სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული თაფლის პოპულარიზაციისა და მეფუტკრე ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, მორიგი რეგიონული შეხვედრა ამბროლაურში გამართა. რაჭა-ლეჩხუმის ათეულობით მეწარმეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ხელშემწყობი ღონისძიებები, თაფლის წარმოება-რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ეწყებების – სურსათის ეროვნული სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მეფუტკრეებსა და თაფლის მწარმოებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თაფლის ტექნიკური რეგლამენტის, ეტიკეტირების, ჰიგიენის ნორმებისა და ხარისხობრივი მოთხოვნების, ფუტკრის დაავადებებისა და ქართული ფუტკრის უპირატესობის, ასევე, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის ანუ კოოპერაციული გაერთიანების სიკეთეების შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და ქართული თაფლის ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქტის წარმოებას; განისაზღვრა აკრძალული მედიკამენტების ნუსხა; მიმდინარეობს კოოპერაციის წახალისების ღონისძიებები და კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის პროგრამა.














