძლება ასეულობით მილიონი ევროს მიღება, რომელიც ქართულ მცირე და საშუალო ბიზნეს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ევროსტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება. არსებობს კიდევ სხვა უამრავი პროგრამა, მაგალითად, აგრარულ სფეროში PHARE, SAPARD, ISPA რომლებიც მხოლოდ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვისაა შექმნილი, თუმცა თეორიულად შესაძლებელია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც მათი გააქტიურება. ანუ პოტენციალი არის, საჭიროა ჩვენი უფრო მეტად გააქტიურება. უსაფრთხოების კუთხით, შეიძლება მოვითხოვოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უფრო ძლიერი ინსტრუმენტებით, მაგალითად ევროპის ჟანდარმერიის ძალებით ჩანაცლება, რომელსაც კონფლიქტის ზონებში პოლიციური ფუნქციებიც ექნება. მით უმეტეს ევროკავშირმა თვითონ განაცხადა, რომ აპირებს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით კიდევ უფრო გააქტიურებას. მაგრამ, ამ ყველაფერს, პირველ რიგში ჭირდება საქართველოს მთავრობიდან წამოსული აქტიური ინიციატივები.
ესაუბრა
ნანუკა მაღლაკელიძე





