ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ყოფილი ლექტორის მეგი ქურდაძის განცხადებით, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობებიდან უკანონოდ, დაუსაბუთებლად პროფესიონალი კადრები დაითხოვა და აღნიშნული ქმედების პროტესტის ნიშნად, თითქმის ყველა პროფესორ-მასწავლებელმა ფაკულტეტი დატოვა”. მისი თქმით, „ილიას უნივერსიტეტიდან 20–ზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრის წასვლის მიუხედავად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არანაირ კომპრომისზე არ წასულა და ყოფილ ლექტორებთან შეხვედრის სურვილიც კი არ გამოუთქვამთ, რაც შეეხება გათავისუფლებული პროფესორების შემცვლელებს, ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ფილოლოგებით, ბიოლოგებით, მედიცინის ხარისხისა და საერთოდ დოქტორის აკადემიური ხარისხის არ მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტდა”. როგორც ქურდაძემ „Front news”–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „2012 წლის აგვსიტოში უნივერსიტეტის ორი თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლების გამო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პროტესტის ნიშნად დატოვა გუნდმა, რომელმაც ერთობლივი მუშაობით ბიზნესის მიმართულება ააწყო და ავტორიტეტი შესძინა. შესაბამისად, ფაკულტეტი არაკვალიფიცირებული კადრებით დაკომპლექტდა და უმძიმეს მდგომარეობაშია”.
რატომ გახდა თქვენთვის აქტუალური დღეს ეს თემა და აქამდე რატომ არ აფიქსირებდით ღიად თქვენს მოსაზრებებს? ჩვენ ბევრჯერ ვცადეთ ილიას უნივერსიტეტიდან წამოსულ ლექტორებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაკონტაქტება, თუმცა თქვენის მხრიდან თითქოს ყოველთვის თავის არიდებას ჰქონდა ადგილი.
როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხი ჩვენთვის ყოველთვის აქტუალური იყო. ჩვენ გამუდმებით ვცდილობდით ჩვენი პოზიცია ღიად დაგვეფიქსირებინა, როგორც თვით უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში, ასევე საზოგადოებაში.მას-მედიის მხრიდან იყო დაინტერესება, ამაზე იყო საუბრები, გამოხმაურებები, არაერთ გაზეთში დაიწერა, არაერთ გადაცემაში იყო საუბრები კონკრეტულად ამ თემაზე. ჩემთან როდესაც მოდიოდნენ ამ კითხვით მე ყოველთვის შესაბამის პასუხს ვაძლევდი, არც ახლა შევიკავებ თავს. ჩვენ დროულად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია იმ უსამართლობის შესახებ, რაც მაშინ ილიას უნივერსიტეტში მოხდა.
რა მოხდა რეალურად ილიაუნის ბიზნესის ფაკულტეტზე? რატომ მოგიწიათ იქიდან წამოსვლა?
2012 წლის აგვისტოში ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტიდან უსამართლოდ-უკანონოდ გაათავისუფლა კვალიფიციური კადრები. შესაბამისად უნივერსიტეტთან ბიზნესის ფაკუტეტის 20-ზე მეტმა ლექტორმა შეწყვიტა თანამშრომლობა. მათ შორის ვიყავი მეც. რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს შარშან მთელი ზაფხულის განმავლობაში ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორებს ჩააწერინეს ვიდეო ლექციები და თავად რექტორმა მადლობაც კი გადაგვიხადა სპეციალურად ჩვენთან ორგანიზებულ შეხვედრაზე, ასევე მთელი მომავალი შემოდგომის სემესტრის განრიგიც გაწერილი იყო, თუმცა მანვე, რექტორს ვგულისხმობ,შემდგომში ტელევიზიებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩვენ უნივერსიტეტის თანამშრომლებიც კი არ ვყოფილვართ. აქვე აღსანიშნავია სტუდენტების პოზიციაც, როდესაც ილიას უნივერსიტეტის 1500-მდე სტუდენტის ელექტრონულად ხელმოწერილი განცხადება შევიდა რექტორთან აღნიშნული საკითხის თაობაზე. გაითვალისწინეთ, რომ უკვე იყო აგვისტოს თვე, როდესაც სტუდენტები აღარ არიან უნივერსიტეტში, ისვენებენ და მათი შეკრება ან რაიმე საპროტესტო ტალღის ორგანიზების საკითხი თითქმის წარმოუდგენელიც კი იყო. თავად სტუდენტებმა გამოთქვეს ეს ინიციატივა და გაუკეთეს მობილიზება ამ წინააღმდეგობას. ჩვენ, ლექტორებმა ეს გავიგეთ მოგვიანებით, როდესაც უნივერსიტეტში ამბავი ატყდა და დაიწყეს სტუდენტების გადამოწმება. ბევრი სტუდენტი მახსოვს განაწყენებულიც დარჩა ადმინისტრაციის მხრიდან უნდობლობის გამო. ამ გვერდში დგომისთვის ჩვენ ლექტორები, მადლობლები ვართ სტუდენტების. მიუხედავად სტუდენტების სურვილისა, რომ შეხვედროდნენ რექტორს, მან არც მაშინ ისურვა არც სტუდენტებთან და არ ჩვენს გუნდთან შეხვედრა. თუ არ ჩავთვლით საპროტესტო წერილზე ხელისმომწერ ლექტორებთან გადაბირების მიზნით ინდივიდუალურ დაბარება-შეხვედრებს და მათზე მუშაობას. – რამდენადაც კულუარებში საუბრობენ, იყო ლექტორების გადაბირების მცდელობები, რომ ხელი არ მოეწერათ ერთობლივ საპროტესტო წერილზე. – იყო შემოთავაზებები და ინდივიდუალური დაბარებები დეკანთან საათობრივი დატვირთვების მაღალი განაკვეთით ანაზღაურებისა და ასევე საათების დიდი რაოდენობით დატვირთვის. მიუხედავად თითოეული ლექტორის კვალიფიკაციისა, აკადემიური ხარისხისა და გამოცდილებისა. მთავარი იყო მათთვის წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულიყო და როგორმე პირველი სემესტრი უმტკივნეულოდ გადაეგორებინათ. მე დარწმუნებული ვარ ისინი არ ელოდნენ მათ უსამართლობაზე ჩვენს ასეთ წინააღმდეგობას, თორემ ამას ვერ გაბედავდნენ. როგორც ირკვევა ეს დამოკიდებულება სისტემური პრობლემა იყო და არა კონკრეტული ინდივიდუალური შემთხვევა. ასეთი იყო დამოკიდებულება სამუშაო კადრებისადმი. წარმოგიდგენიათ ფაკულტეტიდან ლექტორების 95% წამოვიდა. ყველა წამოსულმა ლექტორმა იცოდა მომდევნო სემესტრში როდის, რომელ აუდიტორიაში, რომელი სალექციო კურსი უნდა წაეკითხა. უნივერსიტეტის მხარე აპელირებს არ იყვნენ თანამშრომლებიო, რეალურად ეს ძალიან სუსტი არგუმენტია. ყველაფერი იყო უკვე გათვლილი და განსაზღვრული. ისიც კი იცოდა სტუდენტთა დიდმა ნაწილმა თუ მომავალ სემესტრში ვინ წაუკითხავდა ლექციას კონკრეტულ საგანში. ეს კადრები, რომლებიც უნივერსიტეტიდან აგვისტოში წამოვიდნენ, ახლიდან უნდა მოეძიებინათ უმოკლეს დროში. ჩვენ არც გვიფიქრია, რომ უნივერსიტეტი არ წამოვიდოდა კომპრომისზე. უპირველეს ყოვლისა ჩვენ არ გვინდოდა სტუდენტებისთვის შეგვექმნა პრობლემები და ცუდად გამოგვეყენებინა სიტუაცია. შეგვეძლო პროტესტი სასწავლო პროცესის დაწყების წინა დღეს, ან სექტემბრის ბოლოს გამოგვეხატა და არ შევსულიყავით ლექციებზე. ამ დროს დაზარალდებოდნენ ისევ სტუდენტები. თუმცა, ვინაიდან ჩვენი მოთხოვნები იყო სამართლიანი ვიმედოვნებდით, რომ უნივერსიტეტის მხრიდან კომპრომისს ექნებოდა ადგილი და არ გვინდოდა სტუდენტები დაგვეზარალებინა, – ასე მოვიქეცით. ამ მოკლე დროში როგორი კადრებიც იქნა მოძიებული და როგორი ხარისხიც იყო ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მშობლებს შეუძლიათ მოიკითხონ. ამაზე სტუდენტებიც ღიად საუბრობენ. გული მწყდება, ფაკულტეტი, რომელიც გუნდური მუშაობით ავაწყეთ, ძალ-ღონე არ დავიშურეთ, მივეცით რეიტინგი, ავტორიტეტი, ჩვენ შევქმენით ფაქტიურად, დღეს უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
თქვენი აზრით რეალური მიზეზი რა იყო ამ ადამიანების როგორც ადმინისტრაციული, ისე აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებისა? აქ საუბარია ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილესა და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელზე.
ახალი დეკანის მოსვლის შემდეგ გადაწყვეტილებები და ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო არა სწავლების ხარისხის ამაღლებისაკენ, ეფექტური მოტივაციისაკენ, არამედ, უნივერსიტეტის შემოსავლების ზრდისკენ. კერძოდ: სემინარებზე და ლექციებზე 100 კაციანი ჯგუფების გაერთიანება, ნაკლებ ლექტორს მეტი სტუდენტისთვის რომ წაეკითხა ლექცია. ამას აპროტესტებდნენ თავად სტუდენტებიც, მაშინ, როდესაც სწავლების მეთოდიკა ითვალისწინებს სწავლების ინტერაქციური მეთოდების გამოყენებას, თითოეული სტუდენტის ცოდნის შეფასებას. განათლების თანამედროვე სტანდარტებიდან და მეთოდებიდან, რომელიც აქტიურად იყო დანერგილი ფაკულტეტზე და ამართლებდა, ფაკულტეტის ახალმა დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ძველ არქაულ რელსებზე გადაიტანა პროცესი და ამას თანამედროვე-მოდერნისტული მეთოდი დაარქვა, არარსებული არ აპრობირებული მეთოდი. ეს გამოუცდელობაა, სამარცხვინო ექსპერიმენტები მომავალ თაობაზე და მეტი არაფერი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით გვერდში დავდგომოდით ახალ დეკანს. რა თქმა უნდა ვცდილობდით, რომ მაქსიმალური ძალისხმევა მოგვეკრიბა და ამ გაუაზრებელი მეთოდიკის დანერგვის გამო სტუდენტებიც არ დაგვეზარალებინა. ამ ყველაფრის კულმინაცია იყო 2 აკადემიური პერსონალის ასოცირებული პროფესორების, ეკონომიკის დოქტორების ქალბატონი მაია გონაშვილისა და ბატონი აკაკი ცომაიას დაბარება და განცხადება, რომ ისინი მაღალი დონის სპეციალისტები არ იყვნენ და უნივერსიტეტს აღარ სურდა მათთან თანამშრომლობა. მათ ასევე ადმინისტრაციული თანამდებობაც ეკავათ ერთი გახლდათ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და მეორე ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. და რას ვღებულობთ? ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტდა ფილოლოგებით, ბიოლოგებით, მედიცინის ხარისხისა და საერთოდ დოქტორის აკადემიური ხარისხის არ მქონე სპეციალისტებით. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად არ იცის იქ რა მოხდა და დღეს რა ხდება, თორემ ამას ძალიან დიდი რეზონანსი და გამოხმაურება მოჰყვებოდა.
არ სცადეთ თქვენი სიმართლე სასამართლოს გზით გაგერკვიათ?
ქალბატონმა მაია გონაშვილმა გადაწყვიტა კანონიერი გზით იბრძოლოს თავისი უფლებების დასაცავად და ამისათვის მან მიმართა სასამართლოს. რაშიც დიდ მხარდაჭერას ვუცხადებ.
საინტერესოა რამდენად იყო სხვა ალტერნატივა რომ არ წამოსულიყავით უნივერსიტეტიდან? ფიქრობთ რომ სწორი ნაბიჯი გადადგით ლექტორებმა?
მინდა გითხრათ, რომ სხვა ალტერნატივა არ იყო. ამ 10 თვის განმავლობაში ჩვენი გადაწყვეტილების მართებულობა კიდევ ერთხრელ დაგვანახა იმ არასწორმა კურსმა, რომელიც ფაკულტეტზე ხორციელდება და ხორციელდება. მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო facebook-ზე ლაიქების ყიდვით მიღებული დაუმსახურებელი საგამოცდო ქულის ჩუქება, დეკანის მოთხოვნა ლექტორების მიმართ, რომ საგანი არავის დაუტოვონ და ყველას შეფასება და კრედიტი დაუწერონ და რომელი ერთი? ამაზე თავად სტუდენტები საუბრობენ. სხვა წყარო მე არ მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დავადასტურო. მაგალითად, როდესაც ზოგიერთი ლექტორი სტუდენტების დასმულ კითხვებს ვერ პასუხობს, რადგან საგანს პირველად ასწავლიდნენ და ისიც 100 კაციან აუდიტროიაში და უწევდათ ჯერ თავად სწავლა საგნის და მერე სტუდენტებისთის მისი მიწოდება და ეუბნებიან რომ წიგნში წაიკითხონ და იქ უკეთესად არის ახსნილი და სხვა. სტუდენტი რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს ეუბნებიან – „არ მოგწონს? ბევრი უნივერსიტეტი და უმაღლესი სასწავლებელია, არჩევანი დიდია და გადადი!”.
ასეთ განცხადებას ჰქონდა ადგილი უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტის მიმართ? შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?
კი, დასამალი არაფერია, ასეთი დიალოგები ღიად წარიმართებოდა ხოლმე საჯარო შეხვედრების დროს და არაერთ სტუდენტთან. თავად ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი მიმართავდა ასე სტუდენტებს. ამაზე ხუმრობდნენ კიდეც სტუდენტები ერთმანეთში. თუ ვინმეს არ მოეწონებოდა რამე სთავაზობდნენ – „დატოვე უნივერსიტეტი”. ვფიქრობ ეს ხისტი და გამოუცდელი დამოკიდებულებაა სტუდენტებთან, მომავალ თაობასთან, ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან წარმატებისთვის და მეტს ითხოვენ. დიახ, მათ აქვთ უფლება მოითხოვონ და უნივერსიტეტი ვალდბეულია მათ მოუსმინოს. უნივერსიტეტი გაითვალისწინებს თუ არა ეს უკვე საქმის ვითარებიდან გამომდინარეობს. ძველ კითხვას რომ დავუბრუნდე, ასეთ სიტუაციაში უკვე ნათელია, რომ მთლიანად სასწავლო პროცესი არ არის ორიენტირებული სწავლის მიღებაზე. მე როგორც ასოციაცია „მცოდნელის – სიახლეთა კვლევის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი, რომელიც განათლების სისტების რეფორმის მხარდასაჭერად ვცდილობთ დავნერგოთ საქართველოს განათლების სისტემაში თანამედროვე, მაღალი ხარისხის, ინტერაქტიური ტიპის სწავლება და ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, ნამდვილად ვერ შევეგუებოდი დღეს ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე არსებულ სიტუაციას. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენმა გუნდმა სწორი ნაბიჯი გადადგა, ვფიქრობ ჩვენ შევძლებთ ისევ გუნდური მიდგომით დავუბრუნოთ ამ ფაკულტეტს ღირსება და სახელი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის დიდი დამსახურებაა.
არ სცადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კომპრომოსზე წამოსვლა მას შემდეგ რაც დაინახა ამდენი ლექტორი ტოვებდა უნივერსიტეტს?
როგორც ზემოთ გითხარით, ილიას უნივერსიტეტი არანაირ კომპრომისზე არ წამოსულა. მათ შეხვედრის სურვილიც კი არ გამოუთქვამთ ჩვენს გუნდთან და რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს ზაფხულის განმავლობაში ლექტორების მიერ ჩაწერილ ვიდეო ლექციებზე სადაც რექტორის განსაკუთრებული მადლობაც კი დავიმსახურეთ გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ჩვენ თურმე საერთოდ არ ვყოფილვართ ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლები, თუმცა ნოემბრამდე ეს ვიდეო ლექციები საიტზე ედოთ და ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად დროულად არ აუღიათ.
თქვენი ინფორმაციით დღეს ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკუტეტზე რა ვითარებაა? როგორ მიდის სასწავლო პროცესი?
ძალიან ძნელია ისაუბრო თუ რა ხდება კონკრეტულად დღეს ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე. ჩვენ ამჟამად საერთოდ არ გვაქვს ურთიერთობა უნივერსიტეტთან. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია თვით უნივერსიტეტიდან მიიღოს ინფორმაცია.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ფაკულტეტის ხელმძღვანელობას არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ეს განათლების სამინისტროშიც გაიგეს. ამასთან დაკავშირებით თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, შეიძლება თუ არა იყოს ეს სიმართლე, ადასტურებთ?
ის რომ ფაკულტეტის ამჟამინდელი აკადემიური პერსონალს არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, რაც წინააღმდეგობაში მოდის განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის რექტორის ოფიციალურად წარმოდგენილ წერილშიც კია მითითებული. ამის დასადასტურებლად თქვენ მარტივად შეგიძლიათ უნივერსიტეტს მიმართოთ და მოითხოვოთ მათი დიპლომების მიხედვით კვალიფიკაცია. კიდევ ერთხელ გეუბნებით არც თავად სტუდენტებმა და არც მშობლებმა არ იციან, არ მოუკითხავთ ვინ გეგმავს მათი შვილების პროფესიულ მომავალს. აქ არაფერ შუაშია ახალი კანონი.
ფიქრობთ თუ არა ან თქვენ ან თქვენი გუნდი ილიას უნივერსიტეტში დაბრუნებას?
გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ დავბრუნდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტში აკადემიურ პერსონალს ექნება აკადემიური თავისუფლება არა სიტყვით, არამედ რეალურად, თუ ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი უცებ არ გადაწყვეტს წარმატებულ აკადემიურ პროფესორებთან უმიზეზოდ ხელშეკრულების გაწყვეტას, თუ ფაკულტეტი ორიენტირებული იქნება სწავლის ხარისხზე, რეალური ცოდნის მიცემაზე და არა უბრალოდ ქულების და კრედიტების დაწერაზე. შესაბამისად, ადმინისტრაცია და სამუშაო გარემო იქნება შესატყვისი უნივერსიტეტისა, აკადემიური-საგანმანათლებლო სივრცისა. ბუნებრივია ასეთ პირობებში სიამოვნებით კვლავ გავაგრძელებთ ილიას უნივერსიტეტში საქმიანობას. დარწმუნებული ვართ დიდ წვლილსაც შევიტანთ მომავალი თაობების პროფეიულ წინსვლასა და გავითარებაში. ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს და სიმართლე საბოლოო ჯამში ყოველთვის იმარჯვებს.
წყარო: frontnews.ge